სამხრეთ კორეასთან ფრედ (2:2) ნათამაშები მატჩი ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა და საქართველოს ნაკრების დებიუტანტმა ზურიკო დავითაშვილმა შეაფასეს…
ვლადიმირ ვაისი: “ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა და ვფიქრობ, ამ მატჩის მოგება შეგვეძლო, ეს განსაკუთრებით პირველ ტაიმს ეხება. ასეთი მომენტები უნდა გამოვიყენოთ, რადგან მნიშვნელოვან თამაშებში ეს გადამწყვეტი იქნება…
…მოხარული ვარ, რომ ვაკო (ყაზაიშვილი) ასეთ ფორმაში დაგვიბრუნდა. ეს სწორედ ისეთი თამაში იყო, როგორსაც მისგან ველი და, ჩემი აზრით, მას გოლიც უნდა გაეტანა. ასევე მიხარია ოქრიაშვილისა და ანანიძის დაბრუნება…
…დავითაშვილმა საკუთარი პოტენციალი კარგად წარმოაჩინა. დებიუტის კვალობაზე მისით ძალიან კმაყოფილი ვარ. მან კარგად ითამაშა როგორც შეტევაში, ისე დაცვაში…
…ჩემი აზრით, დაცვის ცენტრში კარგად იმოქმედეს ტაბიძემ და კაშიამ…
…კიტეიშვილი მოედანზე საუკეთესო იყო. მისით კმაყოფილი ვარ, რადგან დაამტკიცა, რომ რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში…
…კორეა დანიისგან განსხვავებული გუნდია, თუმცა შედეგი მისაღებია, რადგან მეტოქე მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე გუნდი იყო, რომელშიც მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობენ. მნიშვნელოვანია, რომ ტრავმა არავინ მიიღო და ახლა კვირის თამაშისთვის გავაგრძელებთ მზადებას…
დანიის წინააღმდეგ შემადგენლობაში რამდენ ცვლილებას გავაკეთებ, ამას პარასკევის ვარჯიშის მერე გადავწყვეტ. დავაკვირდებით, როგორ აღიდგენენ ფეხბურთელები ძალებს. რა თქმა უნდა, შემადგენლობასთან დაკავშირებით ვარიანტები უკვე მაქვს და ვნახოთ, რომელს შევარჩევთ თამაშისთვის...
ჯაბა კანკავა გუნდის ერთერთი ლიდერია, თუმცა, როგორც იცით, ყვითელი ბარათების გამო დანიასთან ვერ ითამაშებს. მიუხედავად ამისა, ყოველთვის მნიშვნელოვანია ასეთი ფეხბურთელის გუნდთან ერთად ყოფნა”…
თავის დებიუტსა და განვლილ შეხვედრაზე ზურიკოდავითაშვილმაც ილაპარაკა:
“კარგი თამაში ვაჩვენეთ, ბევრი მომენტი შევქმენით, მოგება შეგვეძლო და სამწუხაროა, რომ შეხვედრა ფრედ დასრულდა. მომენტების გამოყენების შემთხვევაში, ვფიქრობ, მატჩს სასურველი შედეგით დავასრულებდით…
რაც შეეხება ჩემს დებიუტს, რა თქმა უნდა, მოხარული ვარ და მადლობას ვუხდი მთავარ მწვრთნელს შანსისთვის. ვაგრძელებთ მზადებას დანიის წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის, რომელშიც 3 ქულისთვის ვიბრძოლებთ”.
წყარო: lelo.ge