ტიერი ანრის და დენის ბერგკამპის დუეტი პრემიერლიგის ისტორიაში არამხოლოდ საუკეთესო წყვილია, არამედ ეს არის დუეტი, რომელმაც ბრიტანული ფეხბურთი ერთხელ და სამუდამოდ შეცვალა. მათი თამაში საფეხბურთო რევოლუცია იყო – ფეხბურთი, რომლის მსგავსიც მანამდე პრემიერლიგაში არ უნახავთ. ანრისთან და ბერგკამპთან ერთად პრემიერლიგური ფეხბურთი უფრო გრაციოზული, დახვეწილი და ესთეტიკური გახდა. საერთოდაც, მათი თამაში უფრო ხელოვნებაა, ვიდრე სპორტი.
ისტორიული წყვილი
სიტყვა რევოლუცია შემთხვევით არ მიხსენებია. საფეხბურთო რევოლუციებზე საუბრის დროს უფრო ხშირად მიხელსის, კრუიფის, საკის ან გვარდიოლას სახელს გაიგონებ. იშვიათად ახსენებენ არსენ ვენგერს. არადა, მისმა არსენალმა ინგლისურ ფეხბურთში ნამდვილი გადატრიალება მოახდინა – ძირფესვიანად შეცვალა ფეხბურთის ბრიტანული გაგება.
ვენგერი პირველი კაცი იყო ბრიტანეთში, ვინც იქ კონტინენტური ფეხბურთი შეიტანა. ოღონდ, ერთი დამატებით: მსგავს ფეხბურთს კონტინენტურ ევროპაშიც ცოტა ვინმე თუ თამაშობდა. ბურთი სულ დაბლა, გაზონზე, მოკლე, სწრაფი პასები, დინამიკა შეტევაში და გუნდი, რომელიც სინქრონულად მოძრაობს – ეს ვენგერის არსენალი იყო. ვენგერამდე ბრიტანეთში მსგავსი თამაში არავის უცდია. საერთოდაც, ინგლისური ფეხბურთი სტილურად და ტაქტიკურად ყოველთვის კონსერვატული იყო.
ამ რევოლუციის სათავეებთან ორი მოთამაშე იდგა. ერთხელ მაინც თუ გინახავს ამ დუეტის თამაში, მათი სტილი არასდროს დაგავიწყდება. ვენგერის რევოლუცია ვერ შედგებოდა, ფრანგს გუნდში ბერგკამპი და ანრი რომ არ ჰყოლოდა.
ამ დუეტამდე, ბრიტანულ გუნდებს სულ მცირე ერთი, ხშირ შემთხვევაში კი ორი საჯარიმოს ფორვარდი ჰყავდათ. ალან შირერი, იან რაიტი, ტედი შერინგემი, ენდი კოული – 90-იანების საუკეთესო ბრიტანელი ფორვარდები საჯარიმოში თამაშის სპეციალისტები იყვნენ. უფრო სტატიკურად, ცოტა შეხებით თამაშობდნენ – ჩაწოდება და ალან შირერს ერთი შეხება ყოფნიდა გოლის შესაგდებად.
არსენ ვენგერს კი ჰყავდა ორი მთავარი შემტევი, რომლებიც დროის დიდ ნაწილს საჯარიმოს გარეთ ატარებდნენ. დენის ბერგკამპი კლასიკური 10 ნომერი იყო, ბურთს ნახევარმცველივით ფლობდა, კაცის მოტყუება, საგოლე გადაცემები, მოედნის ცენტრში თამაში – ყველაფერი ეხერხებოდა.
ტიერი ანრი თავისი ეპოქის ერთ-ერთი საუკეთესო ინდივიდუალისტი იყო – კოსმოსური სისწრაფის და ფენომენალური ტექნიკის პატრონი. ანრიც შეტევის მთელ ხაზზე მოძრაობდა, ყველაზე ხშირად მარცხენა ფლანგზე გადმოსვლა უყვარდა და მისი საყვარელი მანევრი მოედნის სიღრმეში ამოსვლა და შემდეგ თავისი სისწრაფის წყალობით სივრცეში შეჭრა იყო.
მოკლედ, ვენგერს ერთდროულად ორი ფორვარდი ჰყავდა, რომლებსაც საჯარიმოს გარეთ თამაში ისევე კარგად შეეძლოთ, როგორც საჯარიმოში.
საუკეთესო წლებში მათი ეს მანევრი დაცვას დიდ თავსატეხს უჩენდა. ორივე მათგანი მოედნის ნებისმიერ წერტილში შეიძლება გენახათ. ისინი რიცხვობრივ და ხარისხობრივ უპირატესობას მთელ მოედანზე ქმნიდნენ: თუ არსენალს მოედნის ცენტრში უჭირდა, მაშინ ბერგკამპი დამატებითი ნახევარმცველი იყო, თუ კონტრშეტევების ორგანიზება იყო საჭირო, გუნდს ყოველთვის ჰქონდა უკანჩამოწეული ანრის დრიბლინგის და სისწრაფის იმედი; ამ დუეტთან ერთად თამაში უიოლდებოდათ ნახევარმცველებს. მცველები ამ წყვილს მოედნის სიღრმეში მიყვებოდნენ, შესაბამისად, სივრცე მოედნის სიღრმიდან შეტევაში ჩართულ ნახევარმცველებს უთავისუფლდებოდათ. ფრედი ლიუნგბერგს, რობერ პირესს, პატრიკ ვიეირას და მარკ ოვერმარსს ბევრი ასეთი გოლი აქვთ გატანილი.
დენის ბერგკამპი არსენალში 1995 წელს მივიდა. ვენგერმა თავისი თამაში სწორედ ჰოლანდიელზე ააწყო. ეს არსენალი ჯერ კიდევ ბრიტანული და კონტინეტური ფეხბურთის ნაზავს თამაშობდა. ბერგკამპისა და ვენგერის მოყვანილ სხვა ევროპელ ფეხბურთელებთან ერთად (პეტი, ოვერმარსი) გუნდს ძლიერი ბრიტანული ბირთვიც (სიმენი, ადამსი, კიოუნი, დიქსონი) ჰყავდა. შემთხვევითი არ არის, რომ ამ გუნდის ცენტრალური თავდამსხმელი ნიკოლა ანელკა უფრო მეტად საჯარიმოს ფორვარდი იყო – ბრიტანულ სტილში თამაშობდა.
1999 წლის მერე, მას შემდეგ, რაც გუნდში ტიერი ანრიც მივიდა, ბერგკამპი-ანრის წყვილთან ერთად ის ფეხბურთი დაიბადა, რომელიც ვენგერის არსენალისთვის სამარკო ნიშანი გახდა.
ერთნაირები და განსხვავებულები
ორივე ამ მოთამაშეს თამაშის ერთნაირი გაგება, ერთანირი კონცეფცია ჰქონდათ. ისინი პოზიციურად და სტილურად არასტანდარტულები იყვნენ. სწორედ ამიტომ, ორივეს თავისი კარიერის თავიდან დაწყება სწორედ არსენალში მოუწია – იტალიაში წარუმატებელი გამოცდილების შემდეგ. უფრო დოგმატურ და ტაქტიკურ იტალიურ ფეხბურთში მათ თავისი ადგილი ვერ იპოვეს.
ბერგკამპი თამაშის სტილით და პოზიციით ალბათ ყველაზე ახლოს იყო იოჰან კრუიფთან. კლასიკურ ჰოლანდიურ სისტემაში (3-3-1-3) ის ნახევარმცველებსა და თავდამსხმელებს შორის იყო განლაგებული და სიტუაციურად ეხმარებოდა იმ რგოლს, რომელსაც ეს უფრო მეტად სჭირდებოდა. მილანის ინტერში მას პოზიცია ვერ უპოვეს – ეს პრობლემა ვენგერმა გადაჭრა.
ტიერი ანრის წარუმატებელი გამოცდილება უკვე იუვენტუსში ჰქონდა. ანრი სიტუაციურად ირგებდა მარცხენა ფლანგის შემტევის და ცენტრფორვარდის ფუნქციებს. ეს პოზიცია იუვენტუსში არ არსებობდა. ანრისაც 3-5-2 სქემაში მთელს ფლანგზე ათამაშებდნენ და ამ საქმიდან კარგი არაფერი გამოვიდა.
საერთო მათ ასევე თამაშის სტილი ჰქონდათ. იშვიათად მინახავს ვინმე, ვინც ამ დუეტის მსგავსი ელეგანტურობითა და გრაციით თამაშობდა. დენის ბერგკამპის გოლები ხელოვნების შედევრია – მისი გოლი ნიუკასლის წინააღმდეგ, საერთოდაც, პრემიერლიგის საუკეთესო გოლად არის აღიარებული.
ანრის არანაკლები სილამაზის გოლები აქვს შეგდებული – მარტო მანჩესტერის წინააღმდეგ გატანილი გოლი რად ღირს, როდესაც მან ბურთი აიგდო და ისე დაარტყა. მახსოვს, ამ გოლს ლაივში ვუყურე – აბსოლუტური შოკი იყო. მას შემდეგ თითქმის 20 წელი გავიდა – მსგავსი გოლი აღარ მინახავს.
განსხვავებული იყო მათი თამაშის სისწრაფე. ანრი თავისი პერიოდის ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი იყო: 188 სმ. სიმაღლის, ძალიან გრძელი ნაბიჯით – დანიასთან ევრო 2000-ის თამაშზე 60 მეტრი ბურთით 8 წამში გაირბინა და ისე გაიტანა. ბერგკამპი ყოველთვის გეგონა, რომ ნელა, აჩქარების გარეშე თამაშობდა. ის მოთამაშეების იმ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომლებიც ინტელექტის, თამაშის გაგების და სწორი პოზიციის შერჩევის ხარჯზე გადიან ფონს.
თუკი ბერგკამპი უფრო აკადემიური და რაციონალური იყო, ანრი უფრო ბუნებრივად გამოიყურებოდა და უფრო მეტად ინსტიქტების და რეფლექსის ხარჯზე თამაშობდა.
რომელი უფრო მაგარი იყო
მათი შედარება რთულია. ორივეს იმდენად განსხვავებული და გამორჩეული სტილი ჰქონდა, რომ ერთმანეთს კი არა, რთულია საერთოდ ვინმეს შეადარო. თანამედროვე ეპოქაში არც ანრის და მით უმეტეს, არც ბერგკამპის სტილის არავინ მახსენდება.
ტიერი ანრი პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ჟურნალმა FourFourTwo-მ ცოტა ხნის წინ პრემიერლიგის 100 საუკეთესო მოთამაშეს შორის პირველ ადგილზე სწორედ ანრი გაიყვანა, ბერგკამპი – მე-18 იყო. ანრი სტაბილურად ნომინირებდა თავისი ეპოქის სულ მცირე 3-5 საუკეთესო ფეხბურთელს შორის. ევროპული ფეხბურთისთვის ანრი უფრო დიდი ვარსკვლავი იყო, თუმცა ბერგკამპი, თავისი ფუნქციით, არსენალისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი მოთამაშე გახლდათ.
ანრის არსენალში 254 თამაშში ფენომენალური 174 გოლი აქვს გატანილი. თუ იგი უფრო ბომბარდირი იყო, ბერგკამპს უფრო მეტად საგოლე პასების გაკეთება ეხერხებოდა. ამასთან ერთად, მის ანგარიშზე 315 თამაშში გატანილი 87 გოლია – ძალიან კარგი შედეგი მოედნის სიღრმეში დაწეული ფორვარდისთვის.
ამ დუეტს არსენალში 7 სეზონი აქვს გატარებული. ამ სეზონების დასაწყისში არსენალის ლიდერი სწორედ ბერგკამპი იყო, შემდეგ ეტაპობრივად, ასაკში შესვლასთან ერთად, ეს როლი მან ანრის გადაულოცა. მათი არსენალში ერთად ყოფნის პერიოდი უფრო მეტად ანრის კარიერის პიკი იყო, ვიდრე ბერგკამპის.
ამ წყვილს ერთად მხოლოდ ორი პრემიერლიგა აქვს მოგებული. თუნდაც პრემიერლიგის კონკურენციის ფონზე, იმ კლასის გუნდისთვის, რაც მაშინ არსენალი იყო, ეს ცოტაა. ამის მიზეზი ალბათ ისიც არის, რომ ორივე მათგანი უფრო მეტად ხელოვანები იყვნენ, ვიდრე მკვლელები. ფერგიუსონის მანჩესტერთან ან მოურინიოს ჩელსისთან ბრძოლაში არსენალი კლასით და თამაშით მეტოქეებს არაფრით ჩამოუვარდებოდა, თუმცა ე.წ. მკვლელის ინსტინქტი ხშირად კონკურენტებს უფრო მეტი ჰქონდათ.
2006 წელს, ბერგკამპის ბოლო სეზონში, არსენალი ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მივიდა, სადაც რონალდინიოს და რაიკარდის ბარსელონასთან წააგო. ამ გუნდის უპირობო ლიდერი უკვე ტიერი ანრი იყო.
ყველაზე გულდასაწყვეტი მარცხი და ამავე დროს ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება 2004 წლით თარიღდება. ამ ისტორიულ სეზონში არსენალმა 38 ტური დაუმარცხებლად გაიარა და ჩემპიონი გახდა. ამ წელს არსენალი ევროპაში უპირობოდ საუკეთესო იყო, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლითი ფრის და სახლში მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ, რანიერის ჩელსისთან მეოთხედფინალში ძალიან გულდასაწყვეტი მარცხი იწვნია. თანაბარ ანგარიშზე დამატებითი დროის წინ უეინ ბრიჯმა მატჩის ბოლოს გაიტანა. ვისაც ეს სეზონი ახსოვს, დამეთანხმება, რომ არსენალი ჩელსიზე და სხვა ყველა დანარჩენზეც ერთი თავით წინ იყო. კონკურენტი თითქოს არც ჰყავდა – ფინალი იმ წელს საერთოდაც პორტუმ და მონაკომ ითამაშეს.
ანრი-ბერგკამპის დუეტი შედეგებით და სტატისტიკით არ იზომება. ეს ემოციების და შთაბეჭდილებების ამბავია. მათნაირად ფეხბურთი არავის უთამაშია.
წყარო: popsport.ge