ექსკლუზიური ინტერვიუ ქართველ ქალ მსოფლიო ჩემპიონთან – ეთერ ლიპარტელიანთან

453

17 ოქტომბერს, ეთერ ლიპარტელიანი გახდა პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

Live.ge-ს ეთერი ექსკლუზიურად ესაუბრა. ლიპარტელიანმა თავისი კარიერის საწყისებზე, აწმყოსა და მომავალზე ისაუბრა.

– საქართველოში ძიუდო გოგონებისთვის ისეთი პოპულარული არ არის, როგორც ბიჭებისთვის. როდის და რატომ დაინტერესდი ძიუდოთი?

– დიახ პოპულარული არ არის, არც გულშემატკივარი გვყავს ბევრი, ამიტომ ყველანაირად ვცდილობთ რომ დავუმტკიცოთ ყველას არანაკლები შეგვიძლია ქალებს ვაჟებისგან. რაც შეეხება დაინტერესებას, 8 წლის ასაკში დავინტერესდი ძიუდოთი, 10-12 წლის ასაკში უკვე სერიოზულად მოვეკიდე ჩემი მწვრთნელების კახა მოცრაძის და გია თენაძის დახმარებით.

– როგორი იყო გზა ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონობამდე?

– გზა ძალიან რთული იყო, ადვილი სულაც არ არის ემზადებოდე ბიჭებთან მუდმივად, მაგრამ ჩვენი შედეგებიდან გამომდინარე ფედერაციამ ყურადღება გამოიჩინა, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო. იქნება მეტი ხელშეწყობა, იქნება მეტი შედეგი.

– როგორია იყო პირველი ქართველი ქალი მსოფლიო ჩემპიონი?

– მე ძალიან ამაყი ვარ, რომ გავხდი პირველი ქალი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი. ამან სამომავლოდ ორმაგი მოტივაცია და თავდაჯერებულობა მომცა.

– უკვე მოახერხე ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონობის მოპოვება ახალგაზრდებში, ასევე ევროპის თასის მოგება კადეტებსა და ახალგაზრდებში, რა არის შემდეგი ნაბიჯი დიდებში?

– შემდეგი ნაბიჯი უკვე სალიცენზიო ქულებისთვის ბრძოლაა,  უკვე საკმააოდ ახლოს ვარ ლიცენზიასთან, მაგრამ აუცილებელია ვიასპარეზო ტურნირებზე რათა შევინარჩუნო ლიცენზია და შენარჩუნებასთან ერთად გავაუმჯობესო კიდეც.

– ერთ-ერთ ინტერვიუში თქვი, რომ შენი მიზანი 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ტოკიოს ოლიმპიადაზე უმაღლესი მწვერვალების დასაპყრობად ბრძოლა იქნებოდა. როგორ ემზადები ტურნირისთვის?

– დიახ ! მინდა ლიცენზია მოვიპოვო 2020 წლის ოლიმპიადისთვის. მე თავდაუზოგავად ვიშრომებ, დანარჩენი კი უფლის ნებაა ყველაფერი.

– ბოლო წლებში, საქართველო გუნდურ სახეობებში მონაწილეობას გოგონათა არასაკმარისი რაოდენობის გამო ვერ იღებდა. როგორც ჩანს ამ მხრივ სასიკეთო ძვრებია…

– დიახ უკვე ვქმნით კონკურენციას 70-კგ წონით კატეგორიაში. +70-ში არიან საკმაოდ ძლიერი სპორტსმენები: მარიამ ჭანტურია, სომხიშვილი, მაყიშვილი და მე. ვფიქრობ არაფრით ჩამოუვარდებით ბიჭებს, ახალგაზრდებში საკმაოდ კარგად ვიასპარეზეთ ყველა შეხვედრა მოვიგეთ ევროპაზეც და მსოფლიოზეც მე და ჭანტურიამ, რომ არა რამოდენიმე დაუდევარი შეხვედრა ჩვენ ჩემპიონებიც გავხდებოდით.

– ქალთა ძიუდოში ვინ არის შენი კერპი?

– კერპი არ მყავს, მოკლედ რომ გითხრათ, თავისუფალ დროს ძიუდოს ვიდეოების ყურება ძალიან მიყვარს და არაერთხელ მითქვამს რამდენიმე ძიუდოისტზე, რომ იგი უძლიერესია, მაგრამ რასაც ქვია კერპი, მე იგი არ მყავს.

– ვარლამ ლიპარტელიანთან ურთიერთობაზე მოგვიყევი. როგორც ადრე თქვი, ის შენი ძალიან დიდი გულშემატკივარი და მეგობარია

– დიახ, ვარლამ ლიპარტელიანი ძალიან მგულშემატკივრობს, მარიგებს და პატარა დასავით ვყავარ. თითოეული ჩემი წარმატება ისე უხარია, როგორც საკუთარი. ანალოგიურად ვარ მეც და ძალიან მიხარია გვერდში ისეთი ადამიანები რომ მყავს, როგორებიც არიან: ვარლამ და სოსო ლიპარტელიანები.

– მთავარი მოტივაცია, ადამიანები, ვინც წარმატების მიღწევაში ყველაზე მეტად გეხმარებიან

– მთავარი მოტივაცია ჩემი ოჯახია, ბიძაჩემი, რომელმაც 10 წლის ასაკში წამომიყვანა თბილისში და მეურვეობა თავისთავზე აიღო. მზრდიდა როგორც საკუთარ შვილს და თამამად მინდა ვთქვა, რომ ყოველი ჩემი გამარჯვება მას და ჩემს ოჯახს ეძღვნება.  ჩემს წაგებაზე ყველაზე მეტად იმიტომ ვნერვიულობ, რომ ბიძაჩემს იმედებს ვუცრუებ და გულს ვწყვეტ.

 

წყარო: live.ge

SHARE