საქართველოს ნაკრები მარტის ბოლოს ბელარუსის უპირველეს გუნდთან თბილისში უმნიშვნელოვანეს მატჩს ჩაატარებს და გამარჯვების შემთხვევაში, თბილისშივე შეხვდება კოსოვოსა და ჩრდ. მაკედონიას შორის გამარჯვებულს. ეს იქნება ფინალი, რომლის გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს.
რა იქნება საქართველოს ნაკრების კოზირი ამ თამაშში? “ლელომ” რამდენიმე კითხვით მიმართა გელა კეტაშვილს, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთ ოლიმპიურ ჩემპიონს…
– ჩემი განწყობა პოზიტიურია. მაქვს უდიდესი იმედი, რომ საქართველოს ნაკრები მოახერხებს ბელარუსების დამარცხებას. უფალმა გადმოგვხედა და მათთან მოგების შემთხვევაში ფინალიც საქართველოში გაიმართება. ეს ისეთი შანსია, რომლის ხელიდან გაშვება არაფრით შეიძლება და მჯერა, არც გავუშვებთ! ახლა მთავარია, საქართველოს ნაკრების ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად იყოს ამ თამაშისთვის.
– როგორ თამაშს ელით ბელარუსის ნაკრებისგან?
– გნებავთ ამჟამინდელი ნაკრები ავიღოთ და გნებავთ, ჩვენი დროის მინსკის “დინამო” – ბელარუსები ძალისმიერ, ფიზიკურ მომზადებაზე ორიენტირებულ ფეხბურთს თამაშობენ. ისინი რუსული საფეხბურთო სკოლის მიმდევრები არიან. ქართველებს კი ყველგან გვიცნობენ, როგორც სამხრეთამერიკული სკოლის მიმდევრებს.
– …და როგორ ფიქრობთ, რა უნდა იყოს ჩვენი კოზირი 26 მარტის შეხვედრაში?
– მიმაჩნია, რომ ეს უნდა იყოს ტექნიკა. ამ დროს უდიდესი როლი ეკისრებათ იმ ნახევარმცველებსა და შემტევებს, რომლებიც ძალიან ტექნიკურები არიან. ჩვენმა ტექნიკამ იმათ ფიზიკას უნდა აჯობოს. რა თქმა უნდა, მთავარი იქნება კონცენტრაციაც პირველიდან ბოლო წუთამდე, მოდუნება არაფრისდიდებით არ შეიძლება!..
– ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ნაკრებისთვის გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნება…
– რა თქმა უნდა! ყველამ ვნახეთ, როგორ შეუძლია თამაში გიორგის და რას ნიშნავს ის ჩვენი გუნდისთვის…
– რამდენად მნიშვნელოვანი იქნება შინაური კედლების ფაქტორი?
– ბუნებერივია, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, მე ვიტყოდი – უმნიშვნელოვანესი. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ გადაცემაში მიმიწვიეს. იქაც ვთქვი და ახლაც უნდა გავიმეორო: მინდა, გულშემატკივარს მოვუწოდო, დავირაზმოთ და ერთად მივიდეთ სტადიონზე. საქართველოს ნაკრებს ძალიან სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა.
წყარო: lelo.ge