გოჩა სვანიძე ბრალდებებს უარყოფს

634

საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე ქართულ რაგბში არსებულ რთულ ვითარებასა და მის მიმართ არსებულ ბრალდებებს გამოეხმაურა. სვანიძემ კომენტარი ტელეკომპანია რუსთავი 2-თან გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში, თანხები მიზნობრივად იხარჯებოდა, მიმდინარე პროცესები კი რაგბის კავშირში დაგეგმილ არჩევნებს უკავშირდება.

“ოფიციალურად დამადანაშაულონ და ყველას პასუხს გავცემ. გამოძიება დაადგენს ყველაფერს, ცრუ ბრალდებებია. რაგბის კავშირის კუთვნილი თანხები იხარჯებოდა ფედერაციის საქმიანობაში და ყველაფერი ელექტრონულად არის ასახული. აქ არის ჯგუფები, რომლებსაც რაგბის კავშირის ფულების ჭამა უნდათ. აბუსერიძემ იმდენი ცრუ ბრალდებები გამოთქვა, მოუწევს პასუხების გაცემა. ველოდები გამოძიებას, ოფიციალური ბრალდება ჩემს მიმართ არ არის. ყველაფერს დამტკიცება ჭირდება. ჩართულია სახელმწიფო მანქანა და ოფიციალურად გაირკვევა ყველაფერი. მათი განცხადებების საფუძველზეა შემოსული და იკვლიონ. არჩევნები პირდაპირ კავშირშია ამ ბრალდებებთან, ოღონდ გოჩა სვანიძე წავიდეს ფედერაციიდანო, ჰოდა დაამტკიცონ. ბევრი არაკაცია რაგბის კავშირში”.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები ჯერ 30 იანვარს უნდა ჩატარებულიყო, შემდეგ კი 24 თებერვალს, მაგრამ ორივეჯერ გადაიდო: პირველად შეთანხმების საფუძველზე, მეორეჯერ კი დელეგატების ქვორუმი არ შედგა. შემდეგ საქმეში კორონავირუსი ჩაერთო, ხოლო აგვისტოს დასაწყისში კავშირის დროებით ხელმძღვანელად გიორგი გორგასლიძე დაინიშნა, რომელმაც მხოლოდ 10 დღე იმუშავა და პოსტი თავისი სურვილით დატოვა. ახლა, პრეზიდენტის მოვალეობას თორნიკე გოგებაშვილი ასრულებს. არსებული ინფორმაციით, არჩევნების ჩატარება მიმდინარე წლის დეკემბერშიღა იგეგმება. რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას იმავე სვანიძის გარდა, ეროვნული ნაკრების ყოფილი მორაგბე ირაკლი აბუსერიძე და ბაჩო ხურციძე აპირებენ.

წყარო: popsport.com

SHARE