საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სექტემბერში ორი მატჩი გამართა – სამხრეთ კორეასთან ამხანაგური (2:2) და დანიასთან ოფიციალური (0:0). ვითამაშრთ ორი ფრე, მაგრამ შედეგზე მნიშვნელოვანი ის არის, თუ რა მისცა ჩვენს ეროვნულ გუნდს ამ ორმა შეხვედრამ. ახლა ამაზე მსჯელობა “ცივი” გონებით შეგვიძლია და, იმთავითვე შეიძლება ითქვას, რომ ეს არის – კონკურენცია!
ორიოდ დღის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ექსკლუზიურ ინტერვიუში გვითხრა – ნაკრების წარმატების მთავარი წინაპირობათაგან კონკურენცია მნიშვნელოვანიაო და ძნელია არ დავეთანხმოთ. მაშ ასე, როგორ იზრდება კონკურენცია ჩვენს ეროვნულ გუნდში?
მეკარეები
გიორგი მაკარიძე შესანიშნავ ფორმაშია. ვლადიმირ ვაისმა მას სამხრეთ კორეასთან შეხვედრაში ანდო კარის დაცვა. მართალია, მაკარიძემ ორი გოლი გაუშვა, მაგრამ მას ამ გოლებში პირდაპირ ვერ დავადანასაულებთ.
დანიასთან ოფიციალურ მატჩში ნაკრების კარს უკვე გიორგი ლორია იცავდა და შესანიშნავადაც ითამაშა. ლორია დღეს საქართველოს ნაკრების პირველი ნომერია, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მაკარიძეს უპრობლემოდ შეუძლია მისი ჩანაცვლება და ეს უკვე კარგია.
მცველები
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან გოლი არ გაუშვა. არადა, გუნდს აკლდნენ საბა კვირკველია და დავით ხოჭოლავა. სამაგიეროდ, ძალიან კარგი იყო გია გრიგალავა. ჩვენ ვნახეთ, რომ ორი წამყვანი მცველის გამოკლება ტრაგედია არ არის საქართველოს ნაკრებისთვის. მით უმეტეს, მომავალ შეხვედრებში ჯანმრთელი იქნება ლაშა დვალი და ამ პოზიციაზე ისიც შეიძლება გამოადგეს ნაკრებს.
დაცვის მარცხენა ფლანგზე ჩვენ ვნახეთ ჯიმი ტაბიძისა და ლევან ხარაბაძის თამაში. ორივე ეს მოთამაშე ახალგაზრდაა და კიდევ მოუმატებს. რაც შეეხება დაცვის მარჯვენა ფლანგს, ამ ეტაპზე ოთარ კაკაბაძეს, ფაქტობრივად, არ ჰყავს შემცვლელი. ეს ალბათ ორიდან ერთი პოზიციაა ნაკრებში, სადაც შედარებით ნაკლებია კონკურენცია.
ნახევარმცველები
დანიასთან შეხვედრაში საყრდენებად შესანიშნავად ითამაშეს გიორგი აბურჯანიამ და ოთარ კიტეიშვილმა. ამ პოზიციაზე კონკურენცია მართლაც ძალიან დიდია, რადგან ჩვენ გვყავს ნიკა კვეკვესკირი და გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავა.
შემტევ ნახევარმცველებში ვლადიმირ ვაისს მართლაც რომ ძალიან დიდი არჩევანი აქვს. იმ ფეხბურთელების გარდა, რომლებმაც დანიასა და კორეასთან ითამაშეს, გვყავს გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი მერებაშვილი, გიორგი ხარაიშვილი, ლუკა ზარანდია, გიორგი არაბიძე, ლევან შენგელია…
თავდამსხმელები
ცენტრფორვარდის პოზიციაზე წლებია გვიჭირს და ეს ტენდენცია ახლაც გრძელდება. გიორგი ქვილითაია კარგად შევიდა კორეასთან მატჩში და ანგარიშიც გაათანაბრა, ბევრი იმუშავა დანიასთან… ვინ გვყავს სხვა? ლევან მჭედლიძის ათამაშება ძალიან მნიშვნელოვან საქმედ მოსჩანს ეროვნული გუნდისთვის.
ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ყურადღება უნდა მიაქციოს საბერძნეთის “პანიონიოსში” მოთამაშე ბაჩანა არაბულსა და უნგრული “მეზოკოვეშდის” შემტევ ბუდუ ზივზივაძეს, რომელმაც ბოლო უქმეებზე დუბლი შეასრულა, ასევე პოლონურ “კორონაში” მოთამაშე ვატო არველაძეს. ვფიქრობთ, მეტად უნდა დაიტვირთოს ანორთოსისელი ნიკა კაჭარავა.
…ასე რომ ფეხბურთელების სიმცირეზე წუწუნი, მიუხედავად ზოგ პოზიციაზე არსებული დისბალანსისა, გამართლებულად არ მიგვაჩნია.
წყარო: lelo.ge