სანაკრებო თემა ქართულ ფეხბურთში ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია. მარტში ეროვნულ გუნდს უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის თბილისში ბელარუსის ნაკრებთან. გვეიმედება, რომ ამ მატჩს მოვიგებთ და რამდენიმე დღეში ვუმასპინძლებთ ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს შორის გამარჯვებულს, ამ თამაშის მოგების შემთხვევაში კი ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში პირველად ვითამაშებთ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.
“ლელო” ესაუბრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტსა ალექსანდრე იაშვილს, ვისაც სანაკრებო ამბებზე დავეკითხეთ და მისგან ბევრი საინტერესო რამ მოვისმინეთ…
– მოდი, პლეი ოფით დავიწყოთ. წილისყრისას აშკარად გაგვიმართლა. ის, რომ თბილისში შეიძლება ვუმასპინძლოთ მაკედონიასა და კოსოვოს შორის გამარვებულს იმ შემთხვევაში, თუ ჯერ ბელარუსს მოვუგებთ, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ ამავე დროს, უდიდესი პასუხისმგებლობაცაა…
– ნახევარფინალს შინ ვთამაშობთ და ეს არის უპირატესობა, თუმცა ამან არ უნდა მოგვადუნოს. ამ ეტაპზე არ ღირს ფიქრი არც მაკედონიაზე და არც კოსოვოზე – ჯერ მხოლოდ ბელარუსთან მატჩზე ვართ კონცენტრირებულები.
– ბელარუსის ნაკრებს ჩვენთან ერთი კონკრეტული უპირატესობა აქვს: ისინი, დიდი ალბათობით, მოახერხებენ საქართველოსთან თამაშამდე შეკრების მოწყობას და ორი ამხანაგური შეხვედრის ჩატარებას. საქართველოს ნაკრები კი ამას ვერ შეძლებს, რადგან ჩვენი ფეხბურთელების აბსოლუტური უმრავლესობა, ბელარუსებისგან განსხვავებით, ლეგიონერია და მათი გამოძახება დადგენილ დროზე ადრე ვერ მოხერხდება. გამოდის, რომ ქართველი ფეხბურთელები თავიანთ კლუბებში მაქსიმალურად კარგად უნდა მოემზადონ ბელარუსთან მატჩისთვის…
– გარდა ამისა, ჩვენ უკვე დავიწყეთ კომუნიკაციები იმ კლუბებთან, რომლებშიც ჩვენი ფეხბურთელები თამაშობენ – კარგი იქნება, თუ მოხერხდება ჩვენი მოთამაშეების გამოშვება თუნდაც ერთი კვირით ადრე და მოხდება ისე, რომ მათ არ ჩაატარონ ბოლო თამაში კლუბში. რა თქმა უნდა, ცოტა რთული საკითხია და შეიძლება, არ დაგვთანხმდეს ყველა კლუბი, მაგრამ მინდა შეგახსენოთ, რომ ასეთ ვითარებაში პირველად არ ვართ. ყაზახებმაც ერთი თვით ადრე დაიწყეს თავის დროზე ჩვენთან თამაშისათვის მომზადება, მაგრამ ყველამ ვიცით, რა შედეგიც მივიღეთ…
– რაც შეეხება მედიის ინტერესს იმასთან დაკავშირებით, თითქოს, ვლადიმირ ვაისს წლის ბოლომდე აქვს კონტრაქტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან და ხომ არ არის საფრთხე, პლეი ოფის დაწყებამდე დაგვტოვოს, მით უმეტეს, დაიწერა, რომ მისი სამსახურით რუსული კლუბი “სოჩიც” დაინტერესდა – საქმე ისაა, რომ ვაისს კონტრაქტი აქვს 31 მარტამდე და სწორედ ის უხელმძღვანელებს საქართველოს ნაკრებს მარტში გასამართ შეხვედრებში. ხოლო ის, რომ ვაისის მიმართ არის ინტერესი, ერთი რამის მანიშნებელია – გამოდის, რომ ის კარგად მუშაობს საქართველოს ნაკრებში. ისე, ასეთი ჭორები ადრეც არაერთხელ გავრცელებულა და გასაკვირი არ არის.
– რაც შეეხება მსაჯობის თემას ბოლო დროს მომხდარის ფონზე, რაც ბევრისთვის აჩენს რისკს, რომ ანალოგიური რამ შეიძლება პლეი ოფის მატჩებშიც მოხდეს… სულ ვერიდები მსაჯებზე ლაპარაკს. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ დიდი ალბათობით, პლეი ოფის მატჩებში დაშვებული იქნება ვიდეორეფერი.
წყარო: lelo.ge