გამარჯვება ჰოლანდიასთან და მეოთხედფინალის შანსი

565

ბულგარულ ბურგასში გრძელდება 15-წლამდელ წყალბურთელ ვაჟთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც გუშინ საქართველოს ნაკრებმა პირველი გამარჯვება იზეიმა. ჩვენებმა სტარტზე რუსებთან, ფაქტობრივად, რეალური მოგება გაუშვეს ხელიდან და ფრეს (9:9) დასჯერდნენ, მეორე ტურში იტალიასთან 8:12 დამარცხდნენ. ამიტომ მედლებისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად ჰოლანდიელებთან ფრეც ხელს აძლევდა.

საქართველო – ჰოლანდია 14:11

(1:3, 5:3, 3:2, 5:3)

საქართველო: ჩაგელიშვილი, კოზაშვილი (1), მიქაუტაძე, ბაგაშვილი, გელაშვილი (2), ს. ტყეშელაშვილი (2), ახვლედიანი (6), ვასაძე, გორგოძე, კირიაკიდი (1), ჩიქოვანი (1), ცოტაძე (1), ნ. ტყეშელაშვილი.

ჰოლანდია: სტევენსი, კეტელაარსი, უისერსი (1), ვან დე ბოვენკამპი (2), დე ვაალი, ჰარიმანი (1), ტენ ბროეკი (6), ვუურველტი (1), ჰეიტინკი, სნელი, რეიჩარდი, ბაკერი, დიკმანი.

მატჩის პირველივე წუთზე ანგარიში ახვლედიანმა გახსნა, რასაც ჰოლანდიელთა ზედიზედ სამი გოლი მოჰყვა. საწყისი პერიოდი ჩვენებმა 1:3 დათმეს. მეორე რვაწუთიან მონაკვეთში გელა ტუკვაძის შეგირდებმა მდგომარეობა გამოასწორეს და შესვენებამდე წონასწორობა აღადგინეს – 6:6.

მესამე პერიოდი ქართველების მცირე უპირატესობით წარიმართა – 3:2. პაექრობის მეოთხე დასკვნით მონაკვეთში ჩვენები სამჯერ გავიდნენ წინ, მაგრამ ნიდერლანდელებმა სამჯერვე გაქვითეს ანგარიში (9:9, 10:10, 11:11), თუმცა საფინალო სირენამდე 4 წუთით ადრე უისერსის გატანილი ბურთი ტიტების ქვეყნის წარმომადგენლებისთვის ბოლო აღმოჩნდა.

მატჩის მიწურულს ქართველთა იერიშები უფრო მწვავე გახდა. ახვლედიანისა (2) და კოზაშვილის სამ ბურთს ნიდერლანდელებმა ვერაფრით უპასუხეს და ჩვენებმა გათამაშების ცხრილში პირველი გამარჯვება ჩაიწერეს, რაც მედლებისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად საკმარისი აღმოჩნდა.

საქართველო – ჰოლანდიის შეხვედრაში განსაკუთრებით ახვლედიანი და ტენ ბროეკი გამოირჩნენ, რომლებმაც 6-6 გოლი მიითვალეს, თან ჩვენებურმა 2, ნიდერლანდელმა კი სამი პენალტი გამოიყენა.

წყარო: lelo.ge

SHARE