აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) მაყურებელმა პირველი ქართული „ფინიში“ იხილა და ის ორგანიზაციაში მოასპარეზე ერთადერთი ქართველი ქალის – ლიანა ჯოჯუას (8-3) ანგარიშზეა. მისი მეტოქე რუმინელი დიანა ბელბიტა (13-6) იყო, რომელიც ბუკმეიკერების მიერ ფავორიტად მიიჩნეოდა.
ბრძოლა სწორედ რუმინელის უპირატესობით დაიწყო, რომელმაც ლიანას რამდენიმე დარტყმა გაუტარა და დაპირისპირება კლინჩში გადაიყვანა. აქ თავს უფრო კომფორტულად ქართველი გრძნობდა. მან მალევე მოიპოვა კარგი პოზიცია და ბრძოლა პარტერში გადავიდა. ლიანას თავისი საყვარელი ილეთის – ხელის მტკივნეულის (Armbar) გაკეთების შანსი მიეცა. ბელბიტა, მიუხედავად ცუდი პოზიციისა, არ დანებდა. ლიანას მოძრაობის დასასრულებლად დიდი დრო არ დასჭირვებია და გამარჯვება პირველსავე რაუნდში მოიპოვა (2:47).
შეგახსენებთ, რომ ჯოჯუას ორგანიზაციის ეგიდით გამართული პირველი ბრძოლა შარშან UFC 242-ზე ჰქონდა, სადაც კანადელ სარა მორასთან დამარცხდა. 18 ივლისს ქვემძიმე წონით კატეგორიაში კიდევ ერთი ქართველი – რომან დოლიძე იჩხუბებს, რომელსაც დებიუტი რუსი ხადის იბრაგიმოვის წინააღმდეგ ექნება.
წყარო: 1tv.ge