(video) აქამდე უცნობი დეტალები – როგორ მიმდინარეობდა ოპერაცია „გიორგი წიტაიშვილი“…

449

კიევის “დინამოს” გარემარბმა, გიორგი წიტაიშვილმა, რომელიც ახლა პოლტავს “ვორსკლაში” იჯარით თამაშობს, გადაწყვიტა საერთაშორისო დონეზე საქართველოს ნაკრებში ითამაშოს, – უკრაინელმა ჟურნალისტის, იგორ ციგანიკის მიერ გავრცელებულმა ამ ინფორმაციამ დიდი რეზონანსი გამოიწვია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, უკრაინაშიც

გიორგი წიტაიშვილი ისრაელში დაიბადა, ცხოვრობდა კვიპროსში, მაგრამ კიევის “დინამოს” საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. თამაშობდა უკრაინის 17, 18 და 19-წლამდელთა, ასევე, ახალგაზრდულ ნაკრებში. 2019 წელს ის უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონიც გახდა, სამხრეთ კორეასთან ფინალურ მატჩში კი გოლიც გაიტანა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედაც აღიარეს…

მამამისი, კობა (კლიმენტი) წიტაიშვილი, საქართველის ნაკრების, თბილისის “დინამოსა” და ფამაგუსტის “ანორთოსისის” თავდამსხმელი იყო. დედა, ლელა კვარაცხელია, ცნობილი ქართველი არბიტრის, სერგო კვარაცხელიას ძმიშვილია.

ერთი საინტერესო დეტალიც – ტატუს მოყვარულ გიორგი წიტაიშვილს ხელზე ქართული ბორჯღალი აქვს გამოსახული…

ბაბუის სურვილი?

“გიორგი წიტაიშვილმა გადაწყვიტა, მომავალში საქართველოს საფეხბურთო მოქალაქეობა მიიღოს და საქართველოს ნაკრებში ითამაშოს. ეს არის გიორგი წიტაიშვილის პოზიცია. მაგრამ ვითარება საკმაოდ რთულია და ოჯახს უკავშირდება. ფაქტია, რომ სულ რამდენიმე თვის წინ გიორგის ბაბუა გარდაეცვალა, რომელიც მას ძალიან უყვარდა. როც წიტაიშვილი საქართველოში დაკრძალვაზე ჩავიდა, ახლობლებმა უთხრეს, რომ ბაბუს იყო, გიორგი საქართველოს ნაკრებში ეთამაშა და ახლა ის აპირებს, რომ ამ ნაკრების ღირსება დაიცვას. რამდენადაც მესმის, მოლაპარაკებები კიდევ იქნება, მაგრამ ამ დროისთვის ასეთი ინფორმაციაა”, – წერს ჟურნალისტი.

უკრაინელმა ჟურნალისტმა იგორ ციგანიკის მტკიცებით, წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაში ბაბუის, ბორის კვარაცხელიას თხოვნით გადაწყვიტა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ახლობლების თხოვნას დაყვა.

გიორგის ბაბუა, ბორის კვარაცხელია (მსაჯის, სერგო კვარაცხელიას ძმა), სულ ახლახან, იანვარში გარდაიცვალა. მას მართლაც ძალიან სურდა, რომ გიორგის საქართველოს ნაკრების სახელით ეთამაშა, მაგრამ… უკრაინელი ჟურნალისტის ინფორმაციაში არასწორადაა მითითებული, თითქოს, 20 წლის ფეხბურთელმა გადაწყვეტილება ბაბუის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ემოციურ ფონზე მიიღო. სინამდვილეში, კოვიდშეზღუდვების გამო, გიორგი დაკრძალვაზე ვერც ჩამომივიდა, რადგან ამ დროს თურქულ შეკრებაზე იმყოფებოდა…

საქართველოს სახელით თამაში, უპირველეს ყოვლისა, თავად მისი სურვილი იყო და ამ სურვილის რეალიზაცია სწრაფი ტემპით მოხერხდა. გიორგის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან დაახლოებით ერთი თვის წინ დაუკავშირდნენ და ოფიციალური წერილით მიმართეს, რომ მისი ეროვნულ ნაკრებში გამოძახება სურდათ. ეს გიორგისთვის საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ არჩევანზე აღარც დაფიქრებულიყო…

წიტაიშვილმა კომენტარი არ ისურვა

იგორ ციგანიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე წიტაიშვილმა კომენტარი თან გააკეთა და… თან არც გააკეთა – საფეხბურთო მოქალაქეობის შესახებ დასმულ კითხვაზე მას უარყოფითი პასუხი არ გაუცია, მაგრამ დაკონკრეტება არ ისურვა და თემის თავიდან ასარიდებლად… უკრაინაში მოედნის ხარისხზე ილაპარაკა…

“ჯერჯერობით, ამ თემაზე არც ლაპარაკი შემიძლია და უფლებაც არ მაქვს. როც კონკრეტიკა იქნება, მაშინ ყველაფერი ნათელი გახდება. ახლა “ვორსკლას” თამაშებზე ვარ კონცენტრირებული. ამ გუნდში თავს შესანიშნავად ვგრძნობ, რადგან მოთამაშეებმა და მთავარმა მწვრთნელმა კარგად მიმიღეს. სტაბილურობის მიღწევა და მუდმივი სათამაშო პრაქტიკა მსურს. ასევე, მინდა თავი გამოვიჩინო, რომ კიევის “დინამოში” დავბრუნდე. ვფიქრობ, “ვორსკლას” ევროპულ ტურნირზე გასვლა შეუძლია. ახლა ყველაზე დიდი პრობლემა მინდვრები და ამინდია. არ ველოდი, რომ მატჩები არ გაუქმდებოდა და ისეთ მოედნებზე ვითამაშებით, რომლიც სეზონისთვის აშკარად მოუმზადებელია. ვფიქრობ, ეს ხელს გვიშლის ფეხბურთელებს იმაში, ჩვენი შესაძლებლობები 100 პროცენტით ვაჩვენოთ. გარდა ამისა, ტრავმის რისკი გაიზარდა, განსაკუთრებით – ეროვნული ნაკრების მოთამაშეებისთვის“, – განაცხადა წიტაიშვილმა.

რეალურად, მან თავის არჩევანზე გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა, რადგან ადრე ამ საკითხზე მკაფიოდ აცხადება, რომ უკრაინის სახელით სურდა თამაში. ახლა მსგავსი არაფერი უთქვამს.

ქართულ პასპორტზე განაცხადი შევსებულია

უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რუსლან როტანი გიორგის დაუკავშირდა და ჰკითხა – უნდა ჰქონოდა თუ არა 2021 წლის თამაშებში მისი იმედი. საქმე ისაა, რომ წიტაიშვილი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო და მას მერე, რაც მისი მეგობარი დმიტრი პოპოვი უკრაინის ეროვნულ ნაკრებში გადაიყვანეს, გიორგი ახალგაზრდული ნაკრების კაპიტნად მოიაზრებოდა…

მან როტანს უთხრა, რომ გადაწყვეტილება მიიღო და საქართველოს სახელით ითამაშებდა. შემდეგ ეს კიევის “დინამოს” პრეზიდენტ იგორ სურკისს აცნობა, რომელმაც მის აღზრდაში პირადად შეიტანა დიდი წვლილი. სურკისმა ახალგაზრდა ქართველს წარმატება უსურვა. ეს დაახლოებით 10 დღის წინ მოხდა…

მერე დაიწყო საფეხბურთო მოქალაქეობის შესაცვლელად აუცილებელი პროცედურა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გიორგი წიტაიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით მიმართა, ხოლო თავად ფეხბურთელმა 4 დღის წინ საამისოდ საჭირო ყველა პროცედურა “ონლაინ” რეჟიმში გაიარა და დღე-დღეზე საქართველოს პასპორტს ელოდება.

ფაქტია, ამ საკითხზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კარგად იმუშავა და წიტაიშვილის საკითხი ისეთ დროს გადაწყვიტა, როცა ეს ყველაზე დროული იყო – წიტაიშვილს ხომ უკრაინის ნაკრების მომავლად თვლიდნენ…

ეს ნაბიჯი გასაკვირი არ არის ფეხბურთელისგან, რომლის მამაც საქართველოს ნაკრების, ზუგდიდის “ოდიშის”, თბილისის “შევარდენისა” და თბილისის “დინამოს” თავდამსხმელი იყო. შემდეგ კობა წიტაიშვილი თემურ ქეცბაიასთან ფამაგუსტის “ანორთოსისშიც” თამაშობდა. ის დიდი ტალანტი იყო, მაგრამ… სამწუხაროდ, მისი სრული რეალიზაცია ვერ მოახერხა…

გიორგი კვიპროსში ქართველების წრეში იზრდებოდა. იმ დროს მამამისი “ანორთოსისში” გიორგი ქინქლაძის გვერდით თამაშობდა. ის ბავშვობიდან “ქინქის” დიდი გულშემატკივარიც გახლდათ…

კიევის “დინამოდან” იჯარით წასვლა მან თავად ისურვა სათამაშო პრაქტიკის მიზნით. ის ვიტორ ციგანკოვის პოზიციის მოთამაშეა, უკრაინის ნაკრების ახალგაზრდა შემტევს კი კიეველები ძირითადი შემადგენლობიდან არ ამოაგდებდნენ. კიეველებს “მილანში” სურდათ მისი გაყიდვა, მაგრამ იტალიელებისთვის “დინამოს” მიერ მოთხოვნილი 35 მილიონი ევრო მიუღებელი აღმოჩნდა და მოლაპარაკებები ჩაიშალა.

არადა, დიდი ხანი არ არის, რაც კიეველებმა მასთან კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივეს. გიორგის ევროპაში თამაში სურდა – მას იტალიის სერია A-ს გუნდი იწვევდა, მაგრამ “დინამომ” მისი შორს გაშვება არ ისურვა და დროებით პოლტავის “ვორსკლას” დაუთმო.

მოკლედ, 2021 წელი ნაკრებისთვის შესანიშნავი ამბებით დაიწყო. იმედია, მალე ოფიციალურად გამოცხადდება გიორგი მიქაუტაძის ამბავიც – უცხოეთში გაზრდილმა ორმა უნიჭიერესმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა საქართველოს სახელით თამაში გადაწყვიტა.

სამწუხაროდ, მოსკოვის ცსკა-ს ნახევარმცველმა კონსტანტინე მარადიშვილმა ამაზე უარი თქვა, თუმცა უახლოესი მომავლისთვის საინტერესო სანაკრებო პერსპექტივა იკვეთება – მიქაუტაძე და წიტაიშვილი, პლუს არსებული კონტიგენტი უფრო მეტს იმედს აღვივებს, ვიდრე ამ ორი ტალანტის გარეშე გვქონდა!..

წყარო: lelo.ge

SHARE