პამპლონის “ოსასუნას” ყოფილმა მდივანმა ანხელ ვისკაიმ სასამართლოს განუცხადა, რომ მისი ყოფილი კლუბი გარიგებულ მატჩებში იღებდა მონაწილეობას.
კონკრეტულად კი, 2012/13 და 2013/14 წლების სეზონში ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლმა “ოსასუნამ” “ხეტაფეს”, “ბეტისსა” და “ესპანიოლს” გადაუხადა თანხა.
საქმე 11 ადამიანის წინააღმდეგ არის გახსნილი. მათგან 6 “ოსასუნას” ხელმძღვანელობის ყოფილი წარმომადგენელია, 3 – “ბეტისის” ყოფილი მოთამაშე და პლუს, ორი აგენტი, რომლებიც გარიგების ორგანიზებაში იყვნენ ჩაბმულნი.
ვისკაის სიტყვებით, “ოსასუნამ” “ხეტაფეს” ნაღდი ფულის სახით 400 000 ევრო გადაუხადა გამარჯვების სანაცვლოდ, “ბეტისს” კი – 250 000 ევრო. ამდენივე თანხა გადაუხადეს “ესპანიოლს” პამპლონებმა ფრეს სანაცვლოდ.
150 000-150 000 ევრო “ოსასუნამ” “ვალიადოლიდსა” და “ბეტისს” გადაუხადა, პირველს – “დეპორტივოსთან” გამარჯვების სანაცვლოდ, ხოლო მეორეს – “სელტასთან” მოგებისათვის. “დეპორტივო” და “სელტა” გავარდნის კანდიდატები იყვნენ “ოსასუნასთან” ერთად.
ვისკაიმ ხელი “ბეტისის” 3 ფეხბურთელს დაადო: ხორდი ფიგეირასს, ხავი ტორესსა და ანტონიო ამაიას. “ოსასუნას” ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, ის ფეხბურთელებს ავტოფარეხში შეხვდა.
წყარო: sportall.ge