ხვალ, თბილისის დროით 04:30 საათზე კოპა ამერიკას 1/2 ფინალის ფარგლებში გაიმართება სანაკრებო ელ კლასიკო: ბრაზილია – არგენტინა. გადავავლოთ თვალი გუნდების მდგომარეობას და მოვემზადოთ ლეგენდად ქცეული დაპირისპირებისთვის.
განვლილი გზა
“სელესაომ” 1/2 ფინალამდე “ალბისელესტესთან” შედარებით უფრო ნაკლებად პრობლემურად მოაღწია. პირველი ადგილი ჯგუფში, მიწასთან გასწორებული ბოლივია და კიდევ ერთი 1/2 ფინალისტი, პერუ. “ყვითელ-მწვანეებს” ფეხი მხოლოდ ვენესუელასთან დაუცდათ, მაგრამ ამას სავალალო შედეგი არ მოჰყოლია.
რაც შეეხება პლეი-ოფს, “პენტაკამპეონებმა” გადალახეს პარაგვაის ბარიერი. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, მხოლოდ პენალტების სერიაში. დიახ, ტიტეს გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა და “თეთრ-წითლები” თავდაცვის გარდა ვერაფერს ახერხებდნენ, მაგრამ ბრაზილიისგან მაინც მეტს ელოდნენ.
რაც არ უნდა იყოს, ფაქტია, ტურნირის მთავარი ფავორიტი დამსახურებულ ადგილზეა. არგენტინის შემთხვევაში ყველაფერი რადიკალურად განსხვავდება – კოშმარულად ჩატარებული ჯგუფური ეტაპი და სხვის იმედზე ყოფნის (ამ შემთხვევაში კოლუმბიის) აუცილებლობა.
“ალბისელესტეს” არ აკრიტიკებდა მხოლოდ ზარმაცი, მაგრამ როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, “თეთრ-ლურჯები” 1/4 ფინალში ერთადერთები აღმოჩნდნენ 90 წუთში მოპოვებული გამარჯვების მაჩვენებლით. ლიონელ სკალონის გუნდმა ვენესუელა დაამარცხა.
მატჩის წინ
ისტორიამ გვაჩვენა, როგორ ცუდ დღეშიც არ უნდა იყოს ერთი, მეორე ან საერთოდ ორივე ნაკრები, სამხრეთ ამერიკული ელ კლასიკო საერთაშორისო არენის ნომერ პირველ დაპირისპირებად რჩება. ბრაზილია – არგენტინას დუელის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა: ფავორიტის არ არსებობა.
დიახ, ჩვენ კიდევ ერთი არაპროგნოზირებადი შეხვედრა გველის, მაგრამ საფეხბურთო სამყარო უპირატესობას მაინც “სელესაოს” ანიჭებს. “ყვითელ-მწვანეები” უბრალოდ უკეთ გამოიყურებიან და აღნიშნული ფაქტის წინაშე ლიონელ მესიც უძლურია.
სავარაუდო შემადგენლობები
ბრაზილია – ალისონი, სილვა, მარკინიოსი, ალვეში, სანდრო, კაზემირო, არტური, ევერტონი, კოუტინიო, ჟეზუსი, ფირმინო
არგენტინა – არმანი, ოტამენდი, პეცელა, ტალიაფიკო, ფოიტი, ლო ჩელსო, პარედესი, დე პაული, მესი, მარტინესი, აგუერო
ურთიერთშეხვედრები
ბრაზილიამ და არგენტინამ ერთმანეთში ჩაატარეს 105 ოფიციალური შეხვედრა. 41 მატჩი “სელესაოს” გამარჯვებით დასრულდა, 38 – “ალბისელესტეს”, 26 თამაშში კი ფრე დაფიქსირდა. რაც შეეხება ბურთების შეფარდებას, “პენტაკამპეონების” 163 გოლი, “თეთრ-ლურჯების” 160-ის წინააღმდეგ.
თანაგუნდელები ერთმანეთის პირისპირ
ხვალინდელ შეხვედრაში მრავლად იქნება თანაგუნდელების დაპირისპირება. მაგალითად – მესი კოუტინიოსა და არტურის წინააღმდეგ; აგუერო და ოტამენდი ჟეზუსის, ფერნანდინიოსა და ედერსონის წინააღმდეგ; დი მარია და პარედესი სილვასა და მარკინიოსის წინააღმდეგ და ა.შ.