“ხვიჩას შემოდგომა. როგორ არის კვარაცხელიას საქმეები?” – ამ სათაურით გამოქვეყნა “სპორტბოქსმა” წერილი ყაზანის “რუბინის” ქართველ ფეხბურთელზე, რომლის ფრაგმენტებსაც ქვემოთ გთავაზობთ.
ავტორის აზრით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ კვარაცხელიას “რუბინში” ზუსტი პოზიცია ვერ შეურჩიეს. თუმცა, ამ წერილს მოსკოვის “ლოკომოტივიდან” დაკვეთილი შურისძიების აშკარა სურნელი ეტყობა...
“ზაფხულში ქართველმა ნახევარმცველმა “ლოკომოტივი” ხმაურით დატოვა, მაგრამ თავის ახალ კლუბ “რუბინში” ჯერ მთავარ როლში ვერაა. რა არის მიზეზი?
გულშემატკივრებს ცუდი მეხსიერება აქვთ, როცა საქმე მათ კლუბსა და სხვებს შორის არჩევანს ეხება. ხვიჩა კვარაცხელიას “რუბინში” გამგზავრებამ “ლოკომოტივში” დაახლოებით ასეთი ემოციები გამოიწვია – “ჩვენ გავზარდეთ და ასე შემოგვიტრიალდა”.
კვარაცხელიამ თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ყაზანში მას კონტრაქტით უფრო საიმედო პირობები შესთავაზეს და შეეცადა, ზომიერი ყოფილიყო მათთან, ვინც შეურაცხყოფა მიაყენა. პირველ წრეში თავის ყოფილ “ლოკომოტივს” გაუტანა და ორი ქულა წაართვა. არადა, შემოდგომა მოვიდა და ემოციური ქართველი შემტევის მიმართ მედიის ინტერესი თანდათან გაცივდა.
“რუბინმა” კარგად კი დაიწყო, მაგრამ მერე ტემპი შეანელა და დაიწყო წაგებები. აღმოჩნდა, რომ გუნდში კვარაცხელიას ძირითადი შემადგენლობის 100-პროცენტიან წევრად არ თვლიდნენ. ამ სეზონში ხვიჩამ მხოლოდ 2 სრული მატჩი გაატარა. არც მისი ეფექტურობა იძლევა აღმაფრთოვანების მიზეზს – 10 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა.
თუ თავიდან კვარაცხელია თავის თანამემამულეებთან (ზურიკო დავითაშვილი, ბექა მიქელთაძე) ერთად საინტერესო ჩანდა, ბოლოს ” უფასთან” მატჩში (0:0) ქართველმა მოედანზე მხოლოდ 17 წუთი გაატარა და კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა.
კვარაცხელიას წასვლა რეზონანსული იყო, მაგრამ “ლოკომოტივისთვის” საბედისწეროც არ გამხდარა. დიახ, სეზონის დაწყებამდე ნამდვილად იგრძნობოდა, რომ “ლოკომოტივს” ორ ფრონტზე “გრძელი სკამი” დასჭირდებოდა. ხვიჩაში ხალხი გარკვეულწილად გუნდის მომავალს, პერსპექტიულ ფეხბურთელს ხედავდა, რომელიც რაღაც მომენტში დაიწყებს შედეგის მოტანას…
მაგრამ კრიხოვიაკი, ბარინოვი, მირანჩუკი, ჟოაო მარიო და სმოლოვი ისე ათამაშდნენ, ბოლომდე გაურკვეველი დარჩა, რამდენ ხანს იჯდებოდა კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე. ეს ნიშნავს, რომ მისი კონტრაქტი 1+1 სისტემით (ეს არის ზუსტად ის, რაც მიუღებელი აღმოჩნდა მისთვის და მისი აგენტისთვის) სეზონის ბოლოს ვერ გახანგრძლივდებოდა. გამოდის, რომ “რუბინში” გადასვლის გადაწყვეტილება, შეიძლება, გამართლებულად ჩაითვალოს.
თუმცა, ყაზანი კვარაცხელიასთვის, რატომღაც, აღთქმული მიწა ჯერ კიდევ არ გახდა. იქნებ ადაპტაციის პრობლემაა? ხვიჩამ არაერთხელ თქვა, რომ ენატრება ოჯახი და სამშობლო, მაგრამ… “რუბინში” ჰყავს თანამემამულეები, რომელთაც კარგად შეუძლიათ, მხარი დაუჭირონ, ხოლო რუსეთში ცხოვრებას უკვე შეეჩვია.
უფრო მეტიც, პრობლემა მოედანზე მის პოზიციაშია. ხოლო “ლოკომოტივსა” და “რუბინში” ბოლომდე მაინც ვერ გაარკვიეს, კონკრეტულად რომელი იყო მისი პოზიცია – ხან გამოდიოდა როგორც მარცხენაფლანგელი, შემდეგ უკანდახეულ თავდამსხმელად ათამაშეს… ზოგადად, კვარაცხელიას თამაშის სტილი გულისხმობს უამრავ მოძრაობას, აქტიურ პრესინგს, მუდმივ სირბილს… შესაძლოა, ეს არის მიზეზი, მოთამაშე სქემიდან რომ ვარდება.
Opta-ს სტატისტიკური პროგრამის მონაცემებში წერია, რომ “რუბინისთვის” ჩავარდნილ (მაგრამ ძალზე მნიშვნელოვან) მატჩში “ზენიტის” წინააღმდეგ (0:5), ხვიჩა თითქმის ყველა პოზიციაზე აღმოჩნდა. ცხადია, ის მრავალფეროვანი მოთამაშეა, მაგრამ ეს ფაქტი მიანიშნებს, რომ კონკრეტული როლი არ იცის. შესაძლოა, სწორედ ამაშია მისი როლი, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს მისია ჩავარდა: მან ვერ დაარტყა, ბურთი ვერ ჩაჭრა… მსგავსი სურათი დაფიქსირდა “უფასთან” მატჩშიც.
იური სიომინმა თქვა, რომ ცრემლი მოადგა, როცა კვარაცხელიას “ლოკოდან” წასვლის ამბავი შეიტყო. თუმცა, დღეს ირკვევა, რომ ტირილი არ ღირდა: ნახევარმცველი “რკინიგზელებისთვის” არც ისე საჭირო იყო. საეჭვოა, მას კონკურენციისთვის გაეძლო…
მაგრამ “რუბინში” გადასვლაც ბოლომდე ვერ ამართლებს. ამასთან, აუცილებელია გუნდში არსებული ვითარების გათვალისწინება. მთელი გუნდი, რბილად რომ ვთქვათ, საუკეთესო ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არ არის.
არც ისე ადვილია მოედანზე გასვლა მაშინ, როცა შენი გუნდი მეტოქეს ვერაფრით ჯობნის. სავარაუდოდ, ბევრი ელოდა, რომ კვარაცხელია ყაზანში თავდასხმის ლიდერი გახდებოდა, მაგრამ დასკვნების გაკეთება არასდროს უნდა იჩქაროთ, როცა საქმე ახალგაზრდა ფეხბურთელს ეხება.
ჯერ კიდევ არის დრო – მთავარია, რომ მთელი “რუბინი” წარუმატებლობის ორმოში არ ჩავარდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კვარაცხელიამ გუნდში დარჩენა ისურვოს – მას ხომ ამბიციები აქვს. ვინ იცის, იქნებ მანაც რიფატ ჟემალეტდინოვის გზა გაიმეოროს, რომელმაც “ლოკომოტივი” “რუბინის” გამო დატოვა, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ იმედგაცრუებული დარჩა და მოსკოვში დაბრუნდა, როგორც თვითონ ამბობს – “სახლში”.
საინტერესოა რუსულ მედიაში გამოქვეყნებული კიდევ ერთი წერილი, რომელიც “რუბინის” ქართველებს, უფრო მეტად კი ხვიჩა კვარაცხელიას ეხება…
რუბინის მწვრთნელი ჟურნალისტებს: მხოლოდ კვარაცხელიაზე მეკითხებით, გაუფრთხილდით მას!..
ყაზანის “რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა ედუარდო დოკამპომ “უფასთან” რუსეთის პრემიერლიგის XI ტურის მატჩი (0:0) პრესკონფერენციაზე შეაჯამა და ქართველი ფეხბურთელების – ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის შესახებაც გააკეთა კომენტარი.
რადგან თემა საინტერესოა, დოკამპოს პრესკონფერენციის ამ ფრაგმენტს მთლიანად გთავაზობთ. ყაზანის “რუბინის” ესპანელი მწვრთნელის ამ ემოციური და საკმაოდ ვრცელი კომენტარიდან აშკარად ჩანს, რომ ქართველებთან დაკავშირებული მოზღვავებული ინფორმაციებითა და ყურადღებით გაღიზიანებულია:
ჟურნალისტის კითხვა ასეთი იყო: “დავითაშვილმა და კვარაცხელიამ ძირითად შემადგენლობაში ადგილი ასე უცებ რატომ დაკარგეს?”
“ზურიკო ნაკრებიდან ტრავმირებული დაგვიბრუნდა. რაც შეეხება კვარაცხელიას, მიგვაჩნია, რომ არიან სხვა მოთამაშეებიც, რომელთაც გარკვეულ მომენტებში მასზე უკეთ მუშაობა შეუძლიათ. მან რუსეთის თასზე მოსკოვში ითამაშა. ის თამაშობს, როგორც ყველა. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, ძალიან კარგი!..
თქვენ შეგიძლიათ, ის გააკრიტიკოთ, რადგან ის ახალგაზრდაა. მხოლოდ მასზე ლაპარაკობთ. მხოლოდ იმას კითხულობთ, მოედანზე როდის გავა. რა უნდა იფიქროს ადამიანმა, ვისაც მხოლოდ ეს ესმის? გინდათ, რომ მან კარგად ითამაშოს და აქ დიდხანს დარჩეს? თუ გსურთ, ხვიჩას გაყიდვიდან პროცენტი მიიღოთ? ვისურვებდი, რომ მან აქ დიდხანს ითამაშოს. რადგან ის ძალიან ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. თუ მას არ გავუფრთხილდებით, მაშინ დავკარგავთ. იმდენი “ბომბი-მოთამაშე” იყო… მერე ისინი დაიკარგნენ…
რა ხდება აქ ქართველებთან დაკავშირებით? თითქოს, ჩვენ მხოლოდ ქართველები გვყავს. ალბათ, შემდეგ სეზონისთვის 20 ქართველი უნდა შევიძინოთ და შეკითხვები აღარ იქნება. ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან პოდბერეზკინი, იგორ კონოვალოვი… არ მსურს ყველას ჩამოთვლა.
ყველა პატივისცემასა და ქებას იმსახურებს. მე თქვენთან თხოვნა მაქვს – დაეხმარეთ ამ მოთამაშეებს და როდესაც ისინი 24-25 წლისანი იქნებიან და ჩემპიონთა ლიგაში 5-ჯერ გაიმარჯვებენ, მაშინ ჩვენ ვიტყვით, რომ ისინი საუკეთესოები არიან და ჩვენ მათ გაყიდვას შევძლებთ”.
წყარო: lelo.ge