ვაისი და ასტანა: მოლაპარაკებები იყო…

429

რამდენიმე დღის წინ ყაზახურ სპორტულ მედიაში ვლადიმირ ვაისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პერსონა გახლდათ. იქაურმა გამოცემებმა ერთხმად გვაცნობეს, რომ ის ყაზახეთის მოქმედი ჩემპიონისა და ყველაზე პოპულარული კლუბის, “ასტანას” მწვრთნელობის უმთავრესი კანდიდატი გახლდათ…

სხვათა შორის, ყაზახური პრესა გვარიანი სიზუსტით გამოირჩევა და ძალიან იშვიათად, ან პრაქტიკულად არ ავრცელებს გადაუმოწმებელ ინფორმაციას. ასე რომ, სრული საფუძველი გვაქვს, ვივარაუდოთ, რომ კვამლი უცეცხლოდ ნამდვილად არ გაჩენილა. მით უმეტეს, პრესკონფერენციაზე ვაისმა ირიბად დაადასტურა – კულისებში მოლაპარაკებები ყოველთვის შეიძლება მიმდინარეობდესო…

მართალია, ამ დროისთვის უკრაინელი მწვრთნელი რომან გრიგორჩუკი ინარჩუნებს “ასტანას” მთავარი მწვრთნელის თანამდებობას, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობა რეალურად განიხილავდა ვაისის ვარიანტს. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახლდათ ყაზახეთის პრემიერლიგაში გუნდის სუსტი ასპარეზობა.

“ასტანას” ძალიან ბევრი კვლავ ჩემპიონობას უწინასწარმეტყველებდა, თუმცა ამ დროისთვის სულ სხვა სურათი გვაქვს – გუნდი 5 ქულით ჩამორჩება ჩემპიონატის ლიდერს, ჯაბა კანკავასა და ნიკა კვეკვესკირის “ტობოლს”. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ “ასტანას” მეტოქეზე ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მოკლედ, შეთავაზება რეალური იყო, მაგრამ ვაისმა საქართველოს ნაკრებში დარჩენა არჩია და ეს ძალიან კარგია, რადგან ახლა მისი წასვლა არაფრით არ შეიძლება. როგორიც არ უნდა იყოს ვაისისადმი დამოკიდებულება, უნდა ვაღიაროთ, რომ ახლა მისი წასვლა დამღუპველი იქნება საქართველოს ნაკრებისთვის, რადგან მალე დაგვიდგება მარტი, როცა ჩვენი ქვეყნის მთავარმა გუნდმა ერთა ლიგის უმნიშვნელოვანესი მატჩები უნდა ჩაატაროს.

ვაისი რომ წასულიყო, საქართველოს ნაკრების ახალ დამრიგებელს ბელარუსთან (ან ლუქსემბურგთან) მატჩისთვის მოსამზადებლად დარჩებოდა გიბრალტარსა და შვეიცარიასთან ორი ოფიციალური, ხოლო ხორვატიასთან ამხანაგური შეხვედრები.

სამი თამაში კი ნამდვილად არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ახალმა მწვრთნელმა ბოლომდე შეიქმნას შთაბეჭდილება გუნდზე, განახორციელოს ნოვაციები და ასე შემდეგ.

რა იქნება მომავალში? ჩვენი ინფორმაციით, “ასტანას” არ აუღია ხელი ვაისის გადაბირებაზე და ყაზახური კლუბი ზამთარში ან გაზაფხულზე კიდევ ეცდება თავისას. წარმოუდგენლად გვეჩვენება ვაისის წასვლა ზამთარშიც, რადგან იქვე ყურის ძირში მარტია. იქამდე დარჩენილ შეხვედრებში ჩვენ უსათუოდ მოვუგებთ გიბრალტარს, ხოლო შვეიცარიასა და ხორვატიასთან გასვლაზე ნაკრებს ვერავინ მოსთხოვს მოგებას.

სხვა საქმეა, რა იქნება გაზაფხულზე. ვნახოთ, რა შედეგს აჩვენებს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში. ამაზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, მათ შორის, ვაისის მომავალიც.

წყარო: lelo.ge

SHARE