გზა თინეიჯერობიდან მსოფლიოს მწვერვალამდე – დიდი ბომბარდირი პაოლო როსი

598

იტალიელმა გულშემატკივარმა პაოლო როსის სახელი პირველად 1974 წელს გაიგო. 18 წლის თინეიჯერი იტალიის უძლიერესი კლუბის, ტურინის „იუვენტუსის“ სელექციონერებს მოეწონათ და გუნდში აიყვანეს. იმ დროს „იუვენტუსში“ არაერთი ვარსკვლავი ირიცხებოდა, რომლებთან კონკურენციის გაწევას ახალგაზრდა პაოლო ვერ ახერხებდა. ამიტომ, ის ძირითადად სათადარიგო გახლდათ…

1975-76 წლების სეზონში „იუვენტუსმა“ პაოლო როსი „კომოში“ გაანათხოვრა. სერია A-ში დებიუტი სწორედ „კომოს“ შემადგენლობაში ჰქონდა, როცა ეს გუნდი „პერუჯასთან“ 0:2 დამარცხდა.

მოვიდა თუ არა ზაფხული, სერია B-ს კლუბმა „ვიჩენცამ“ მილიონ-ნახევარი ფუნტი გადაუხადა „იუვენტუსს“ როსის სანაცვლოდ. ტურინელებისგან განსხვავებით, მათ ეს თავდამსხმელი ძირითადი შემადგენლობისთვის სჭირდებოდათ. შემტევმა გაამართლა მასში გადახდილი თანხა და გულშემატკივართა კერპადაც იქცა. „ვიჩენცა“ სერია B-ში პირველ ადგილზე გავიდა და ელიტაში აღზევდა, როსიმ კი 21 გოლი მიითვალა.

1977-78 წლების სეზონი ტრამპლინად იქცა ახალგაზრდა თავდამსხმელის კარიერაში. სერია A-ში დაწინაურებული „ვიჩენცა“ საწყის ტურებში არადამაჯერებლად თამაშობდა. ყველასთვის მოულოდნელად, გუნდმა მოუმატა და მეორე ადგილზე გავიდა, როსი კი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

იმ პირველობაზე როსიმ პირველი გოლი სერია A-ში „მილანს“ გაუტანა. მაშინ „ვიჩენცა“ 1:3 დამარცხდა, პაოლომ კი ერთადერთი გოლი 11-მეტრიანი დარტყმით გაიტანა. ამას მოჰყვა მნიშვნელოვანი გოლები „ატალანტას“, „რომასა“ და „ფიორენტინას“ კარში. თუმცა პირველი ჰეთ თრიკი მხოლოდ 1978 წლის 12 მარტს შეასრულა, როცა „ლაციოს“ კარში სამი გოლი გაიტანა და „ვიჩენცამ“ 3:1 მოიგო. მთლიანობაში მან 24 გოლი გაიტანა.

როსი მომდევნო სეზონსაც საუკეთესო ფორმაში შეხვდა, თუმცა კლუბის დაცვა არადამაჯერებლად გამოიყურებოდა, რაც შედეგებზეც აისახა. იმ წელს პაოლომ რამდენიმე დაუვიწყარი შეხვედრა ჩაატარა. მაგალითად მე-9 ტურში „ვიჩენცამ“ „რომას“ სწორედ როსის ერთადერთი გოლის წყალობით მოუგო…
გადამწყვეტი გოლი გაიტანა „აველინოს“ კარში, საუკეთესო მატჩი ჩაატარა ჩემპიონ „იუვენტუსის“ წინააღმდეგ. ჯერ საგოლე გადაცემა გააკეთა, შემდეგ კი გოლიც მიითვალა და „ვიჩენცამ“ ტურინში 2:1 მოიგო. წინა სეზონის ბომბარდირი ამჯერად მეორეა სერია A-ს საუკეთესო მეგოლეების რიგებში.

აღსანიშნავია ისიც, რომ იმ წელს „ვიჩენცამ“ მხოლოდ 29 გოლის გატანა მოახერხა, აქედან როსის ანგარიშზე ნახევარი – 15 გოლი იყო. „ვიჩენცა“ სერია B-ში გავარდა, როსი კი ტრანსფერზე დააყენეს. მისი შეძენის სურვილი „ნაპოლიმ“ გამოთქვა, თუმცა თავად ფეხბურთელმა არ ისურვა ნეაპოლიტანურ გუნდში გადასვლა და „პერუჯას“ მიაშურა, რომელსაც უფრო მომხიბლავი წინადადება შესთავაზა.

შორს ფეხბურთისგან

„პერუჯაში“ როსის დიდებული სტარტი ჰქონდა. მან გოლები გაიტანა „მილანის“, „ლაციოს“, „ინტერისა“ თუ „იუვენტუსის“ კარში. აქ დაიბადა მის მიმართ „იუვენტუსის“ ინტერესი და ისე ჩანდა, როსი სწორედ ტურინულ კლუბში აღმოჩნდებოდა, მაგრამ…

ამ დროს იტალიურ ფეხბურთში ყველაზე დიდი სკანდალი აგორდა. როსის, ოცამდე სხვა ფეხბურთელს და რამდენიმე კლუბს გარიგებულ მატჩებში დასდეს ბრალი.

ეს მოხდა 1980 წლის 23 მარტს. სერია A-ს მორიგი ტურის შემდეგ რომში, მილანში, აველინოში, პალერმოსა და გენუაში არაერთი ფეხბურთელი დაიჭირეს, რომელთა შორის სერიოზული ფიგურებიც იყვნენ – ალბერტოზი, უილსონი, კაჩიატორი, მანფრედონია და როსი.

რამდენიმე კვირაში თითოეული მათგანისთვის სასამართლომ განსხვავებული სასჯელი დაადგინა. როსი კი სამი წლით ჩამოაშორეს ფეხბურთს. ბევრმა მისი კარიერა დასრულებულად ჩათვალა…

ასე რომ არ მომხდარიყო, ბევრი ვარაუდობდა, რომ პაოლო როსი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გოლეადორი გახდებოდა. 1982 წელს ფეხბურთელს დისკვალიფიკაციის ვადა გაუვიდა და მალე სერია A-შიც ითამაშა. მაშინ ის უკვე „იუვენტუსის“ საკუთრება იყო. ტურინელთა ხელმძღვანელებმა ჯერ კიდევ დისკვალიფიცირებული როსი ერთი წლით ადრე… ნახევარ გირვანქად შეიძინეს.

1982 წლის 2 მაისს „იუვენტუსმა“ სტუმრად 5:1 სძლია „უდინეზეს“. პაოლო როსი შეცვლაზე შევიდა და გოლიც გაიტანა. სეზონის დამთავრებამდე მან კიდევ 2 მატჩი ითამაშა.

სამაგიეროდ, მომდევნო სეზონი როსიმ ნამდვილი ვარსკვლავის რანგში დაიწყო. მსოფლიო ჩემპიონატის (ამაზე ცალკე ქვეთავში) ტრიუმფატორი შედეგიანობით ვერ გამოირჩეოდა, მაგრამ ძალიან უადვილებდა თამაშს „იუვენტუსის“ ორ ვარსკვლავს – პოლონელ ზბიგნევ ბონეკსა და ფრანგ მიშელ პლატინის. ამ უკანასკნელთან ერთად უკვე მომდევნო სეზონში 33 გოლი შეაგდო სერია A-ში.

საბოლოოდ ტურინელებმა „სკუდეტო“ და ევროპის თასების მფლობელთა თასი არავის დაუთმეს. ეს ტიტული პირველი ევროპული ჯილდო გახლდათ როსის კარიერაში. არანაკლებ წარმატებული იყო მომდევნო სეზონი. 1984-85 წლებში როსიმ „ბებერი ქალბატონის“ შემადგენლობაში ევროპის სუპერთასი და ევროპის ჩემპიონთა თასი მოიგო.

„იუვენტუსი“ როსიმ სწორედ ამ ფინალის შემდეგ დატოვა და „მილანში“ გადაბარგდა. „როსონერის“ შემადგენლობაში პაოლოს დიდი არაფერი გაუკეთებია, მალევე დატოვა იქაურობა და „ვერონას“ მიაშურა. 1986-1987 წლების სეზონში „ვერონას“ შემადგენლობაში სერია A-ში 20-ჯერ ითამაშა და მხოლოდ 4 გოლი გაიტანა. მალე წასვლის დროც მოვიდა…

როსის მუნდიალი

როსიმ იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ენცო ბეარძოტის ყურადღება 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მიიპყრო. იმ სეზონში „პაბლიტო“ სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მწვრთნელსაც ბევრი არ უფიქრია და არგენტინაში იახლა.

მუნდიალზე პირველი გოლი როსიმ საფრანგეთის ნაკრების კარში გაიტანა. ჯგუფურ ეტაპზე მან კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხა, ამჯერად, უნგრეთს შეუგდო.

იმ ჩემპიონატზე „სკუადრა აძურა“ მე-4 ადგილზე გავიდა, არადა, დიდებულად გამოიყურებოდა პირველ ჯგუფურ ეტაპზე, სადაც სამივე თამაში მოიგო, მათ შორის, ჩემპიონატის მასპინძელ არგენტინასთან და ტურნირის ერთ-ერთ გამოკვეთილ ფავორიტადაც იქცა…

რაც შეეხება როსის, ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ის დიდ ფეხბურთს ითამაშებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მას სწორედ არგენტინელმა გულშემატკივრებმა შეარქვეს „პაბლიტო“. ეს მეტსახელი მას მთელი კარიერის განმავლობაში გაჰყვა.

სამწლიანმა დისკვალიფიკაციამ ეჭვქვეშ დააყენა მისი საფეხბურთო ცხოვრება და, მით უმეტეს, 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა. თუმცა მწვრთნელმა სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო. როსის გამოძახების გამო მაშინ ბეარძოტს ბევრი აკრიტიკებდა…

„როსი? ის ძალიან სჭირდება ნაკრებს. პაოლო უსწრაფესია შეტევაში და ამასთან, შესანიშნავი საგოლე ალღოთიც გამოირჩევა“, – არწმუნებდა კრიტიკოსებს „სკუადრა აძურას“ თავკაცი.

ბეარძოტს ვერავინ გაუწია წინააღმდეგობა. როსიც პირენეის ნახევარკუნძულზე გუნდთან ერთად გაემგზავრა. მისთვის მწვრთნელის ასეთი ნდობა და მხარდაჭერა უდიდესი სტიმული აღმოჩნდა. თუმცა, ალბათ, თავადაც ვერ წარმოიდგენდა, რომ ის ჩემპიონატი მის ბენეფისად იქცეოდა…

1982

იტალიამ მუნდიალი 14 ივნისს გახსნა. „აძურამ“ პოლონელებისთვის გოლის გატანა ვერ მოახერხა, მაგრამ არც თავად გაუშვა – 0:0. რამდენიმე დღეში 1:1 ითამაშა კიდევ უფრო სუსტ პერუსთან და ვერ მოუგო (1:1) მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად მოასპარეზე კამერუნის ნაკრებს.

შეიძლება ითქვას, „სკუადრა აძურას“ ფეხბურთის ღმერთმა გადმოხედა, ამ პირობებში ჯგუფიდან გასვლა (მხოლოდ მეტი გატანილი გოლების წყალობით) რომ მოახერხა. ამიტომაც იტალიას ფავორიტად აღარავინ თვლიდა.

იმ დროს მიშელ პლატინის საფრანგეთი, დიეგო მარადონას არგენტინა და ზიკო-სოკრატესის ბრაზილია ბრწყინავდა. იმ სამი თამაშის გამო, იტალიას სათვალავში აღარავინ იღებდა…

მაგრამ იტალიას ჰყავდა როსი! ფეხბურთელი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ყველაფერი თავდაყირა დაეყენებინა. „სკუადრა აძურამ“ ჯერ არგენტინას მოუგო 2:1 და მეორე ჯგუფური (უკვე 3-გუნდიანი) ეტაპის გადამწყვეტ მატჩში ბრაზილიას დაუპირისპირდა. ამ შეხვედრაში ირკვეოდა სწორედ ერთ-ერთი ნახევარფინალისტის ბედი…

1982 წლის 5 ივლისს, ბარსელონის „ესტადიო დე სარიაზე“, გაიმართა მატჩი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში შევიდა.

ჯერ კიდევ მე-5 წუთზე პაოლო როსიმ ვალდირ პერესის კარი დალაშქრა. ანგარიში ბრაზილიელმა სოკრატესმა გაათანაბრა 25-ე წუთზე, როსიმ კი კვლავ წინ გაიყვანა იტალია – 2:1, ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ სამხრეთამერიკელებმა მეორე გოლის გატანაც შეძლეს – ფალკაომ ერთი მოძრაობით ოთხი იტალიელი ჩამოიშორა, დასარტყმელი სივრცე დაიგულა და დინო ძოფს მეორედ გამოატანინა ბურთი კარიდან. მაგრამ როსიმ არ მოისვენა და მესამეც გაუტანა ბრაზილიელებს. მისმა ჰეთ-თრიკმა იტალიის ნაკრები ნახევარფინალში გაიყვანა. როსი იტალიის გმირი გახდა!..

„ჩვენ დღეს იტალიასთან არ წაგვიგია, წავაგეთ როსისთან“, – თქვა თამაშის დასრულების შემდეგ ბრაზილიელთა დამრიგებელმა ტელე სანტანამ.

ფინალამდე იტალიელებმა როსის დუბლით პოლონეთიც დაამარცხეს (2:0), გადამწყვეტ მატჩში კი დასავლეთ გერმანიის (გფრ) ნაკრებს 3:1 სძლიეს. როსიმ ფინალშიც გაიტანა „თავისი“ გოლი და იტალია, ბრაზილიელთა დარად, მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი!

ეს მუნდიალი კი ისტორიაში ჩაიწერა, როგორც პაოლო როსის ჩემპიონატი…

წყარო: lelo.ge

SHARE