ვლადიმირ ვაისი: ნეტავ, თერთმეტი კიტეიშვილი მყავდეს!..

381

საქართველოსა და დანიის ნაკრებთა მატჩის დასრულების შემდეგ მწვრთნელებმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართეს და თამაში შეაჯამეს. ვლადიმირ ვაისისა და მედიის შეხვედრისას ითქვა:

– საქართველოს ნაკრების მწვრთნელად ჩემი დანიშვნის შემდეგ ეს იყო საუკეთესო თამაში, იმაზე უკეთესიც კი, ვიდრე – ესპანეთთან გასვლაზე გამარჯვება. უნდა გავითვალისწინოთ, რა დონის გუნდს ვხვდებოდით – დანია მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია და ტოპ10-ის გუნდებშია. მათ შემადგენლობაში კრისტიან ერიქსენი და სხვა ფანტასტიკური ფეხბურთელები თამაშობენ. ჩვენთან კი რამდენიმე მოთამაშე ტრავმის შემდეგ პირველად გამოჩნდა მოედანზე… დანიის წინააღმდეგ ხარისხი და ხასიათი ვაჩვენეთ, ტაქტიკური დისციპლინაც მაღალ დონეზე იყო, ამისთვის ბიჭებს მადლობას ვუხდი. საქართველოს ნაკრები დაცვაში კარგად მოქმედებდა, მეორე ტაიმში კი დანიელთა კარის აღების რამდენიმე შანსიც გვქონდა.

– ფრანგი მსაჯის მოქმედებას როგორ შეაფასებდით?

– ეპიზოდში, როცა გულშემატკივრები პენალტს ითხოვდნენ, მსაჯი სწორად მოიქცა. თუმცა რამდენიმე საკამათო გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება ჩემთვის ყვითელი ბარათის ჩვენებას, სახალისო იყო და თავი ისევ ფეხბურთელად ვიგრძენი…

– ნახევარმცველების თამაშს როგორ შეფასებდით?

– კანკავასა და კვეკვესკირის არყოფნის გამო, იძულებული გავხდით, ნახევარდაცვაში ცვლილებები მოგვეხდინა. აბურჯანიასა და კიტეიშვილის თამაშით გახარებული ვარ. 11 კიტეიშვილი მყავდეს, მშვიდად ვიქნებოდი. აბურჯანია ტაქტიკურად კარგად მომზადებული ფეხბურთელია, მაგრამ “სევილიაში” სკამზე იჯდა, ახლა კი კლუბი გამოიცვალა და “ტვენტეში” თავის გამოჩენის შანსი აქვს.

– გია გრიგალავს თამაშზე არს იტყვით?

– მომეწონა. ის რუსეთის ჩემპიონატშიც კარგად გამოიყურება. თანაც, მემარცხენე მცველია, რაც ამ პოზიციაზე ფასობს, ტაქტიკური დისციპლინა ახასიათებს და “მეორე სართულზეც” კარგად თამაშობს.

– შეცვლები ადრე რატომ არ გააკეთეთ?

– ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო. როცა გუნდი კარგად თამაშობს, კარგი მწვრთნელი შეცვლებს არ აკეთებს.

– გვილია რატომ არ იყო ძირითად შემადგენლობაში?

– გვილია გავაფრთხილე, რომ ძირითადში არ იქნებოდა. ის შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ ნახევარდაცვაში თითო შემტევითა და საყრდენით მსურდა თამაში და ამიტომ აბურჯანია-კიტეიშვილის წყვილი ვამჯობინე. ნახევარდაცვაში ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავს და დიდი კონკურენციაა.

წყარო: lelo.ge

SHARE