საჩხერის “ჩიხურასთან” მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა “აბერდინის” მთავარმამწვრთნელმა დერეკ მაკინესმა და ფანებისგან მხურვალე მხარდაჭერის იმედი გამოთქვა:
– საპასუხო შეხვედრაში ჩვენ დადებით შედეგს ველოდებით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ფრე იდეალური შედეგი არ იყო, 1:1 მაინც უპირატესობას გვაძლევს. მაგრამ ისიც გვესმის, რამდენად სწრაფად შეიძლება ეს შედეგი ჩვენს საწინააღმდეგოდ შეიცვალოს…
– გვინდა, თავდასხმასა და დაცვას შორის ბალანსს მივაღწიოთ. შესაძლოა, ვეცადოთ, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით შევუტიოთ, მაგრამ ისიც ვიცით, რომ “ჩიხურასგან” კონტრშეტევების საფრთხე არსებობს…
– გასული კვირის შეხვედრაში მეტოქეს რეალურად სიურპრიზი არ შემოუთავაზებია. კარგი გუნდია, ტექნიკური, მოსწონს ბურთის გაკონტროლება… ამ კუთხით ჩვენი სტატისტიკაც კარგი იყო, მაგრამ ახლა მეტი გვინდა, რადგან ჩვენს მოედანზე ვითამაშებთ…
– მნიშვნელოვანია, რომ ვეცადოთ, ხალხის ენერგია და ტრიბუნებიდან წამოსული ატმოსფერო გამოვიყენოთ. საამისოდ, ჩვენ აგრესიულები უნდა ვიყოთ. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მეტოქეს შეუძლია, ზიანი მოგვაყენოს, ბურთს, მეტ სივრცესა და დროს თუ დავუთმობთ. “როვანიემისთან” რომ ვითამაშეთ, ხალხისგან დიდი ენერგია წამოვიდა და ახლაც ამის იმედი გვაქვს…
– გრეგ ლიმ ბოლო სამი დღის განმავლობაში ივარჯიშა, ამიტომ გუნდის განაცხადში იქნება. მომზადების თვალსაზრისით, ის სრულყოფილად არ გამოიყურება, მაგრამ მისი იმედი მაინც გვექნება. გადავწყვიტეთ, გასულ კვირას ის საქართველოში არ წაგვეყვანა, რათა ტერფის მკურნალობა მოესწრო და ამ თამაშისთვის ფორმაში ყოფილიყო. ყველაფერი ასეც მოხდა. წინა თამაშში, ტრავმების გამო, ყველა არ თამაშობდა თავის ბუნებრივ პოზიციაზე, ახლა კი ყველაფერი დალაგდება…
– ჩვენი წყვილის გამარჯვებული ხორვატულ “რიეკას” შეხვდება. ცხადია, გვინდა რომ ამ შეხვედრის მონაწილეები ჩვენ ვიყოთ. მაგრამ საამისოდ, ჯერ საქართველოს გუნდს უნდა მოვუგოთ. როგორც ნებისმიერ სათასო შეჯიბრში, ყველაფერს წინასწარ ვერ გათვლი. მაგრამ ჩვენ მოგება და ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა გვინდა – ეს ის ადგილია, სადაც “აბერდინი” უნდა იყოს…
– ჩვენი მოწინააღმდეგე საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ პრობლემები შეგვიქმნას და მხოლოდ ერთ შანსსაც იკმარებს, ტურნირის მიღმა რომ დაგვტოვოს. ჩვენ ვაცნობიერებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება, რომ კარი “მშრალად” შევინახოთ. მაგრამ ასევე ვიცით ჩვენი ძლიერი მხარეები და ვეცდებით, მათზე დიდი ზეწოლა განხორციელდეს.
– ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უეფას რეიტინგში რამდენიმე ქულა დავაგროვეთ და გვსურს, ეს შედეგი გავაუმჯობესოთ. შესაძლოა, ეს ბევრისთვის მეორეხარისხოვანი ამბავი იყოს, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია, ყველა შოტლანდიურმა კლუბმა წარმატებას მიაღწიოს…
– გასულ სეზონში ტრავმირებული გვყავდა, განსაკუთრებით უკანა ხაზში. ეს ცუდია, რადგან ყველამ ვიცით – დაცვაში სტაბილური ოთხეულის დაყენება რამდენად მნიშვნელოვანია. იდეალური იქნებოდა, რომ გუნდში 7 მცველი იყოს. მე 6-თან ვმუშაობ, მაგრამ რამდენიმე ვარიანტი გვაქვს, თუ რომელი ვათამაშოთ. ასევეა შუა ხაზში, სადაც ოთხი ცენტრალური ნახევარმცველი გვყავს და არჩევანის გაკეთება მომიწევს.
წყარო: lelo.ge