არჩილ არველაძე: ერთი წუთით წარმოვიდგინოთ თავი ვაისის ადგილას…

476

კორეასთან ამხანაგური და დანიასთან შესარჩევი მატჩის წინ “ლელომ” აზრი ჰკითხა საქართველოს ნაკრების ყოფილ შემტევ არჩილ არველაძეს, რომელიც ახლა უზბეკური ფეხბურთის გრანდ “ფახთაქორში” ტყუპისცალ შოთას ეხმარება და აზიურ ფეხბურთს კარგად იცნობს

– როგორია თქვენი მოლოდინი ამ ორი მატჩის წინ?
– კორეით დავიწყებ. რა თქმა უნდა, იოლი თამაში არ იქნება. კორეელებს ძალიან კარგი და ორგანიზებული ნაკრები ჰყავთ, სადაც ბოლომდეა დაცული სათამაშო დისციპლინა. მათი თამაშები ადრე გვინახავს დიდ ტურნირებზე, აზიაში ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრებია. მეც ვაკვირდები იქაური ფეხბურთის განვითარებას. უზბეკეთში მუშაობისას ეს აუცილებელიცაა, რადგან იქაურ კლუბებთან გვაქვს შეხება…

დანიაზე რაღა ვთქვა… ყველამ ვიცით, ძალიან ძლიერი და სტაბილური ნაკრებია. ორი აზრი არ არის, დანია მოსაგებად ითამაშებს თბილისში. მას პირველი ადგილის დაკავება უნდა ჯგუფში. კი ბატონო, ჩვენ შეიძლება აღარ გვაქვს შანსი ამ შესარჩევიდან გასვლის, მაგრამ შინ ვთამაშობთ და შედარებით იოლი თამაშიც იქნება, ვიდრე იყო დანიაში.

– ხომ არ მიიჩნევთ, რომ რადგან ამ ჯგუფში შანსი აღარ გვაქვს, უპრიანი იქნებოდა, კორეასა და დანიასთან შეხვედრებში მეტ ახალგაზრდა ფეხბურთელს მისცემოდა თავის გამოჩენის შანსი?
– არა, კატეგორიულად არ ვფიქრობ ასე. ეს საქართველოს ნაკრებია და ყველა შეხვედრის შედეგი ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი წამით წარმოვიდგინოთ თავი ვლადიმირ ვაისის ადგილას – რომ წააგოს დიდი ანგარიშით, ჩვენ ხომ არ ვაგებთ პასუხს? პასუხს აგებს მთავარი მწვრთნელი. ეს უნდა გვახსოვდეს და უნდა გავუგოთ მთავარ მწვრთნელს.

– და მაინც, ველოდით, რომ გიორგი ხარაიშვილი იქნებოდა სანაკრებო სიაში
– მესმის, მაგრამ… იცით, ცოტა ისეთი თემაა… ვთქვათ, ამ ეტაპზე ვაისმა არჩია, რომ დაყრდნობოდა ოქრიაშვილსა და ანანიძეს. ხარაიშვილი ახალგაზრდა ფეხბურთელია. თან, ისეთი ფეხბურთელი არ არის, რომ ერთი თამაში ჩაატაროს სტაბილურად და მორჩა. მისი და სხვა ახალგაზრდების დრო აუცილებლად მოვა დღეს თუ ხვალ. ეს ეხება სხვა ახალგაზრდებსაც… მაგალითად, ლუკა ზარანდიას… სხვებს…

– ვატო არველაძის კარიერაში ხომ არ უნდა ველოდოთ საინტერესო სიახლეს?
– ამ სეზონის წინ იყო შეთავაზებები, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ კიდევ დარჩენილიყო “კორონაში”. ვფიქრობ, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. ეგაა, ახლა ვატოს მთავარი მწვრთნელი მოუხსნეს…

– ჯინო ლეტიერის ქართველი თანაშემწეები – ვახტანგ იაგორაშვილი და მიხეილ საჯაიაც ხომ არ დატოვებენ თანამდებობებს?
– ალბათ, მათაც მოუწევთ წამოსვლა. ზუსტად არ ვიცი… მაგრამ ეს ჩვეულებრივი მომენტია – ახალ მწვრთნელს თითქმის ყოველთვის მოჰყავს თავისი თანაშემწეები…

– დაბოლოს, “ფახთაქორზეც” გვითხარით ორი სიტყვით
– 15 ქულით ვუსწრებთ მეორეადგილოსანს! უზბეკეთში ორი თასი თამაშდება და ორივეს ნახევარფინალში ვართ. გარდა ამისა, დიდი ძვრებია აკადემიაში. ჩამოვიდა ორი უმაღლესი ხარისხის საფარი, რომელსაც ცნობილი ქართველი სპეციალისტი გია ხარძიანი დააგებს…

წყარო: lelo.ge
SHARE