(ვიდეო) დაუმარცხებელნი ანუ ფრე ტურის მთავარ მატჩში

318

საქართველოს ჩემპიონატის მე-7 ტური ცენტრალური მატჩით დასრულდა, რომელშიც გათამაშების ლიდერმა გორის დილამ დინამო ბათუმს უმასპინძლა.

მატჩი უდიდეს ინტერესს იწვევდა. საინტერესო იყო, როგორ ითამაშებდნენ დაუმარცხებელი გუნდები ერთმანეთის წინააღმდეგ – გორის დილა ამ თამაშს 4 გამარჯვებით და 2 ფრით, დინამო ბათუმი კი 2 გამარჯვებით და 4 ფრით შეხვდა.

მატჩი არცისე მაღალ ტემპში დაიწყო, გუნდებს რისკზე წასვლა არც უფიქრიათ, თუმცა ანგარიში მაინც მალე გაიხსნა: ბათუმელთა მარჯვენა მცველის, კიჭი მელიავას ჩაწოდების შემდეგ, გორელთა ცენტრალურმა მცველმა დავით ხურცილავამ მოგერიება სცადა, მაგრამ ბურთი დაცვის ცენტრში თავის მეწყვილე ბალგუ უენდეუნტის მოარტყა და ამ უკანასკნელს საკმაოდ კურიოზული ავტოგოლი გამოუვიდა.

გოლის შემდეგ ტემპმა მოიმატა. გორელებმა აქტიური შეტევები სცადეს და მათ ბათუმელებიც აჰყვნენ, თუმცა რეალური მომენტების შექმნა მაინც ვერ ხერხდებოდა. მატჩის დაწყებიდან დაახლოებით ნახევარ საათში დინამო ბათუმი სათამაშო უპირატესობას დაეუფლა და ბურთის კონტროლი დაიწყო. ამ პერიოდში თამაში ძირითადად გორელთა ნახევარზე მიმდინარეობდა. 35-ე წუთზე მელიავა-მანჯგალაძე-ჯოვინოს კომბინაციის შემდეგ ბრაზილიელს სხვაობის გაზრდა შეეძლო, მაგრამ მეკარემ აუღო.

პირველ ტაიმში ბენჟამინ ტეიდი დაშავდა და მის ნაცვლად თამაშში მათე ცინცაძე ჩაერთო

ზუსტად 2 წუთში დილას შეეძლო ანგარიშის გათანაბრება: ლექვთაძე-კოვტალიურკი-მარკოზაშვილის კომბინაცია ამ უკანასკნელმა ვერ დააგვირგვინა. ამ მომენტმა გორელებს თავდაჯერება დაუბრუნა – დილამ თამაში ბათუმელთა ნახევარზე გადაიტანა და მალე კიდევ ერთი მომენტიც შექმნა: გათანაბრება ამჯერად კოვტალიუკს შეეძლო. 43-ე წუთზე გორელებმა მაინც გაიტანეს: მელიავას შეცდომით მარკოზაშვილმა ისარგებლა და ირაკლი ლექვთაძე მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, ლექვთაძემ კი მიხეილ ალავიძეს ბურთი თავზე გადაუგდო – 1:1.

შეხვედრის მეორე ტაიმიც ისე დაიწყო, როგორც პირველი: მოსალოდნელზე უფრო დაბალ ტემპში. 58-ე წუთამდე რეალური მომენტი არ შექმნილა, ამ დროს კი ვაგნერ გიონსალვესის საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა და დილა გადარჩა.

ბოლო ნახევარ საათში აშკარად ჩანდა, რომ ფრე ორივე გუნდისთვის მისაღები შედეგი იყო, თუმცა ბოლო წუთებში ბათუმელებმა მოუმატეს და თამაშის მოგება სცადეს – ოღონდ, ზედმეტი რისკის გარეშე. ორჯერ ჯოვინოს მართებდა უკეთ თამაში, 85-ე წუთზე კი გაფრინდაშვილმა დაარტყა კარგად, მაგრამ ბურთი კარს მცირე მანძილით ასცდა. ბოლო 5 წუთში გია გეგუჩაძემ რეინალდოს მისცა თავის გამოჩენის შანსი – ბრაზილიელი თამაშში ვაგნერის ნაცვლად ჩაერთო, თუმცა თამაშში გარდატეხა ვერ შეიტანა.

საბოლოოდ 1:1 და ორივე გუნდი დაუმარცხებელი დარჩა. დინამო ბათუმისთვის ეს ამ სეზონში მე-5 ფრეა, გორის დილა კი გათამაშების ცხრილს 15 ქულით ლიდერობს. დინამო თბილისი და საბურთალო 12-12 ქულით მე-2 და მე-3 ადგილებს იყოფენ. დინამო ბათუმი 11 ქულით მე-4 ადგილზეა. მომდევნო ტურში ბათუმელები 2 აგვისტოს სამტრედიას უმასპინძლებენ, გორელები კი საბურთალოს ესტუმრებიან.

წყარო: popsport.ge

SHARE