წლების წინ, როცა თემურ ქეცბაიამ “ანორთოსისი” პირველად ჩაიბარა, ხრისტაკის კასიანოსი მისი უახლოესი თანამოაზრე და ასისტენტი იყო. მათ ერთად იმუშავეს და შედეგად ფამაგუსტის გუნდს კვიპროსსა და ევროპაში დიდი წარმატება მოუტანეს – ქვეყნის ჩემპიონობა, თასი და პირველად კვიპროსული ფეხბურთის ისტორიაში – ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპზე გასვლა.
კვიპროსულ გამოცემა “რეპორტერისთვის” მიცემულ ინტერვიუში ხრისტაკის კასიანოსმა “ანორთოსისზე”, თემურ ქეცბაიასა და გიორგი ლორიაზე ილაპარაკა.
“ახლა “ანორთოსისს” აქვს საკუთარი სტილი და სახე, რომელიც ბოლო წლებში არ ჰქონდა. გუნდში სწორედ ეს შეიცვალა. აქ იციან, რა უნდა გააკეთონ, ხოლო მოთამაშეებს ესმით, რომ მათ აქვთ სამუშაო და წინა წლების მსგავსი ანარქია აღარ არის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. ეს არის გუნდი, რომელიც ყველაზე კარგ მოთამაშეებზე “ნადირობს” და შინ თუ გარეთ წაგებას არ ეგუება. ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როგორ შეგიძლია გაიმარჯვო, სადაც არ უნდა მონაწილეობდე – ესაა “ანორთოსისი” წელს“, – ამბობს კასიანოსი.
მან “ანორთოსისის” დაცვა და მეკარე გუნდი საუკეთესოდ რგოლებად დაამარცხა: “გუნდის თამაში ფეხბურთელებზეა დამოკიდებული. უკანა ხაზის ცენტრში მცველების იდეალური წყვილი თამაშობს, ხოლო ლორია არის მეკარე, რომლისგანაც მოდის უსაფრთხოება და სტაბილურობა. ეს გუნდზე დიდ გავლენას ახდენს. თუ ამ თვისებების მქონე მეკარე გყავთ, “ზურგი” მყარია და უფრო თამამად თამაშობთ“.
კასიანოსმა უშუალოდ ქეცბაიას შესახებაც ილაპარაკა: “თემური ძალიან შრომისმოყვარეა. მის თავში მხოლოდ ფეხბურთია. მან ძალიან კარგად იცის, თუ როგორ უნდა დამუხტოს გუნდი გასახდელში, ასევე – მინდორზე. ვფიქრობ, რომ შარშან ზაფხულში მოყვანილი მოთამაშეებიც კარგად შეარჩია. ის ძალისხმევას არ იშურებს, წარმატება კი ადვილად არ მოდის“.
* * *
ოთხშაბათს “ანორთოსისმა” კონკურენტ აპოელ-თან გასვლით მატჩში (მე-5 ტურიდან გადმოტანილი) ძალიან საჭირო ქულა (0:0) აიღო და ამ ქულით ოფიციალურად მოხვდა საუკეთესო ექვსეულში. თუმცა რომელ ექვსეულზეა ლაპარაკი, როცა ქართველების გუნდი ერთპიროვნული ლიდერია და ჩემპიონობისთვის იბრძვის!..
სამწუხაროდ, თორნიკე ოქრიაშვილი გუნდს ვერც ამჯერად დაეხმარა. “ანორთოსისის” პრესსამსახურის უფროსმა, სავას პილაკუტასმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში გაირკვევა, როდის დაუბრუნდება მოედანს ქართველი შემტევი.
აპოელ-თან მატჩში ქართველებიდან ძირითადში იყვნენ გიორგი ლორია და ბუბა დაუშვილი, რომლებმაც გაფრთხილებები მიიღეს. უცნაური მიზეზის გამო განაცხადში არ ყოფილა ჯანო ანანიძე, რაკი ეს მატჩი მე-5 ტურისა იყო, ანუ მაშინდელი, როცა 27 წლის ნახევარმცველი ჯერ კიდევ “სპარტაკის” ფეხბურთელი გახლდათ…
წინა შეხვედრაში ქეცბაიამ ნიკა კაჭარავა შეცვალა, აპოელ-თან კი საერთაოდ არ ათამაშა. 51 წლის სპეციალისტმა არ დამალა, რომ თანამემამულე ფორვარდით უმაყოფილო იყო:
“არის მატჩები, როცა თამაში არ გამოგდის. ის ახალგაზრდაა, რაღაცას სწავლობს და იმედი მაქვს, შემდეგ თამაშში უკეთესი იქნება. კაჭარავას თამაშით კმაყოფილი არ ვარ”.
წყარო: lelo.ge