რობერტო კარლოსი პორტუგალიურ Canal 11-თან საუბარში ამბობს, რომ “რეალის” მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე ვარჯიშებს ნაშუადღევს ნიშნავდა, რადგან იცოდა, რომ დილით ვარსკვლავების უმრავლესობა ვარჯიშზე არ მივიდოდა.
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა “გალაქტიკოს” სხვადასხვა მწვრთნელზე ისაუბრა და რამდენიმე საინტერესო ინფორმაციაც გაამხილა.
“დელ ბოსკე უფრო მეტად მეგობარი იყო, ვიდრე მწვრთნელი. ზოგადად, არაა საჭირო წესები, ამ დონეზე მოთამაშე ფეხბურთელმა იცის, რაც უნდა აკეთოს. დელ ბოსკეს შესანიშნავად ესმოდა ჩვენი.
ორშაბათობით ვარჯიშები 17:00 საათზე იყო ხოლმე. ის არ ნიშნავდა მათ დილით, რადგან იცოდა, თითქმის არავინ მივიდოდა.”
აი, ანტონიო კამაჩოს შესახებ კი რობერტო კარლოსი ამბობს, რომ მწვრთნელი ეცადა, უფრო მკაცრი ყოფილიყო.
“გალაქტიკოსის” პერიოდში 7 მწვრთნელი გვყავდა და გასახდელში მუდამ საშიშროება სუფევდა.
ჩვენ ყოველთვის ვაკონტროლებდით გასახდელს და ყველასთან კარგი ურთიერთობა გვქონდა, კამაჩოს გარდა. მასთან მეგობრობამ 10 დღეს გასტანა.
ის გასახდელში შემოვიდა და ყველას მიესალმა. ის სერიოზული იყო და “რეალში” საკუთარი ისტორია ჰქონდა. ვუყურებდი და ველოდი, რას იტყოდა და განაცხადა – “ყველა დილის 7:00 საათზე უნდა მოხვიდეთ”. ზოგადად, 10:30-ზე ვიწყებდით ვარჯიშს. ვესაუბრეთ მას, ვეცადეთ, შეეცვალა განრიგი, რადგან ჩვენ საკუთარი ჩვეულებები გვქონდა. თუმცა აქედან არაფერი გამოვიდა.
როგორც ჩანს, ვერც ვანდერლეი ლუქშემბურგომ მოახერხა გასახდელთან და ფეხბურთელების ჩვეულებებთან გამკლავება.
“იგივე რამ მოხდა ლუქშემბურგოსთან დაკავშირებით. ჩვევად გვქონდა, როცა ბაზაზე მოვიდოდით, გასახდელში ჩანთებს დავტოვებდით და სადილამდე ლუდს ან ღვინოს ვსვამდით. მაგიდაზე 2 ჭიქა ღვინო მუდმივად იდო.
მე და რონალდო მივედით მასთან და ვუთხარით, “მწვრთნელო, აქ ხალხს საკუთარი ჩვევები აქვს და არ ეცადო მათ შეცვლას, არც ღვინის ჭიქები და ლუდი აიღო მაგიდებიდან, რადგან ეს პრობლემებს გამოიწვევს”.
და მან რა გააკეთა? ჯერ ლუდი ამოიღო და შემდეგ ღვინო. ამიტომაც მხოლოდ 3 თვე გაძლო. მსოფლიო ფეხბურთი დიდი სივრცე არაა. ახალმა ამბავმა საბჭომდე მიაღწია და “ჩაო”.
წყარო: sportall.ge