8 გუნდს შორის ექვსსაათიანი დაძაბული ასპარეზობა საქართველოსათვის ტრიუმფალური შედეგით დასრულდა.
ლოზანის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი სპორტული წყვილი – ალინა ბუტაევა და ლუკა ბერულავა, დღეს უკვე ოლიმპიადის მეორე მედლის – გუნდური ასპარეზობის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
გუნდი “Courage”, რომლის შემადგენლობაში ალინა ბუტაევასა და ლუკა ბერულავასთან ერთად გამოდიოდა მოცეკვავეთა წყვილი იაპონიიდან, უტანა იოშიდა – შინგო ნიშიამა, ერთეულებში რუსი ქსენია სინიცინა და ესტონელი არლეტ ლევანდი, გუნდურ ასპარეზობაში ოლიმპიადის გამარჯვებული და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
2020 წლის ზამთრის მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში ქართველი სპორტსმენების მიერ მოპოვებული ოქროსა და ბრინჯაოს მედლები – ეს ის ისტორიული მონაპოვარია, რომელიც ოქროს ასოებით ჩაიწერება ჩვენი ქვეყნის სასპორტო განვითარების ისტორიაში და სანიმუშო მაგალითად იქცევა იმისა, რომ მთავარია მიზნისაკენ სწრაფვა და საკუთარ თავში რწმენა, რომ თუ მოინდომებ, შეუძლებელი არაფერია…