ვლადიმერ გუცაევი ევროთასებზე: არ უნდა მოვდუნდეთ! ჯერ მხოლოდ საქმის ნახევარია გაკეთებული

557

ქართული კლუბები ევროთასებზე საპასუხო მატჩებისთვის ემზადებიან. პირველის თამაშების შემდეგ გულშემატკივრები იმედიანად არიან განწყობილი. კარგია, რომ ყველა ქართულ კლუბს აქვს შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი, მეტადრე ოთხიდან სამს, რომელსაც ეს თითქმის განაღდებული აქვს…

გუშინ “ლელო” ქართული ფეხბურთისა და თბილისის “დინამოს” ცოცხალ ლეგენდას, ვლადიმერ გუცაევს გაესაუბრა. თავდაპირველად, მას ზოგადი შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვეთ, მერე კი ცალკე ვკითხეთ ქართულ კლუბებზე…

– ჯერ იმაზე ვთქვათ, როგორი მოლოდინი გაქვთ ევროთასებზე საპასუხო მატჩის წინ?

– მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ბევრი სუსტი გუნდია, მაინც სასიხარულოა, რომ ასე დამაჯერებლად ითამაშა ჩვენი კლუბების უმრავლესობამ. მეტოქეების სისუსტე ტყუილად არ მიხსენებია. ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ “დინამოს” მართლაც ძალიან სუსტი მოწინააღმდეგე შეხვდა. ყველამ ვიცოდით, რომ მოიგებდა “დინამო” და ისიც ვიცით, რომ მეორე ეტაპზე გავა, მაგრამ მაინც სასიამოვნო იყო, რაც ვნახეთ.

ცალკე მინდა ვთქვა “საბურთალოს” შესახებ. ეს გუნდი ცალი ფეხით მეორე ეტაპზეა და ეს უკვე წარმატებაა. “შერიფზე” მერე, მანამდე კი ვიტყვი, რომ საქართველოს ჩემპიონმა ძალიან კარგი თამაში აჩვენა და არა მგონია, საპასუხო შეხვედრაში რაიმე ისეთი მოხდეს, რაც უსიამოვნოდ გაგვაკვირვებს. ერთი ფაქტია – ჯერ მხოლოდ საქმის ნახევარია გაკეთებული და ფეხბურთელებმა არ უნდა ჩათვალონ, რომ ყველაფერი მორჩა.

რაც შეეხება საჩხერის “ჩიხურას”, ეს გუნდი ფავორიტია ლუქსემბურგის “ფოლასთან” შეხვედრაში და ასე რომ არის, ნათლად დამტკიცდა პირველ შეხვედრაშიც. “ფოლა” არ არის ის კლუბი, რომელთანაც საპასუხო შეხვედრაში გამარჯვებაზე არ შეიძლებოდეს ფიქრი.

ქუთაისის “ტორპედოს” კი რა უნდა მოვთხოვოთ, ახლახან დაიშალა და ახალი, ერთმანეთთან შეუთამაშებელი ფეხბურთელები ჰყავს. შანსი მაინც არის და მისი გამოყენებისთვის ბოლომდე ბრძოლაა საჭირო.

– მოდით, ახლა ცალ-ცალკე განვიხილოთ თითოეული წყვილი…

– კი ბატონო… ფაქტია, მოლდოვის მრავალგზის ჩემპიონი “საბურთალოსთან” შეხვედრაში ბოლომდე იბრძოლებს. პირველი შეხვედრის შედეგმა, ალბათ, ყველა სასიამოვნოდ გაგვაკვირვა – გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ, რომ ასეთ ანგარიშს არავინ ელოდა. ცალკე თემაა ის შესანიშნავი თამაში, რომელიც ტირასპოლში აჩვენა საქართველოს ჩემპიონმა.

რა თქმა უნდა, “საბურთალო” ახლა უკვე აშკარა ფავორიტია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ – ბრძოლა ბოლომდეა საჭირო! “შერიფის” მფლობელს კარგად ვიცნობ. ის ფეხბურთში დიდ ფულს დებს, ძლიერ ფეხბურთელებს ყიდულობს… გუნდი ევროთასების საწყის ეტაპებზე სულ წარმატებით თამაშობს და ახლაც ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ ტრადიცია არ დაარღვიოს. რა თქმა უნდა, შინ განცდილ ასეთ მწარე მარცხს “შერიფი” იოლად ვერ შეეგუება…

“დინამოზე” კი საკითხავი ის იყო, რამდენ გოლს გაიტანდა – ოთხს, ხუთს, ექვსს თუ შვიდს? დაახლოებით იმავე სცენარს ველოდებით საპასუხო შეხვედრაში. “დინამომ” ანდორაში მხოლოდ მოსაგებად უნდა ითამაშოს. არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ სარეიტინგო ქულები მართლაც რომ ჰაერივით გვჭირდება. “დინამოში” რამდენიმე ახალი ფეხბურთელი გამოჩნდა და გუნდის გაძლიერებას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები…

“ჩიხურასაც” მოსაგები თამაში აქვს. ამ გუნდს შეუძლია ფეხბურთის თამაში და ეს არაერთხელ დაუმტკიცებია ევროთასებზე, თუნდაც ლუქსემბურგში გამართულ მატჩში. “ფოლა” ის ბარიერია, რომელიც აუცილებლად უნდა გავიაროთ. ამ ყველაფერს ემატება სოსო ფრუიძის ფაქტორი. ის უკვე დიდი ხანია, ამ კლუბში მუშაობს და ყველა ფეხბურთელის შესაძლებლობა იცის. მნიშვნელოვანია, რომ “ჩიხურა” არ შეეგუა გაშვებულ გოლს და სათავისოდ შემოატრიალა თამაში…

– …და “ტორპედო”?!

– რაც შეეხება “ტორპედოს”, წეღანაც ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ძნელია, ამ ფორმაციის გუნდს რაიმე მოსთხოვო დღევანდელ სიტუაციაში. ყველა ვიცით, რაც მოხდა ქუთაისში… და მაინც, მგონია, რომ “ტორპედოს” აქვს შანსი…

– თქვენი აზრით, სად არის ეს შანსი?

– უპირველეს ყოვლისა, ეს არის ის, რომ საპასუხო შეხვედრაში “ტორპედოს”, ვფიქრობ, ბევრი გულშემატკივარი დაუჭერს მხარს. გარდა ამისა, გუნდში არის არაერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი. ადვილი წარმოსადგენია, როგორი მოტივაციით ითამაშებენ ისინი “ორდაბასის” წინააღმდეგ. ნუ გამოვრიცხავთ სპორტულ იღბალსაც, რაც ჩვეულებრივი ამბავია.

– მაგრამ შემდეგ მოდის მეორე ეტაპი, სადაც მოწინააღმდეგეები გაცილებით ძლიერები იქნებიან. თქვენი აზრით, როგორია ამ მხრივ ჩვენი კლუბების პერსპექტივა?

– რა თქმა უნდა, გაცილებით ძლიერი მეტოქეები იქნებიან და, პირველ რიგში, ეს ეხება “საბურთალოს”, რომელიც, გამარჯვების შემთხვევაში, ზაგრების “დინამოს” დაუპირისპირდება. ეს არის გუნდი, რომელსაც ევროთასებზე თამაშის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. თან მათ სისტემატურად ჰყავთ ნიჭიერი, ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომელთაც გზას უხსნიან გაცილებით ძლიერ ევროპულ კლუბებსა და ლიგებში.

ასევე ძლიერია თბილისის “დინამოს” მეტოქე “გაბალაც”. გასაგებია, რომ ამ გუნდში შემადგენლობა შეიცვალა, მაგრამ აზერბაიჯანელები ფინანსების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდიან და მათთვის დიდი პრობლემა არ არის გუნდში ახალი მოთამაშეების მიყვანა…

ალბათ, მომავალ მეტოქეებზე მსჯელობა უპრიანი იქნება უფრო მაშინ, როცა პირველ ეტაპს ჩავამთავრებთ. ჯერ ეს ბარიერია გადასალახავი. მჯერა, ყველა ჩვენი გუნდის თითოეული ფეხბურთელი არ მოდუნდება და ბოლომდე იბრძოლებს ამ ბარიერების გადასალახავად.

წყარო: lelo.ge

SHARE