საქართველოსა და დანიის ნაკრებების მატჩის თაობაზე აზრის გაზიარება ვთხოვეთ ქართული ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდას, ვლადიმერ გუცაევს, ვინც ტრადიციულად საინტერესოდ ისაუბრა ამ შეხვედრაში ჩვენი გუნდის თამაშის შესახებ:
“ვფიქრობ, დანიასთან ფრე საქართველოს ნაკრებისთვის კარგი შედეგია. ამაზე ორი აზრი არ შეიძლება იყოს! შედეგის მხრივ უკმაყოფილების საფუძველი არ გვაქვს და, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ მეც…
არ შემიძლია, არ ვთქვა, რომ ბოლო 12-15 წელია მე არ მინახავს ასეთი სუსტი დანია. საერთოდ არ წაუვიდათ თამაში, მინიმალური რაოდენობის მომენტები შექმნეს ჩვენს კართან… მეორე მხრივ, ამაში, შეიძლება, საქართველოს ნაკრების დამსახურებაც დავინახოთ…
ახლა, რაც შეეხება ჩვენი გუნდის თამაშს. საშინაო შეხვედრაში, ჩემი აზრით, მეტი გამბედაობა გვმართებდა. არ ვიცი, შეიძლება ზედმეტად მაქსიმალისტი ვარ, მაგრამ არ მომწონს, როცა საშინაო მატჩია და ელოდები, როდის ითამაშებ ფრეს დანიასთან…
რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებმა ბევრი იბრძოლა და ამისთვის მადლობა ბიჭებს, მაგრამ სტადიონზე გულშემატკივარი სანახაობისათვის მიდის, გოლებისთვის მიდის და ეს ყველაფერი არ იყო. შენ უნდა აჩვენო ხალხსაც და მწვრთნელსაც, რომ შექმნა შეგიძლია...
შეიძლება ითქვას, ჩვენს თამაშს მარილი აკლდა. მე ვისურვებდი, რომ მომდევნო შეხვედრებში მეხილა უფრო შემტევი და სანახაობრივად მოთამაშე საქართველოს ნაკრები…
საუკეთესო? გამიჭირდება ვინმეს გამოყოფა. ფაქტია, ტრადიციულად კარგად იდგა გიორგი ლორია. ოთარ კიტეიშვილმა კარგად ითამაშა, მაგრამ კიდევ უნდა მოუმატოს. ისეთი პოზიცია აქვს, რომ გუნდის ლიდერი უნდა იყოს… მჯერა, ის კიდევ გაიზრდება, როგორც ფეხბურთელი.
რაც შეეხება თორნიკე ოქრიაშვილს, ეს არ იყო ბოლომდე მისი თამაში. გასაგებია, ახალგამოჯანმრთელებულია, მაგრამ მაინც… ჯანო ანანიძეს არ წაუვიდა თამაში, მისგან ყველა მეტს ველოდებით, იმიტომ, რომ ვიცით, რა შეუძლია“, – გვითხრა ვლადიმერ გუცაევმა.
წყარო: lelo.ge