საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ დავით კაჭარავამ სოციალურ ქსელში პოსტი განათავსა, სადაც წერია, რომ როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო კარიერა დაასრულა.
“გამარჯობა! დადგა დღე რომელიც ჩემთვის ძალიან ემოციურია! დღე როდესაც ჩემი რაგბის კარიერა დასრულდა! როგორც სანაკრებო ასევე საკლუბო. მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს გულშემატკივრებს რომლებიც მუდმივად გვერდში მედგნენ, როგორც წარმატებულ ასევე ყველაზე მძიმე პერიოდშიც. მადლობა ჩემს ოჯახის წევრებს, მეგობრებს ხელშეწყობისთვის!
მადლობა რაგბის ფედერაციის ყველა თანამშრომელს ვინც წლების მანძილზე თავისი შრომით, ერთი აგურის დადებით მაინც შეიტანა წვლილი რაგბის განვითარებაში.
მადლობა კლუბ ყოჩებს, მის პრეზიდენტს გუგა გეგენავას, მადლობა მწვრთნელებს!
განსაკუთრებული მადლობა ნუგზარ მალაღურაძეს, მისი მწვრთნელობის პერიოდში მოხდა ჩემი ძირითადი ფასეულობების ჩამოყალიბება.
მეამაყება რომ მრავალი წლის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდის, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი ვიყავი. მადლობა ეროვნული ნაკრების ყველა მოთამაშეს ვის გვერდშიც მითამაშია.
მადლობა რაგბს, მადლობა საქართველოს, იმისთვის რომ მენდო, იმისთვის რომ მომცა შანსი მისი წარმატებისთვის მებრძოლა.
რაგბმა ბევრად მეტი მომცა ვიდრე მე დავუბრუნე!
მე ყოველთვის მორაგბედ და მორაგბეების გულშემატკივრად დავრჩები….
თქვენს გვერდში ვიქნები ბიჭებო რითიც და როგორც შემეძლება….
წარმატებას ვუსურვებ ქართულ რაგბს!
რაგბი ჩვენი თამაშია!
მადლობა!” – დაწერა სოციალურ ქსელში დავით კაჭარავამ.
შეგახსენებთ, რომ კაჭარავამ სარაგბო კარიერა 2003 წელს “ყოჩებში” დაიწყო სადაც 2007 წლამდე თამაშობდა, შემდეგ კი რუსეთის ჩემპიონატში სარაგბო კლუბ „ენისეის“ წევრი გახდა. ქართველი პირველ ჯერზე ის მხოლოდ 1 სეზონი დარჩა და შემდეგ ფრანგულ “ნიცაში” გადავიდა. ასევე თამაშობდა „როდეზის“ შემადგენლობაში. 2013 წლიდან დღემდე კი კვლავ რუსულ კლუბ “ენისეის” ღირსებას იცავდა.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ცენტრმა “ბორჯღალოსანთა” შემადგენლობაში 122 შეხვედრა ჩაატარა და 25 ლელო გაიტანა. საერთო ჯამში კი საქართველოს 125 ქულა მოუტანა. მან ეროვნულ ნაკრებთან ერთად ოთხ მსოფლიო თასზე იასპარეზა. ქართველმა მორაგბემ კარიერა 35 წლის ასაკში დაასრულა.
წყარო: worldsport.ge