დინამო დინამოს წინააღმდეგ – 5 დაკვირვება სეზონის მთავარ მატჩზე

466

ო ბათუმისა და დინამო თბილისის შეხვედრას გულშემატკივარი დიდხანს ელოდა. ამ მატჩს ჩემპიონატის ბედზე, შესაძლოა, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონოდა. თავსხმა წვიმისა და მძიმე სათამაშო პირობების მიუხედავად, მატჩში რამდენიმე ძირითადი ფაქტორი გამოიკვეთა, რომელთაც თამაშის მსვლელობა განსაზღვრეს.

გეგუჩაძის ფეხბურთი წვიმაში

დინამო ბათუმი საქართველოს ჩემპიონატში ალბათ საუკეთესოა ბურთის ფლობასა და გათამაშებაში. წვიმის და მძიმე მოედნის მიუხედავად, ბათუმელებმა მაინც სცადეს, ეთამაშათ ის ფეხბურთი, რომელიც გია გეგუჩაძის გუნდებისთვის სახასიათოა.

დინამო ბათუმი ბევრად უკეთ ათამაშებდა ბურთს, მეტი ჰქონდა ბურთის ფლობა, იოლად გადაჰქონდა ბურთი დაცვის ხაზიდან შეტევის ხაზში და კარგად ცვლიდა ფლანგებს.

დინამო ბათუმის ორივე ფორვარდი – ფლამარიონ ჯოვინო და ლადო დვალიშვილი ბევრს მოძრაობენ და დინამიურები არიან. ისინი მოედნის სიღრმეშიც ამოდიან და ფლანგებზეც გადადიან – ეს დინამო ბათუმს, ბურთის გათამაშების დროს, მოედნის ცალკეულ მონაკვეთებზე რიცხვობრივი უპირატესობის შექმნის და ბურთის იოლად გათამაშების საშუალებას აძლევს.

პენალტის დარტყმის უფლებაც ბათუმელებმა ამ ტიპის შეტევით მიიღეს. ბურთის კარგი გათამაშების ხარჯზე შეცვალეს ფლანგები და იპოვეს თავისუფალი ზონა თბილისელთა საჯარიმოში.

ბათუმელებს ბურთის ფლობის თითქმის 65 პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდათ და, რაც მთავარია, ბურთს ისინი მეტოქის ნახევარზე ფლობდნენ – მატჩის დიდი ნაწილი თბილისელთა ნახევარზე წარიმართა.

თბილისელთა დაცვამ ორგანიზებულობა არ დაკარგა

იმ ფონზე, როდესაც ბათუმელებს მეტი ჰქონდათ ბურთი, ფლობდნენ ტერიტორიულ უპირატესობას და მუდმივად უტევდნენ დინამო თბილისის კარს, თბილისელთა დაცვას მთელი მატჩის ზეწოლის ქვეშ თამაში მოუწია. ეს რთული ამოცანა იყო იმის გათვალისწინებით, რომ თბილისელები ბურთს გათამაშების დროს მალევე კარგავდნენ და 90 წუთის მანძილზე უბურთოდ თამაში დიდ ფიზიკურ ძალას მოითხოვს. მრავლისმეტყველი იყო ჯარიმების რაოდენობა – მატჩის 65 წუთისთვის თბილისელებს 18 ჯარიმა ჰქონდათ მიღებული, ბათუმელებს კი მხოლოდ -8. როცა მატჩის დიდი ნაწილის უბურთოდ გატარება გიწევს, ჯარიმების აღება ბუნებრივია.

თბილისელთათვის კარგი ამბავი ის იყო, რომ მათ ამ ზეწოლას გაუძლეს და მთელი მატჩის მანძილზე არ დაკარგეს სათამაშო დისციპლინა და ორგანიზებულობა დაცვაში. სხვაგვარად, ბათუმლები კიდევ გაიტანდნენ. ის, რომ თბილისელებმა მატჩის დადებითი შედეგით დასრულების შანსი ბოლომდე არ დაკარგეს, სწორედ მათი დაცვის დამსახურებაა.

დინამო ბათუმს თამაშების მოკვლა უჭირს

დინამო ბათუმმა ამ ფრის შემდეგ პირველი ადგილი შეინარჩუნა, თუმცა არ მგონია, რომ გულშემატკივარი და ფეხბურთელები ბოლომდე კმაყოფილები იყვნენ. ნაჩვენები თამაშის ხარისხიდან გამომდინარე, ისინი სამ ქულასთან ძალიან ახლოს იყვნენ.

დინამო ბათუმს თავისი თამაშის ქულებად რეალიზაცია უჭირს. ასე იყო გუშინაც – ბათუმელებს მომენტები ჰქონდათ, ანგარიშში წინ იყვნენ, მეტოქეს არაფერს აქმნევინებდნენ (კარისკენ დარტყმები 65 წუთისთვის 7:0), თუმცა მატჩის მიწურულს მომენტი მაინც გაეპარათ. მას შემდეგ, რაც დინამო ბათუმი ანგარიშის შენარჩუნებაზე ზრუნვას იწყებს, მეტოქის უშანსოდ დატოვება არ გამოსდის ხოლმე. ასე იყო ლოკომოტივთან, როდესაც თითქმის უკვე მოგებული თამაშის ბოლო წუთები სანერვიულო გახდა, ასე იყო ქუთაისის ტორპედოსთანაც, მათ ერთი შანსი დინამოსაც მისცეს, რომელიც მეტოქემ გამოიყენა.

იმ შემთხვევაში, თუ ბათუმელები თავისი უპირატესობის რეალიზაციას უკეთ შეძლებენ, ან ანგარიშში წინ გასვლის შემდეგ, საფეხბურთო ტერმინი, რომ გამოვიყენო, თამაშებს უკეთ „მოკლავენ“, მათ ბევრად მეტი ქულები ექნებათ. ეს დინამო ბათუმის ზრდის და განვითარების შემდეგ ეტაპზე უნდა მოხდეს.

ლევან მჭედლიძის ფაქტორი

დინამო თბილისი ლევან მჭედლიძის მოედანზე შემოსვლამდე და მისი შემოსვლის შემდეგ, ორი სხვადასხვა გუნდი იყო. მჭედლიძის შემოსვლამდე თბილისელებს შეტევის ორგანიზება და დაცვიდან შეტევაში ბურთის ორგანიზებულად გადატანა უჭირდათ. მატჩის პირველი 80 წუთი მათ კარში დარტყმა არ ჰქონიათ და შეტევაში სტანდარტის ან კონტრშეტევის იმედად იყვნენ. შედეგად თბილისელები იძულებულები იყვნენ შეტევა გრძელი პასით დაეწყო, რის შედეგადაც ბურთი ხშირად იკარგებოდა.

ბათუმელთა პრესინგი, გრძელი პასი და დაკარგვა
ბათუმელთა პრესინგი, გრძელი პასი და დაკარგვა

მჭედლიძეს სულ რამდენიმე წუთი ჰქონდა, თუმცა მან მატჩის სურათის შეცვლა შეძლო. საქმე მხოლოდ გატანილ გოლში არ არის. იგი თავის ფიზიკურ უპირატესობას კარგად იყენებდა, ეფექტურად თამაშობდა კორპუსით, ჩამოდიოდა უკან და როდესაც თბილისელებს დაცვიდან ბურთის ამოტანა უნდოდათ, ახერხებდა დაცვიდან წამოსული პასის მიღებას.

რას უნდა ველოდოთ

ფრემ ორივე გუნდი თანაბარი ქულებით დატოვა. დიდი ალბათობით, ორივე ეს გუნდი ბოლო ტურამდე ქულა-ქულაში იბრძოლებს. ბათუმელთა სასარგებლოდ ის ფაქტორები მეტყველებს, რომ მათ უკეთესი კალენდარი აქვთ და თუნდაც დინამო თბილისთან ნაჩვენები თამაშის ხარისხი საკმარისი უნდა იყოს დარჩენილ თამაშებში წარმატებული ასპარეზობისთვის. ჩემი აზრით, დინამო ბათუმს საქართველოს ჩემპიონატში გუნდური თამაში ყველაზე უკეთ გამოსდის.

დინამო თბილისის სასარგებლოდ დარჩენილ ტურებში ფსიქოლოგიური ფაქტორი იმუშავებს. მათ ბათუმში ბოლო წუთებზე ისეთი თამაშის გადარჩენა შეძლეს, რომელიც თითქმის უკვე წაგებული იყო. გარდა ამისა, თუ მჭედლიძე სეზონის ბოლომდე ფორმის აკრეფას შეძლებს და ჯანმრთელობაც ხელს შეუწყობს, ის თბილისის დინამოს ძალიან გააძლიერებს. საქართველოს ჩემპიონატში ამ კლასის ფორვარდი ძალიან დიდი ძალაა.

წყარო: popsport.ge

SHARE