გასულ კვირას ქართველმა ჩოგბურთელებმა – მარიამ ბოლქვაძემ და სოფიო შაფათავამ ჩინური ლიუ ჩჟოუს ჩოგბურთელ ქალთა 60.000-იან ტურნირში იასპარეზეს. შაფათავამ სტარტი საკვალიფიკაციო ეტაპიდან აიღო. პირველი შეხვედრა კი მოიგო, მაგრამ მე-2 წრეში დამარცხდა და შეჯიბრებას გამოეთიშა, რადგან წყვილებში ბრიტანელ ემილი ვებლი-სმითთან ერთად სტარტზევე წააგო.
ერთეულებში უკეთ იასპარეზა მარიამ ბოლქვაძემ: მან ზედიზედ სძლია მასპინძლებს – იუე იუანსა (6:2, 6:2) და სიუე სანის (6:2, 6:2). მეოთხედფინალში ავსტრალიელ არინა როდიონოვასთან პაექრობისას, როცა პირველ ხელს 1:4-ს აგებდა, ტრავმა მიიღო და შეჯიბრების გაგრძელება ვერ შეძლო. ეტყობა, ტრავმა უმნიშვნელო იყო, რადგამ მიმდინარე კვირას იგი ჩინურ შენჟენის 100.000-იან ტურნირში მოსინჯავს ძალებს. სტარტზე სლოვენ დალილა იაკუპოვიჩს შეხვდება.
ამავე ტურნირში უკვე ჩაება სოფიო შაფათავა. კვალიფიკაციის პირველ წრეში მან ჩინელ შილინ ქსუს აჯობა – 2:6, 6:4, 10:3 და მე-2 გადამწყვეტ წრეში დღეს ანასტასია გასანოვასთან გაარკვევს ურთიერთობას. ამ უკანასკნელმაც მასპინძელს აჯობა – იუქუან ჩჟანს – 6:3, 6:3.
ქართველი ჩოგბურთელები წყვილებშიც იასპარეზებენ. შაფათავა ვებლი-სმითთან ერთად მესამე ნომრებს – მიიუ კატოსა (იაპონია) და დანკა კოვინჩს (მონტენეგრო) გაუწევს მეტოქეობას, ხოლო ბოლქვაძე და ნატალია კოსტიჩი (სერბეთი) ჩინელებს – ქსინიუ ვანსა და ლინ ჩჟუს დაუპირისპირდებიან. ეკატერინე გორგოძე, რომელმაც წინა კვირას წყვილებში 60.000-იანი ტურნირი მოიგო და რეიტინგში 27 საფეხურით დაწინაურდა, ფრანგული სენტ-ეტიენის 25.000-იან ტურნირში ითამაშებს.
რადგან ზემოთ რეიტინგი ვახსენეთ, აქვე ჩოგბურთელ ქალ-ვაჟთა საერთაშორისო ასოციაციების განახლებულ მსოფლიოს კლასიფიკაციაში ქართველთა დღევანდელ მონაცემებს გაგაცნობთ: ვაჟთა რეიტინგში 1450 ქულით ნიკოლოზ ბასილაშვილი ისევ 26-ე ადგილზეა.
ქალები: ერთეულები. 156 (158). მარიამ ბოლქვაძე (390), 207 (200). ეკატერინე გორგოძე (288), 448 (451). სოფიო შაფათავა (92), 808 (796). მარიამ დალაქიშვილი (24), 1075 (1071). ზოზია ქარდავა (9), 1172 (1004). სალომე დევიძე (6), 1247 (1244). ანა მაქაცარია 94).
წყვილები. 60 (61). ოქსანა კალაშნიკოვა (1390), 158 (185). ეკატერინე გორგოძე (491), 172 (169). სოფიო შაფათავა (456), 446 (464). მარიამ ბოლქვაძე (134), 864 (853). მარიამ დალაქიშვილი (31), 1286 (1269). ზოზია ქარდავა (8), 1327 – ნინო ნაცვლიშვილი (6), თამარ გაგოშიძე (6), ლანა კენჭიაშვილი (6).
წყარო: lelo.ge