არჩილ არველაძე: თერთმეტსაათიანი მოლაპარაკების ბოლოს შოთიმ გამზადებულ კონტრაქტს არ მოაწერა ხელი, ვერ დამტოვა მარტო!..

678

ერთ-ერთი უსაყვარლესი ფეხბურთელია იმ 90-ანებიდან, როცა კარგი ფეხბურთელები სანთლად საძებარნი ნამდვილად არ იყვნენ. რომ არა მოჭარბებული ტრავმები…

რაც ითამაშა, მართლა ლამაზად და გემრიელად ითამაშა. ცხადია, გასახსენებელიც ბევრი აქვს

სოხუმი, ტაშკენტი…

– როდიდან დაუკავშირდა თქვენი ცხოვრება ფეხბურთს?

– რეზი ჩვენზე უფროსია და მისი გავლენა ძალიან დიდი იყო. გარდა ამისა, ჩვენი ოჯახი ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია. ყველაზე ადრეული ასაკიდან, რაც ფეხბურთთან დაკავშირებით მახსენდება, ის არის, რომ პატარობისას მივდიოდით “კიროვის ბაღში” და რეზის ვარჯიშებს ვუყურებდით.

– პირველ ნაბიჯებს როგორ იხსენებთ?

– ეს იყო საფეხბურთო სკოლა “ავაზა” და პირველი მწვრთნელი – ოთარ გიგოლაშვილი. ეს სკოლა ჩვენი ფეხბურთის ლეგენდის, მიხეილ მესხის სახელთან იყო ასოცირებული და ამ სახელის მიმართ, ისევე, როგორც ჩვენი ფეხბურთის სხვა დიდი სახელების მიმართ, იმთავითვე უდიდესი პატივისცემა გვქონდა.

– ბავშვობაში ისეთი ტიტული თუ მოგიგიათ, განსაკუთრებით რომ დაგამახსოვრდათ?

– კი, სიამოვნებით გავიხსენებ. 1985 წელს სოხუმში საქართველოს სპარტაკიადა მოვიგეთ. იმ გუნდში მე და შოთი ერთად ვთამაშობდით. ფინალი სოხუმის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა… კარგად მახსენდება 35-ე სკოლაში გადასვლის შემდეგ ტაშკენტში მოგებული საერთაშორისო ტურნირი… სხვათა შორის, ეს ტურნირი მეოცედ ტარდებოდა და წინა 19 შემთხვევაში მასპინძლებს ჰქონდათ მოგებული… ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი ნიკო დოლიძე იყო. უფრო ნაკრები ვიყავით, ვიდრე ერთი რომელიმე გუნდი. ჩვენთან ერთად იყვნენ გიო ქინქლაძე, დათო ჯანელიძე, გელა ქორიძე, გიო ღუდუშაური, გურამ ასპინძელაშვილი… საერთოდ, მინდა, ყველა ის მწვრთნელი გავიხსენო და მადლობა ვუთხრა, ვინც ჩვენს საფეხბურთო ზრდას შეუწყო ხელი – ოთარ გიგოლაშვილი, ვილი გოგიჩაიშვილი… 35-ე საფეხბურთო სკოლაში რომ გადავედით, დირექტორი იყო შესანიშნავი ადამიანი ანდრო თურქია, დაგვხვდნენ დიდებული მწვრთნელები – ნიკო დოლიძე, ოთარ შენგელია, დათო ჩახავა… მინდა გავიხსენო ჯემალ ჩიმაკაძე, ვინც ასევე უდიდესი ამაგი დაგვდო. არ მინდა, ვინმე გამომრჩეს…

ასე ასრულდა ოცნება!..

– რა თქმა უნდა, თქვენი ოცნებაც თბილისის “დინამოში” თამაში იყო

– ჩვენ ის თაობა ვართ, ვისთვისაც “დინამო” სხვა ღირებულებაა! დუბლებში თამაშზე ვოცნებობდით. საქართველო საბჭოთა კავშირს რომ გამოეყო, განათლების სამინისტროს ინიციატივით გაკეთდა გუნდი “მართვე”, რომელიც ეროვნული ჩემპიონატის დაბალ ლიგაში ჩაება. ამ გუნდში თითქმის ყველა იმ ფეხბურთელმა მოიყარა თავი, ვინც ჩვენთან ერთად მოდიოდა ასაკობრივ გუნდებში. თბილისის “დინამოს” მაშინ დავით ყიფიანი და რევაზ ძოძუაშვილი წვრთნიდნენ. მათ კარგად იცოდნენ ჩვენზე… მოკლედ, მოვხვდით მე და შოთი “დინამოში”. რა გუნდი იყო მაშინ, ყველას ახსოვს. მხოლოდ გია გურული და კახა ცხადაძე იყვნენ წასულები საზღვარგარეთ, იქ დაგვხვდნენ კახა კაჭარავა, გოჩა ჩიქოვანი, თემურ ქეცბაია… ასე ასრულდა ჩვენი ოცნება!..

– თქვენ ქართული ფეხბურთის ისტორიაში ჩაეწერეთ – პირველი გასვლა ევროარენაზე, “ლინფილდთან” გამარჯვება, მაგრამ… მოულოდნელი შოკი

– საკუთარ თავზე გადაჭარბებული წარმოდგენა არასოდეს მქონია, მაგრამ პირდაპირ უნდა გითხრათ – ვამაყობ ამით! წლების მერე, როცა ისტორია გაიხსენებს იმ ბიჭების გვარებს, მათ შორის ჩვენც ვიქნებით. დიახ, ვამაყობ, რომ იმ თაობის წარმომადგენელი ვარ… მინდა გადმოგცეთ ის მოლოდინი, რაც ამ თამაშს უძღოდა წინ, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ შევძლებ, რაღაცას დავაკლებ… თამაშის წინა ღამეს წამითაც არ გვძინებია. მაშინ თამაშის დღეს ძილი არ იყო მიღებული,

მაგრამ მთელი ღამის უძილობამ იმოქმედა და ჩაგვეძინა… ეს იყო ყველაზე ემოციური მატჩი ჩემს კარიერაში. სტადიონზე რა ხდებოდა, რთულია ამის წარმოდგენა. მაგრად ვაჯობეთ “ლინფილდს”, არადა, ამ გუნდზე პრაქტიკულად არაფერი ვიცოდით. მინიმალური ანგარიშით მოვიგეთ, მაგრამ უფრო სოლიდური სხვაობა უნდა ყოფილიყო. შოთიმაც გაიტანა… საპასუხო შეხვედრაშიც კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მოსაგები თამაში ვერ მოვიგეთ. გავედით შემდეგ ეტაპზე და გახარებულები ვართ ყველანი ძალიან… შევდივართ გასახდელში და… ხელმძღვანელობას სახეზე ეტყობა, რომ რაღაც ისე ვერ არის… მოკლედ, იცით, რომ ევროთასებიდან მოგვხსნეს. ეს იყო ნამდვილი შოკი!.. სიტყვებით ვერ გადმოგცემთ ჩვენს მაშინდელ მდგომარეობას…

როგორ ჩაიშალა დეპორტივო და რეინჯერსი…

– თქვენს კარიერაში “ტრაბზონსფორს” გამორჩეული ადგილი უკავია

– საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ვითამაშეთ ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში პირველი შესარჩევი მატჩი მოლდოვასთან. ვიცი, მივუბრუნდებით ამ თემას, მაგრამ ახლა სხვა კუთხით უნდა ვახსენო ეს თამაში. მატჩს თურქი არბიტრი ერმან თოროღლუ სჯიდა. ნახა საქართველოს ნაკრების თამაში, რომლის ძირითადი ბირთვი იყო “დინამო”, ჩავიდა თურქეთში და თქვა – ევროპიდან რომ მოგვყავს ძვირად ფეხბურთელები, აგერ, ყურის ძირში, თბილისის “დინამოს” ჰყავს დიდებული გუნდიო… და მოლდოვასთან მატჩის შემდეგ “ტრაბზონსფორმა” შეკრებაზე დაგვპატიჟა. რა მდგომარეობა იყო მაშინ, ყველამ ვიცით – ავტობუსით წავედით და ძლივს ჩავაღწიეთ ტრაბზონამდე. ორჯერ ვეთამაშეთ ამხანაგურად “ტრაბზონსფორს” და ორივე მოვუგეთ. ანგარიშებს ნუ მკითხავთ, ზუსტად აღარც მახსოვს…

მოკლედ, ხუთი დღე გავჩერდით იქ. თავიდან ისე იყო, რომ შოთი და რეზი უნდა დარჩენილიყვნენ. რეზიმ თავი მოიკლა – შანსი არ არის, ტყუპები ერთმანეთს ვერ დაშორდებიანო. ჰოდა, დავრჩით მე და შოთი. მართლაც ნაყოფიერი პერიოდი იყო “ტრაბზონსფორში”. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენმა იქ ყოფნამ უბრალო თურქ ხალხს საქართველო გააცნო. სტადიონზე ხომ ძირითადად უბრალო ხალხი დადის… ნახევარი თურქეთი მაინც გვცნობდა. “შოთა-აჩის” რომ იტყოდა ქართველი თურქეთში, დამთავრებული იყო…

– ეს მეც გამომიცდია საკუთარ თავზე… ახლა “დეპორტივოში” ჩაშლილი ტრანსფერი გავიხსენოთ

– მარტო “დეპორტივოში”? თითქმის გადასული ვიყავი “რეინჯერსში” და ეს იყო პირველი ჰოლანდიური სეზონის შემდეგ. თან “რეინჯერსში” მივიდა მწვრთნელი, რომელიც კარგად მიცნობდა თურქეთიდან და ჰოლანდიიდან. გუნდს ძალიან სჭირდებოდა ფლანგის მოთამაშე. 8 მილიონი ფუნტი მოითხოვა ჩემში “ბრედამ”. ბრიტანული პრესა ბევრს წერდა ჩემს ტრანსფერზე. მაშინ დეიდაჩემი იყო იქ და მირეკავდა კიდეც – ჩამოსული ხარ უკვე, თუ რა ხდებაო?!. მაგრამ კლუბები ვერ შეთანხმდნენ. “რეინჯერსს” 4,5 მილიონზე მეტის გადახდა არ შეეძლო. ჩემი ვარიანტი რომ არ გამოვიდა, მერე აიყვანეს კანჩელსკისი… რაც შეეხება “დეპორტივოს” ამბავს, მართლა მაგრად ვითამაშეთ შოთიმ და მე უეფას თასზე ამ გუნდის წინააღმდეგ. ტრავმა მქონდა მაშინ. 11 საათი ვიყავით მოლაპარაკებაზე და ბოლოს შოთიმ გამზადებულ კონტრაქტს არ მოაწერა ხელი, ვერ დამტოვა მარტო.

ეს იყო მტკივნეული დაშორება…

– მაგრამ შოთას მაინც დაშორდით და ეს ძალიან მტკივნეული იყო. თქვენ “ბრედაში” გააგრძელეთ კარიერა, მან კი – “აიაქსში”…

– სხვათა შორის, მანამდე ძალიან რეალური იყო პსვ-ის ვარიანტი. ბოლოს არ გამოვიდა ეს ტრანსფერი. შოთი მივიდა “აიაქსში” და კახა ცხადაძის მერე გახდა მეორე ქართველი, ვინც ევროპულ გრანდში ჩაირიცხა. კახას მაშინდელი გუნდი, ფრანკფურტის “აინტრახტი”, ნამდვილი გრანდი იყო. მე “ბრედაში” დამიძახა მთავარმა მწვრთნელმა ნოიმანმა, ვინც ადრე “ისთანბულში” მუშაობდა. რომ შევაჯამოთ ჩემპიონატი და თასი, “ბრედაში” დაახლოებით 60 გოლი მაქვს გატანილი. იქ გატარებული პერიოდი ჩემთვის იმით არის გამორჩეული, რომ ტრავმის გარეშე ვითამაშე. სამწუხაროდ, სხვა გუნდებში ასე არ იყო…

– “კიოლნის” პერიოდს როგორ გაიხსენებდით?..

– შეიძლებოდა, “გლადბახშიც” გადავსულიყავი და მართალი გითხრათ, უფრო ამ გუნდისკენ მიმიწევდა გული. გავაჭიანურე კიდეც “კიოლნთან” კონტრაქტის გაფორმება, მაგრამ… საბოლოოდ, “გლადბახის” ვარიანტი არ გამოვიდა და “კიოლნში” წავედი. არადა, მაშინ შოთი “აიაქსში” იყო და “გლადბახში” რომ წავსულიყავი, მისგან ნახევარი საათის სავალზე ვიქნებოდი… “კიოლნში” პირველ სეზონში 26 მატჩი ვითამაშე და 9 გოლი შევაგდე.

მთლიანობაში, კარგი სეზონი იყო, თუმცა მე არ ვიყავი კმაყოფილი. ადრე, სეზონში 15 გოლზე ნაკლები არასოდეს გამიტანია. მეორე მხრივ, ამას ახსნაც ჰქონდა – გერმანული ფეხბურთის თავისებურებიდან გამომდინარე, აუცილებლად დაცვაშიც უნდა გემუშავა.

რომ არა ტრავმები…

– მერე იყო ტრავმა, რომელმაც განაპირობა კიდეც თქვენი ნაადრევად წასვლა აქტიური ფეხბურთიდან

– სეზონი დაიწყო და ეგრევე ტრავმა მივიღე. “კიოლნიდან” რომ წამოვედი, “არმინიასთან” პრაქტიკულად გაფორმებული მქონდა კონტრაქტი. ვიფიქრე, მეორე ბუნდესლიგაში აღვიდგენ ფორმას-მეთქი. არ მიწუწუნია პირობებზე და… ისე გართულდა ტრავმა, კოჭლობა შემეტყო. ცოტა ხანს ვამბობდი კიდეც – არაფერია, აქილევსის მყესი მტკივა-მეთქი, მაგრამ მერე აღარ შეიძლებოდა მეტის გაძლება. შოთიმ მითხრა, ხომ არ დასახიჩრდებიო და… 29 წლისამ დავასრულე კარიერა. რომ არ გართულებულიყო ტრავმა, თუ გერმანიაში არა, ჰოლანდიაში მაინც ვითამაშებდი, ან სულაც კვიპროსში, სადაც ისეთი კლიმატია, ჩემს ტრავმას რომ უხდება…

– ბევრისგან მსმენია: რომ არა ტრავმები, აჩი არველაძე გაცილებით დიდ ფეხბურთს ითამაშებდაო

– გიო ქინქლაძე და შოთი ამბობენ, ტრავმა რომ არა, გვაჯობებდიო… ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. მართლა მეტი შემეძლო, თუმცა უკმაყოფილო ვერ ვიქნები ჩემი კარიერით, მაგრამ როგორ გინდა დაივიწყო, რომ სულ 12 წელიწადი ვითამაშე ფეხბურთი და აქედან 4 წელიწადი ყავარჯნებით გავატარე…

– დროა, ეროვნულ ნაკრებზეც გადავიდეთ. საქართველოს უმთავრეს გუნდშიც არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ითამაშეთ

– …სულ 38 თამაში. ჩემი თაობის ბიჭებთან ერთად ვარ უზომოდ ბედნიერი, რომ პირველებს სწორედ ჩვენ გვერგო საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის ღირსების დაცვა. დღესაც დიდი სიყვარულით ვიხსენებ იმ ღამეებს, სანთლის შუქზე ერთად რომ ვატარებდით ბაზაზე… მართლა ერთი ოჯახი ვიყავით, მოუთმენლად ველოდით შეკრებებზე ჩამოსვლას. რა დამავიწყებს, კახა ცხადაძე რომ ჩამოდიოდა ნაირ-ნაირი საჩუქრებით დახუნძლული… მაშინ ჩვენ ჯერ კიდევ საქართველოში ვთამაშობდით. მერე ჩვენც წავედით და ვცდილობდით, სხვები გაგვეხარებინა.

– გამორჩეული მატჩები?

– თბილისში იტალიასთან, უელსთან ორივე მატჩი, რა თქმა უნდა, ბულგარეთთან თბილისური შეხვედრა… რა ვიცი, რომელი ერთი მოვიგონო… რა თქმა უნდა, ვერ ვივიწყებ მოლდოვასთან წაგებულ შეხვედრას… ის პერიოდია, შოთა “ქასიმფაშას” რომ წვრთნის. შევედი მასთან და ვიღაცას ესაუბრება. ვხედავ, ახალგაზრდა კაცია და ძალიან ჰგავს იან რაშს. კი ვამსგავსებ, მაგრამ რას ვიფიქრებ, თუ რაშის შვილია? ამ დროს, შოთი მეუბნება – ეს იან რაშის შვილიაო. ვისაუბრეთ უელსთან თამაშზე. გვითხრა, მამა საქართველოდან რომ ჩამოვიდა, შოკში იყოო. ამბობდა, 19 წლის ბავშვებმა გადაგვიარეს, ოღონდ, არ ვიცი, ეს როგორ მოხდაო? დიდი ფეხბურთელი იყო რაში, უელსს სხვა ვარსკვლავებიც ჰყავდა…

– და მაინც, რატომ ვერ ითამაშა თქვენმა თაობამ რომელიმე დიდ ტურნირზე?

– ეს ძალიან დიდი ტვირთია ჩემი და, ზოგადად, ჩემი თაობისთვის. რა თქმა უნდა, იყო მიზეზები… მინდა, წარმატება ვუსურვო საქართველოს ნაკრებს. დაე, მათ მიაღწიონ იმას, რასაც ჩვენ ვერ მივაღწიეთ…

წყარო: lelo.ge

SHARE