ვალენსიამ მამარდაშვილის საკითხი გადაწყვიტა

823

“ვალენსიას ქართველი გოლკიპერი გიორგი მამარდაშვილის რეალური, საბაზრო ფასი ათჯერ უფრო ძვირია, ვიდრე ის თანხა, რაც ესპანურ კლუბს მისი გამოსყიდვა დაუჯდება. ამის ნათელი მაგალითი CIES ფეხბურთის ობსერვატორიის (ფიფას სამეცნიერო დეპარტამენტი) მიერ ახლახან გამოქვეყნებული კვლევაა, რომელშიც გიორგი ახალგაზრდა მეკარეების ტოპათეულში მოხვდა – 8 მილიონი ევროს ოდენობის საბაზრო ფასით (არადა, ვალენსია მას 800 000-ად გამოისყიდის). ქართველი ამ რეიტინგში, სადაც ვალენსიას ერთი ფეხბურთელიც კი ვერ მოხვდა (პოზიციების მიხედვით) მეკარეებში მე-7 ადგილზეა”, – წერს ესპანური გამოცემა.

როგორც იცით, ვალენსიას პირველ იანვრამდე გიორგი მამარდაშვილის გამოსყიდვა 800 000 ევროდ შეუძლია, ახლა კი 21 წლის მეკარე იჯარის წესით თამაშობს ლა ლიგის კლუბში.

“ვალენსიას ჯერ ოფიციალურად არ უცნობებია მამარდაშვილისთვის, რომ კლუბმა გადაწყვეტილება მიიღო მისი გამოსყიდვის შესახებ. ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, მენეჯერები კლუბში სხვა საკითხებს აგვარებენ, მაგრამ ფაქტია, კლუბი აპირებს მის შეძენას, რადგან სეზონის ბოლოს გამოსასყიდი ფასი მეტი იქნება”.

გიორგიმ 20 წლის ასაკში ლა ლიგის 6 მატჩში ითამაშა

ვალენსიას პრეზიდენტი ანილ მარტი სინგაპურიდან დაბრუნდა, სადაც ამ დღეებში კლუბის მეპატრონე პიტერ ლიმთან მართავდა კონსულტაციებს. ამ შეხვედრაზე ვალენსიას ყველა საკადრო პრობლემა განიხილეს, მათ შორის მამარდაშვილის ტრანსფერის საკითხიც. ოთხშაბათს დაბრუნებული პრეზიდენტი უკვე ნახეს ბორდალასთან ერთად. სამი ფეხბურთელის ტრანსფერის საკითხია გადასაწყვეტი – გიორგი მამარდაშვილის, უგო დუროსი და ალდერეტესი. აქედან გიორგის საკითხი უკვე დადებითად შეთანხმდა კლუბის მეპატრონესთან.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი ვალენსიამ ერთწლიანი იჯარით სარეზერვო გუნდისთვის, მესტალიისთვის წაიყვანა. გიორგი პირველ გუნდში ივარჯიშებდა და მეორეში ითამაშებდა და მესამე მეკარის სტატუსი ექნებოდა. მაგრამ ქართველმა გოლკიპერმა წინასასეზონო მატჩებში იმდენად შთამბეჭდავი თამაში აჩვენა, რომ ლა ლიგის პირველი 6 ტური კარში ის იდგა (პირველ ტურში ლა ლიგის საუკეთესო მეკარედაც დაასახელეს). პირველ ტურში სკამზე რივერო იჯდა, მე-2 – მე-6 ტურებში კი სილესენი. მხოლოდ სევილიასთან მატჩში დაშვებული შეცდომის შემდეგ, გიორგი შემადგენლობიდან ამოვარდა და მას მერე ლა ლიგაში კარს ნიდერლანდელი გოლკიპერი იცავს, მამარდაშვილი კი სათადარიგოა.

“ტრანსფერმარკტი” გიორგი მამარდაშვილს 3 მილიონ ევროდ აფასებს, CIES ფეხბურთის ობსერვატორია კი – 8 მილიონად.

წყარო: popsport.ge

SHARE