მესამე წელია, შოთა მახარაძე ტირასპოლის “შერიფში” მუშაობს. კლუბის სისტემაში საფეხბურთო აკადემიის მწვრთნელობით დაწყებულ კარიერაში გამოჩნდა პროგრესი და ამჟამად რანგით მეორე კლუბის დამრიგებელია.
39 წლის სპეციალისტი ქართველებიდან ერთადერთია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაშია ჩართული. მართალია, მისი გაწვრთნილი 19-წლამდელთა “შერიფი” იუნიორებში გამოდის, მაგრამ ევროპულ ფეხბურთთან სიახლოვისა და მისი ტენდენციების გაზიარებისთვის ესეც არ არის პატარა საქმე.
შოთა მახარაძის გაწვრთნილმა “შერიფის” ახალგაზრდულმა გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდიდან ალბანური “შკენდია” გააგდო (2:1, 1:0) და მეორე ეტაპზე დღეს, ოთხშაბათს, ნორვეგიულ “სოგნდალს” დაუპირისპირდება.
შოთა მახარაძეს ტირასპოლში ამ თამაშამდე დავუკავშირდით და ინტერვიუ ჩავწერეთ. სამწვრთნელო პერსპექტივა, დღევანდელი გუნდი, ქართულ-მოლდოვური დაპირისპირება… ვფიქრობთ, საინტერესო საუბარი გამოვიდა…
იუნიორთა ლიგა წაუგებლად
– თქვენმა გაწვრთნილმა გუნდმა იუნიორების ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლა წარმატებით დაიწყო...
– თავდაპირველად, ვიტყვი, რომ ამ ტურნირზე მონაწილეობა ჩემთვისაც მნიშვნელოვანია და გუნდისთვისაც, და საერთოდაც, დიდი პატივია. წელს ჩემპიონობა დიდი შრომისა და თავდადების ფასად მოვიპოვეთ. პარალელურ რეჟიმში ეს გუნდი მონაწილეობდა 19-წლამდელთა და დუბლების ჩემპიონატებში. დუბლების ჩემპიონატში პირველი ადგილი ისე დავიკავეთ, თამაში არ წაგვიგია. რა დონეზეც არ უნდა თამაშობდე, ასეთი შედეგის მიღწევა თანამედროვე ფეხბურთში ძალიან ძნელია. სამწუხარო ის არის, რომ რეიტინგის გამო ამ ტურნირში ქართული გუნდი არ მონაწილეობს.
– იუნიორების ჩემპიონთა ლიგაში თქვენი გუნდის თამაშსა და შანსებს როგორ შეაფასებდით?
– წლეულს პირველ რაუნდში ალბანური “შკენდია” შეგვხვდა, რომლის მთავარი მწვრთნელი ალბანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცის, ჯანი დე ბიაზის თანაშემწე იყო და ახლა იმავე ნაკრებში ედუარდო რეიას ასისტენტად მუშაობს. ორივე თამაში ძალიან საინტერესო იყო. ალბანეთში თამაში ცუდად დავიწყეთ, მე-11 წუთზე “სტანდარტულიდან” გაშვებულმა გოლმა აგვრია… მაგრამ გუნდური თამაშითა და თავდადებით თამაშის შემოტრიალება შევძელით. მეორე თამაში ტირასპოლში უფრო რთული გამოდგა, მაგრამ მატჩს ძალიან პრაგმატულად მივუდექით და აქაც სასურველ შედეგს მივაღწიეთ…
მეორე ეტაპზე ნორვეგიული გუნდი შეგვხვდა. საინტერესოა, რომ ქალაქ სონგდალის მოსახლეობა სულ რაღაც 7 ათასია და ასეთი გამართული, ბრძოლისუნარიანი გუნდი ასეთ პატარა ქალაქში როგორ ჩამოაყალიბეს, ეს ჩემთვის ძალიან საიტერესოა… შანსების რა გითხრათ… ყველანაირად ვეცდებით, ეს ბარიერიც გადავლახოთ. ამ ტურნირზე მაქსიმალურად დიდხანს გვსურს დარჩენა.
ამ წინადადებებს არც განვიხილავ…
– “შერიფი” ერთგვარი ბრენდია, მის ახალგაზრდულ გუნდში ასეთი წარმატებული მუშაობა ბევრს ნიშნავს და თქვენ, როგორც ახალგაზრდა სპეციალისტს, წინსვლის პერსპექტივაც გექნებათ...
– პერსპექტივა ნამდვილად დიდია იმ კუთხით, რომ ამ გუნდში ძალიან კარგი თაობა შეიკრიბა. ეს იმის მაჩვენებელია, რომ სწორი მუშაობით შედეგის მიღწევა შესაძლებელია. ამას ხედავენ და ცხადია, ეს მაიმედებს.
– ამდენ ხანს უცხოეთში ტყუილად არავინ გაგაჩერებდათ, მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, ამ პერიოდში ქართული კლუბი თანამშრომლობისთვის არ დაგკავშირებიათ?
– მეშვიდე წელია, რაც ამ გუნდში ვმუშაობ, 2018 წლიდან კი მომეცა საშუალება, დუბლშემადგენლობის პარალელურ რეჟიმში 19-წლამდელთა გუნდისა და “შერიფის” აკადემიის მთავარ მწვრთნელად მემუშავა. ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევა იყო და არის. ასე რომ, მთელი სულით და გულით ვარ ჩართული “შერიფის” განვითარებაში და, სიმართლე გითხრათ, თავს პროფესიონალად ვგრძნობ.
– პროფესიონალი ან ხარ, ან – არა. კლუბის პირობები ამასთან კავშირშია?
– იმას ვგულისხმობ, რომ კლუბს გააჩნია ყველა ის რესურსი, რომელიც თანამედროვე ფეხბურთს სჭირდება.
– მიწვევებზე არაფერი გითქვამთ...
– შემოთავაზებები იყო ბალტიისპირეთის ქვეყნების გუნდებიდან, მაგრამ ამაზე არც მიფიქრია.
– რატომ?
– იმიტომ, რომ “შერიფთან” ვალდებულება გამაჩნია…
თბილისში სხვა გუნდი გვყავდა…
– ზაფხულში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან “შერიფი” მოულოდნელად გააგდო “საბურთალომ”. რა რეაქცია იყო ამ წაგებაზე მოლდოვაში და თქვენ როგორ ახსნით ამას?
– უპირველესად იმას ვიტყვი, რომ “საბურთალომ” ამ წლების განმალობაში წარმატებული გზა გაიარა და დიდი ნახტომი გააკეთა. ევროსარბიელზეც სადებიუტო სეზონი ჩაატარა და კლუბის ხელმძღვანელობის, მთავარი მწვრთნელისა და მთლიანად გუნდის დიდი დამსახურებაა, რომ ისინი წარმატებულ გუნდად ჩამოყალიბდნენ. პირველი თამაშის შედეგი ჩვენთვის გულდასაწყვეტი იყო და რა რეაქცია უნდა ყოფილიყო საშინაო შეხვედრის მერე, ეს თქვენც კარგად გესმით… მაგრამ საპასუხო თამაშში სულ სხვა გუნდი ვიხილეთ და გამოჩნდა, რომ “შერიფს” ბევრად მეტი შეეძლო, ვიდრე პირველ შეხვედრაში აჩვენა.
– თქვენს გუნდში ქართველი ფეხბურთელები არ არიან. საინტერესო არავინ გეგულებათ თუ მოლდოვაში თამაშს არ თანხმდებიან?
– ქართველებში უამრავი საინტერესო მოთამაშე და ტალანტი მეგულება. მაგრამ ჩვენ აქცენტს “შერიფის” აკადემიის აღზრდილებსა და ადგილობრივებზე ვაკეთებთ. ასე რომ, ამ ეტაპზე სხვა ქვეყნებიდან მოთამაშეების მიწვევაზე ლაპარაკი არ არის. ელემენტარულად, აკადემიაში ლეგიონერებზე აქცენტს არც ვაკეთებთ.
წყარო: lelo.ge