თბილისის “მერანი” 2020 წლის საფეხბურთო სეზონს ქართული ფეხბურთის ელიტაში გაატარებს. ავთანდილ შენგელიას გაწვრთნილებმა უძლიერესთა შორის ასპარეზობის უფლება ეროვნული ლიგა 2-ის ბოლო გათამაშების 33-ე ტურში, “შევარდენის” ძლევის (4:0) შედეგად ფინიშამდე 3 ტურით ადრე მოიპოვეს.
ამასწინათ “ლელოში” დაიბეჭდა წერილი, რომელშიც კლუბის სპორტულმა დირექტორმა ირაკლი შენგელიამ გუნდის მოსამზადებელ გეგმებსა ილაპარაკა.
მას შემდეგ “მერანს” ერთი ისეთი ფეხბურთელი შეემატა, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლით – მიხეილ სარდალიშვილი, 27 წლის შემტევი, რომელმაც თბილისურ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. შეგახსენებთ, სარდალიშვილი ბოლოს “ჩიხურას” ღირსებას იცავდა…
ახლა გთავაზობთ ინტერვიუს “მერანის” მთავარ მწვრთნელ ავთანდილ შენგელიასთან, რომლის თქმითაც გუნდს ახალი სეზონიდან სხვა სპეციალისტი გაუძღვება:
– მე ჯერ პროლიცენზია არ ამიღია, ამიტომ, ფეხბურთის ფედერაციის რეკომენდაცია გავითვალისწინეთ და გადაწყვეტილია, რომ ახალი სეზონიდან გუნდს ოფიციალურად გიორგი დარასელია გაწვრთნის, რომელსაც ლიცენზიის პრობლემა არ აქვს.
– თქვენ გუნდში დარჩებით თუ ისევ ბავშვთა ფეხბურთს დაუბრუნდებით?
– მე და დარასელია “მერანს” ერთად გავწვრთნით, სათადარიგოთა სკამზეც ერთად ვიჯდებით…
– საინტერესოა, როგორ მოახერხეთ უსპონსორო კლუბმა, ჩვეულებრივი ბიუჯეტით, ლიგა 2-ში დიდი უპირატესობით გამარჯვება?
– მიმაჩნია, რომ საერთოდ, “მერანის” წარმატებაში ძალიან დიდი როლი ჩვენს პრეზიდენტს, ოთარ შენგელიას მიუძღვის. მას თავიდანვე სურდა, საფეხბურთო აკადემიას უმაღლეს ლიგაში გუნდი ჰყოლოდა. ოთხი წლის წინ ბავშვთა ფეხბურთში ვიყავი და მითხრა, დიდების გუნდი ჩაიბარე და დავიწყოთო. დავიწყეთ და ამ მცირე დროში ეროვნულ ლიგაში დავწინაურდით. ჩვენ იმით ვართ ბედნიერები, რომ თანამოაზრეები შევიკრიბეთ, სამწვრთნელო შტაბიც, სამედიცინო და მთელი პრესონალიც. მიმაჩნია, რომ ფეხბურთელებიც ზუსტად შევარჩიეთ. ეს არ არის გუნდი, სადაც ხელფასზე ლაპარაკობენ, “მერანი” ის გუნდია, სადაც ფეხბურთის სიყვარულით და წინსვლის იმედად გავერთიანდით. რაც მთავარია, ვცდილობდით, ფეხბურთელებთან არსებული ვალდებულება დროულად შეგვესრუბინა.
– ფეხბურთელები ახსენეთ – საკმაოდ ასაკოვანი შემადგენლობა გყავთ...
– ამ ასაკოვანი შემადგენლობით თასის მეოთხედფინალში თბილისის “დინამო” გამოვაგდეთ, ნახევარფინალში “საბურთალოსთან” კი დამატებულ დროში დავმარცხდით. მოვიწვიეთ ის ფეხბურთელები, რომლებზეც დიდი მოთხოვნადი აღარ არის, მაგრამ, ჩვენი აზრით, საფეხბურთო აზროვნებით და განათლებით გამოირჩევიან და ამ საკადრო პოლიტიკამ გაარჩია. დავით ბოლქვაძე ასაკშია, მაგრამ მას რომ თამაში ესმის და ბურთს ფლობს, ასეთი ბევრი არ მეგულება.
– ეს კონტიგენტი ეროვნულ ლიგაში საკამრისი იქნება?
– გაძლიერება გვჭირდება და ამაზე ვმუშაობთ. ყველა ეროვნული ლიგის მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს. მაგრამ ბირთვს შევინარჩუნებთ.
– რა მიზნებს ისახავთ?
– შესაძლოა, გაგიკვირდეთ, მაგრამ პროგრამა მაქსიმუმი სამეულში მოხვედრა იქნება, პროგრამა მინიმუმი კი ლიგაში ადგილის შენარჩუნება.
– სამეულში მოსახვედრად ბრძოლა კარგი შემადგენლობითაც შეიძლება ან საქართველოსთვის უჩვეულოდ კარგი ფიზიკური მომზადებით. პირველის შანსი არ ჩანს, მეორე ვარიანტია ვითომ რეალურია?
– მესმის თქვენი სკეპტიციზმი, მაგრამ მჯერა, სწორი მუშაობით ეს შესაძლებელი იქნება. პირველი ვარიანტია მაღალი სათამაშო დისციპლინა და კარგი ფიზმომზადება. ლიგა 2-შიც წარმოუდგენლად ეჩვენებოდათ, რომ პირველზე გავიდოდით, მაგრამ ამ შემადგენლობამ ეს მოახერხა. ეს იმის მიუხედავად, რომ ბევრი არ გვყავდა ფიზიკურად კარგად მომზადებული მოთამაშე. ფეხბურთში სირბილი და მოძრაობა აუცილებელია. მაგრამ ამ მოძრაობას და სირბილს ცოდნა უნდა. ჩვენ კი ვერავინ გადაგვირბინა, პირიქით კი ბევრჯერ მოხდა. გუნდი მაშინ იგებს, როცა მაღალი საფეხბურთო განათლების და თამაშის მცოდნე ფეხბურთელები ჰყავს, რომლებმაც “იციან” ბურთი და დროული და ზუსტი მოძრაობა. თამაშის აგება მხოლოდ ასეთებზე შეიძლება. სხვათა შორის, დიდ ყურადღებას ვაქცევდით მოთამაშეთა თავსებადობას – გოლები ფსიქოლოგიურად თავსებად მოთამაშეებს გააქვთ. ეს უმნიშვნელო დეტალი არ არის.
– სავარჯიშო პირობებზე რას გვეტყვით?
– “შრომით რეზერვებზე” ვვარჯიშობთ და ცხადია, ამ კუთხით ვერ დავიკვეხნით. მაგრამ “მერანი” ინტრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მუშაობს და ეს ბევრ პრობლემას მოგვიგვარებს. ამ და კიდევ სხვა საკითხში ფეხბურთის განვითარების ფონდი მნიშვნელოვან საქმეებს აკეთებს. მე სულ მიკვირს, როცა ფონდის საქმიანობას აკრიტიკებენ. რეალურად, ამ სტრუქტურის დაარსებამ ჩვენი საკლუბო ფეხბურთი გადაარჩინა. ის რომ არ ყოფილიყო, ჩემპიონატის გამართვასაც კი საფრთხე შეექმნებოდა. ამას გარდა, ბავშვთა ფეხბურთში გუნდების ტრანსპორტირებისა და ფორმების საკითხებს გვიგვარებენ. თუ ვინმეს ჰგონია, ეს პატარა საქმეა, ძალიან ცდება. კითხვას დავუბრუნდები და გეტყვით – მთავარია, კარგად მოვემზადოთ და შედეგი დავდოთ. მჯერა, გუნდი თავის სიტყვას იტყვის.
– და ბოლოს, გაოცება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ წლის გამორჩეულთა დაჯილდოებაში ლიგა 2-ის საუკეთესო მწვრთნელად არ დაგასახელეს – ტურნირის დიდი უპირატესობით მომგები “მერანის” მთავარი მწვრთნელი…
– მე ეს არ მწყენია, რადგან, როგორც ჩანს, გადაწყვეტილება ლიცენზიის არქონის გამო მიიღეს. ეტყობა, სწორედ აქედან გამომდინარე ვერ გახდა ეროვნული ლიგის საუკეთესო მწვრთნელი ჩისკო, რომლის ხელშიც თბილისის “დინამომ” ჩემპიონობა მოიპოვა.
წყარო: lelo.ge