ფაჩულია: მარცხნივ კარი მყავდა, მარჯვნივ – დურანტი…

128

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი ზაზა ფაჩულია NBA-ს ფანების ესპანურენოვანი ვებ-გვერდის Nbafanclub.es სტუმარი იყო და გულშემტკივრების კითხვებს უპასუხა. ზაზამ, რომელსაც მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში 16 წელი (2003-2019) აქვს გატარებული, საკმაოდ მდიდარი კარიერიდან არაერთი საინტერესო ეპიზოდი გაიხსენა.

Nbafanclub.es: მოთამაშის კარიერიდან ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ?

ზაზა ფაჩულია: NBA-ში 16 წელი და 1 000-ზე მეტი მატჩი ვითამაშე და ძალიან ბევრი რამ მაქვს გადატანილი, თუმცა, ორ მომენტს გავიხსენებდი. პირველი 2008 წელს უკავშირდება, როდესაც პლეი ოფში გავედით. მაშინ ატლანტაში ძალიან ახალგაზრდული გუნდი გვყავდა და ბოსტონს, რომელიც მერე ჩემპიონი გახდა, მე-7 თამაშამდე ვებრძოლეთ. და რასაკვირველია, 2 საჩემპიონო ბეჭედი გოლდენ სტეტიტთან ერთად, 2017 და 2018 წლებში. სწორედ ამ ყველაფრისთვის ღირდა იმ დიდი სამუშაოს გაწევა, რაც კალათბურთელებს უწევთ.

უორიორსთან ერთად ყველაზე ტკბილად და მწარედ რა გახსენდებათ?

ფაჩულია: ის გოლდენ სტეიტი იმდენად მაგარი გუნდი იყო, რომ ცუდი მომენტები არც გვქონია. ბევრ თამაშს ვიგებდით და შესაძლოა, გარედან ისე სჩანდა, რომ ამას ძალიან იოლად ვახერხებდით, თუმცა, დამიჯერეთ, ასე არ ყოფილა. ალბათ, ყველაზე ცუდი პერიოდი ლიდერების ტრავმიანობას უკავშირდებოდა. სტეფმა რამდენიმე მატჩი გამოტოვა და გვეგონა, რომ დურანტიც გამოგვაკლდა, თუმცა, მისი დაზიანება მაინც მსუბუქი აღმოჩნდა. საუკეთესო დღეები ცხადია, ჩემპიონობას უკავშირდება.

ვინ მიგაჩნიათ საუკეთესო კალათბურთელად მათგან, ვისთან ერთადაც გითამაშიათ?

ფაჩულია: იმდენი წელი ვითამაშე, არაერთ საოცარ კალათბურთელთან ერთად მომიწია გარჯა. თავიდან ორლანდოში ჩემი პარტნიორები ტრეისი მაკგრეიდი და გრანტ ჰილი იყვნენ, შემდეგ მილუოკიში ტონი კუკოჩი მყავდა, ატლანტაში კი – ჯო ჯონსონი და ალ ჰორფორდი. მერე იყო დირკ ნივიცკი დალასში, “დიდი სამეული” გოლდენ სტეიტში და ბლეიკ გრიფინი – დეტროიტში. მათგან ვინმეს გამოყოფა გამიჭირდება. უბრალოდ, ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ბიჭების მხარდამხარ ვთამაშობდი.

2 ჩემპიონობიდან რომელი უფრო რთული იყო?

ფაჩულია: მეორე, იმიტომ, რომ როდესაც მოედანზე უკვე ჩემპიონის რანგში გადიხარ, ყველა განსაკუთრებული მოტივაციით გეთამაშება. ამასთან, ძალიან მოკლე სეზონთშორისი პერიოდი გვქონდა და გარკვეულწილად, გადაღლილებიც ვიყავით.

კარიერიას სტარტზე ზაზა ფაჩულიას თამაში ტონი კუკოჩთან ერთადაც მოუწია
კარიერიას სტარტზე ზაზა ფაჩულიას თამაში ტონი კუკოჩთან ერთადაც მოუწია

დაცვაში ყველაზე მეტად ვის წინააღმდეგ თამაში გიჭირდათ?

ფაჩულია: ამაზე ცხადი პასუხი მაქვს – შაკილ ო’ნილის. შაკის წინააღმდეგ მაშინ ვთამაშობდი, როდესაც ის ლეიკერსში საუკეთესო ფორმაში იყო, მე კი მხოლოდ 19 წლის გახლდით. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი რთული იქნებოდა კაცის გაჩერება, რომელიც თამაშში ლამის 40 ქულას აგდებდა და ფარებს ამსხვრევდა. კარგად მახსოვს, რომ მასთან თამაშის მე-2 დღეს სპორტულ დარბაზში წავედი. მაშინ კარგად გავიაზრე, რომ თუკი NBA-ში დარჩენა მსურდა, კუნთების მასა უნდა მომემატებინა. არც იაო მინი უნდა დავივიწყოთ. მისი შეჩერება სიმაღლის გამო ძალიან ჭირდა, თანაც საკმაოდ კარგი საშუალო სროლა ჰქონდა.

როდესაც NBA-ს ახალბედა კალათბურთელი იყავით, ყველაზე მეტად რომელიც მოთამაშისგან იგრძენით დახმარება?

ფაჩულია: ეს ძალიან კარგი კითხვაა. როდესაც ასეთ დონეზე პირველ ნაბიჯებნს დგამთ, ძალიან მნიშვნელოვანია გუნდში დაგხვდეთ გამოცდილი კალათბურთელი, რომელიც დაგეხმარებათ. მე გამიმართლა, რადგანაც როგორც სადებიუტო სეზონში, ასევე მერეც გვერდში ასეთი ვეტერანები მყავდა. თავიდან გრანტ ჰილი, მერე ჯუონ ჰოვარდი და ტონი კუკოჩი, რომელიც ასევე ევროპიდან იყო. მათ დიდი დახმარება გამიწიეს. ერთერთი მიზეზი, რისი წყალობითაც NBA-ში ამდენ ხანს გავძელი, ისაა, რომ საუკეთესოებისგან ბევრი რამ ვისწავლე.

სტეფ კარისგან და კევინ დურანტისგან რა ისწავლეთ? როგორები იყვნენ ისინი გასახდელში?

ფაჩულია: ეს ნამდვილად სახალისო ამბავია, რადგანაც გასახდელში ჩემს მარცხნივ სტეფი იჯდა, მარჯვნივ კი – კევინი. საოცარი სანახაობა იყო, მათ იმდენი სპორტული ფეხსაცმელი ჰქონდათ, ჩემს თაროებსაც ავსებდნენ. ისინი უბრალოდ ყველგან იყო. ერთი ამბავიც ძალიან დამამახსოვრდა. ყოველი ვარჯიშის მერე ისინი დარბაზში ორნი რჩებოდნენ და სროლაში ვარჯიშობდნენ. თავიდან ვფიქრობდი, “რატომ ვარჯიშობენ ერთად და არა ცალ-ცალკე?”. მერე მივხვდი, ისინი 50-დან 47 ან 48 ბურთს აგდებდნენ, სტეფს 50-ვეც ჩაუგდია და სწორედ ეს შეჯიბრი იყო მათთვის მოტივაციის მიმცემი. ერთმანეთის დაჯაბვნას ცდილობდნენ და ამით, კიდევ უფრო უკეთესები ხდებოდნენ. ამ ამბავმა მეც ბევრი რამ მასწავლა.

თქვენი ყველაზე მხიარული თანაგუნდელი ვინ იყო?

ფაჩულია: ორს ვიტყვი. დირკ ნოვიცკი და ჯეი ჯეი ბარეა. დირკს იუმორის ჩინებული გრძნობა ჰქონდა და შეეძლო, გასახდელში ჩინებული განწყობა შემოეტანა. გუნდში ასეთი კალათბურთელის ყოლა ძალიან მნიშვნელოვანია. ნოვიცკის დღემდე ვეკონტაქტები, ის ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია.

ხომ არ გიფიქრიათ, რომ სანამ კარიერას დაასრულებდით, ევროპაში ან სადმე სხვაგან გეთამაშათ?

ფაჩულია: როდესაც NBA-ში გამოვჩნდი, დასაოჯახებელი გახლდით, ახლა კი, მეუღლე და 4 შვილი მყავს, რომლებიც აშშ-ში გაიზარდნენ, ამდენად, მათთვის გარემოს შეცვლა ძალიან რთული იქნებოდა. სწორედ ამიტომ ამ ვარიანტზე არც კი მიფიქრია, მიუხედავად იმისა, რომ ევროპული კლუბებიდან დაინტერესება ნამდვილად იყო. ეს ჩემი ოჯახის წევრების მიმართ არასწორი საქციელი იქნებოდა, სადმე მარტო წასვლა კი არც განიხილებოდა.

ზაზა ფაჩულია კევინ დურანტი და სტეფ კარი უორიორსში NBA-ს ჩემპიონები 2-ჯერ გახდნენ
ზაზა ფაჩულია კევინ დურანტი და სტეფ კარი უორიორსში NBA-ს ჩემპიონები 2-ჯერ გახდნენ

NBA-ს მიმდინარე სეზონში ვის დაასახელებდით MVP-დ და საუკეთესო ახალბედად?

ფაჩულია: არჩევანის გაკეთება ძალიან რთულია. გულგრილი ვერ ვიქნები სტეფის მიმართ. ყოველთვის, როდესაც მგონია, რომ ის უკვე პიკზეა, ახალი რაღაცეებით მაოცებს. ამ სეზონშიც შთამბეჭდავად თამაშობს. გვერდს ვერ ავუვლი ნიკოლა იოკიჩისა და ლუკა დონჩიჩის გარჯას. მიხარია, რომ ევროპელი კალათბურთელები ასეთ დონეზე არიან. ჰარდენი, კეიდი და ლებრონი ძველებურად ბრწყინავენ, თუმცა, მათ ხელი ტრავმებმაც შეუშალა. კიდევ ერთი კალათბურთელი, რომელსაც გამოვარჩევ, ჯოელ ემბიდია. “წლის ახალბედასთან” დაკავშირებით, თითქოს, უფრო ნათელი ვითარება გვაქვს. ცუდია, რომ დაშავდა ჯეიმს ვაისმანი, რომელიც ძალიან კარგ ფორმაში იყო. ახლა, ლამელო ბოლსა და ენტონი ედვარდსს შორის უნდა ავარჩიოთ. პირადად, ედვარდსისკენ ვიხრები, რომელსაც გუნდი ხელს ვერ უწყობს, თუმცა, თავად კარგი სტატისტიკა აქვს.

თავი მწვრთნელის რანგში თუ წარმოგიდგენიათ?

ფაჩულია: მართალი გითხრათ, ამაზე არ ვფიქრობ, რადგანაც უორიორსის მენეჯმენტში საკუთარი როლით სრულიად კმაყოფილი ვარ. ეს საქმე გაცილებით მაინტერესებს, მას უკვე 2 წელია ვაკეთებ და იმედი მაქვს, რომ ასევე გაგრძელდება.

თქვენი ბავშვობის კერპი ვინ იყო?

ფაჩულია: მაიკლ ჯორდანი არა მხოლოდ ჩემი, არამედ სრულიად მსოფლიოს კერპი იყო. საქართველოში NBA-ს ძალიან მცირე დრო ეთმობოდა, თუმცა, რასაც ვუყურებდით, თითქმის ყველაფერი მასზე იყო. მოგვიანებით, როდესაც NBA-ს შესახებ გაცილებით მეტი გავიგე, უფრო მეტი ყურადღება ტიმ დანკანს მივაქციე. ის მოედანსა და მის მიღმაც გამარჯვებული იყო. ძალიან მომწონდა.

რა რჩევას მისცემდით ბავშვებს, რომლებიც კალათბურთით არიან დაკავებულნი?

ფაჩულია: ეს ჩემი საყვარელი კითხვაა. ცხადია, რომ მსოფლიო სპორტში უდიდესი კონკურენციაა და წარმატების მიღწევა ძალიან რთულია, თუმცა, უბრალოდ ის ფაქტიც, რომ ბავშვი სპორტით არის დაკავებული, ძალიან ბევრის მომცემია. ამ პერიოდში მოზარდი ეჩვება დისციპლინას, ლიდერობას, იჩენს ახალ მეგობრებს. თანამედროვე პერიოდში ბავშვები დიდ დროს უთმობენ კომპიუტერულ თამაშებს, ამის გათვალისწინებით, ცხოვრების ჯანმრთელი წესი მნიშვნელოვანია. წარმატება მალე არ მოდის, თუმცა, ჩვენ გვაქვს მესისა და კარის მაგალითებიც. ყველა ბავშვს ვურჩევდი, შრომა და განვითარება განაგრძონ.

შეგახსენებთ, რომ 36 წლის ფაჩულია 2003 წლის დრაფტზე 42-ე ნომრად აირჩიეს. NBA-ში მისი პირველი კლუბი ორლანდო მეჯიქი (2003-04) იყო, შემდეგ კი, მილუოკი ბაქსში (2004-05, 2013-15), ატლანტა ჰოუქსში (2005-13), დალას მავერიქსში (2015-16), გოლდენ სტეიტ უორიორსსა (2016-18) და დეტროიტ პისტონსშიც (2018-19) ითამაშა. ზაზა გოლდენ სტეიტის რიგებში ლიგის 2-გზის ჩემპიონია, მისი საშუალო სტატისტიკური მაჩვენებლები კი ასე გამოიყურება: 20.3 წუთი, 6.8 ქულა, 5.8 მოხსნა, 1.3 პასი.

წყარო

SHARE