(ვიდეო) „დინამომ“ გაბალა დიდი სხვაობით დამარცხა – სუპერგოლები დინამო არენაზე

490

ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში, თბილისის “დინამომ” აზერბაიჯანულ “გაბალას” (პირველი მატჩი 2:0 დინამოს სასარგებლოდ) უმასპინძლა. შეხვედრა ქართველთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა. ჩვენი გუნდი მესამე ეტაპზე გავიდა, სადაც ჰოლანდიურ “ფეიენოორდს” შეხვდება.

გუნდები მოედანზე ასეთი შემადგენლობებით გამოვიდნენ:

დინამო (4-3-3): პერალესი – იაშვილი, მონხილი, კობოური, ქიმაძე – ნინუა, კუხიანიძე, პაპავა – შენგელია, კუტალია, ქავთარაძე.

გაბალა (4-2-3-1): ნაზიროვი – სეიდიევი, რამალდანოვი, ზუნიჩი, ალიევი – გიგაური, მამადოვი – ვოლკოვი, ფერეირა, ბოკე – კუაკუ.

მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ გუნდები მოედნიდან მშრალ ანგარიშზე, 0:0-ზე გავიდნენ. ეს ხელს აძლევდა ქართულ გუნდს. თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავდა, რომ “დინამო” დაცვაში იყო ჩამჯდარი. თბილისელები შეტევაზეც თამამად გადადოდნენ და მეტოქის მეკარეც არაერთხელ შეაწუხეს. ერთ მომენტში ლევან შენგელიას შორეული ძლიერი დარტყმული ვერ შეიმაგრა აზერბაიჯანელთა მეკარემ, თუმცა ბურთი კუთხურზე გადავიდა.

ქართველები ბურთსაც კარგად აკონტროლებენ და პირველი ტაიმის მიხედვით წარმოუდგენლად ჩანდა, რომ მეტოქე მას მომდევნო ეტაპზე გასვლაში ხელს შეუშლიდა. პირიქით, დინამოელები იმდენედ დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ, რომ წინსწარ ცხადი იყო, მეორე ტაიმში აუცილებლად გაიტანდნენ.

როგორც მოსალოდნელი იყო, მეორე ნახევარში “დინამომ” ბურთზე სრული კონტროლი დააწესა და გოლები უკვე ოსტატობის საქმე იყო. ოსტატობა კი ლევან შენგელიამ ისეთი გამოავლინა, ბევრ ვარსკვლავს შეშურდებოდა. მან 68-ე წუთზე 40-მეტრიანი რეიდის შემდეგ ბურთს მშვიდად მიუჩინა ადგილი მეკარისგან ახლო კუთხეში, ხოლო ზუსტად 20 წუთში საჯარიმოს გარედან გამოზომილი დარტყმით ბურთი ძელიდან ასხლეტით გაიტანა.

მატჩის საბოლოო ანგარიში კი “დინამოს” ლეგიონერმა კარიკარიმ დააფიქსირა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე მან ჯერ ორი მეტოქე მოატყუა, შემდეგ შორეულ ზედა კუთხეში დაარტყა და ბურთი კვლავ ძელიდან ასხლეტით შევარდა კარში – 3:0.

წყარო: lelo.ge

SHARE