უნგრეთის ქალაქ სეგედში გუშინ დამთავრდა ნიჩბოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატი კანოესა და კაიაკში. შეჯიბრებაში ხუთი ქართველი სპორტსმენი მონაწილეობდა.
მათგან გამოირჩა ერთადგილიანი კანოეთი 200 მეტრზე 2017 წლის მსოფლიოს (რაჩიცე) მეორე და ევროპის (პლოვდივი) მესამე პრიზიორი, ბებერი კონტინენტის შარშანდელი (ბელგრადი) ჩემპიონი, 2019 წლის მსოფლიოს თასის მფლობელი ზაზა ნადირაძე. მცხეთელმა ნიჩბოსანმა, როგორც ვწერდით, საკვალიფიკაციო ეტაპი მოიგო, თანაც ჩემპიონატის მონაწილეთა შორის საუკეთესო დროით.
მერე ნახევარფინალში ეს დისტანცია 38.91 წამში გაცურა და ფინიშთან მეორე იყო. გუშინ ტიტულის ცხრა მაძიებელს შორის მესამე შედეგი (40.34) აჩვენა და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.
ზაზა ნადირაძე 1993 წლის 2 სექტემბერს დაიბადა მცხეთაში. ბავშვობისას სამი წელიწადი დედულეთში – სენაკის რაიონის სოფელ ნოსირში გაატარა და იქაურ სკოლაში სწავლობდა. თანატოლ ბიჭებთან ერთად ზაფხულობით მდინარე ტეხურაზე დადიოდა საბანაოდ. ცოტა ხანს ფეხბურთით იყო გატაცებული, მერე რაგბის თამაშობდა.
მცხეთაში რომ დაბრუნდა საცხოვრებლად, მეგობარმა – ვასილი პესტოვმა, რომელიც ნიჩბოსნობაში ვარჯიშობდა, ბატონ ვალიკო გირდასთან მიიყვანა. მდინარეს შეჩვეულს ძალიან მოეწონა ნიჩბოსნობა. ძმასთან ერთად ორადგილიანი კანოეთი რამდენჯერმე გახდა საქართველოს ჩემპიონი. მერე ძმამ თავი დაანება ნიჩბოსნობას, ზაზა კი სპორტის ამ სახეობას შემორჩა.
იგი ჩვენი ქვეყნის სპორტის ისტორიაში მესამე ნიჩბოსანია, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებში იასპარეზა (1972 წელს მიუნხენში ფოთელმა ვიქტორ კრატასიუკმა ორადგილიანი ბაიდარათი ბელარუს ნიკოლაი გორბაჩოვთან ერთად ოქროს მედალი დაიმსახურა, ხოლო მცხეთელი გიორგი ნასყიდაშვილი ნიჩბოსნურ სლალომში 31-ე იყო, ზაზამ 2016 წელს რიოში ერთადგილიანი კანოეთი 200 მეტრზე მე-5 ადგილი დაიკავა), ხოლო კანოისტებში პირველია.
მცხეთელმა ნიჩბოსანმა წარმატებებს 2011 წელს გერმანულ დუისბურგში დაუდო სათავე: 18 წლის ყმაწვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე უფროსებში B ფინალი მოიგო და მე-10 ადგილი დაიკავა, 2 კვირის შემდეგ კი უნგრულ სეგედში 23-წლამდელთა მსოფლიოს პირველობაზე ერთადგილიანი კანოეთი 200 მეტრზე ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა, რაც დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ნიჩბოსნობაში ოფიციალური შეჯიბრებებიდან პირველი ჯილდო იყო. და აი, რვა წლის შემდეგ ნადირაძემ იმევე სეგედში უკვე უფროსების მსოფლიოზე დაიკავა მესამე ადგილი.
ახლა ქართველი სპორტსმენი ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის მომზადებაზე გადაერთვება. საქმე ის არის, რომ ნიჩბოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ კანოისტი ვაჟებისთვის 200 მეტრი ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან ამოიღო და მის ნაცვლად 1000 მეტრზე შეჯიბრება შეიტანა.
ზაზას ამ დისტანციაზეც უნდოდა სეგედში ეცადა ბედი, მაგრამ, როგორც თავად გვითხრა, საკონტროლო შეხვედრებისას სასურველი შედეგი ვერ აჩვენა და ტურნირებში მონაწილეობა მემდევნო წლისთვის გადადო: გაისად 2 სალიცენზიო პაექრობა გაიმართება და ტოკიოს თამაშების საგზურები იქაც გათამაშდება. ქართველ ნიჩბოსანთაგან, ნადირაძის მსგავსად, ოლიმპიადაზე გამოსვლის შანსი დუშელ კანოისტ მარიამ ქერდიკაშვილსა და კაიაკით მოასპარეზე ბადრი ყაველაშვილსაც აქვთ, რომლებმაც მიზანს სეგედში ვერ მიაღწიეს.
მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლოსწინა დღეს ქალთა შორის 200 მეტრზე ერთადგილიანი კანოეთი მარიამ ქერდიკაშვილი B ფინალში დაუპირისპირდა მეტოქეებს. ცხრა მონაწილეს შორის 49.20 წამით ფინიშთან მეექვსე იყო და საბოლოოდ მე-15 ადგილი ხვდა, არადა, ქართველმა კანოისტმა ამ დღეს მსოფლიოს ჩემპიონზე უკეთესი შედეგი აჩვენა – A ფინალში პირველი ადგილი ამერიკელმა ნევინ ჰარისონმა 49.30 წამით დაიკავა და ოქროს მედალი მოიპოვა. მეორე-მესამე ადგილებზე, შესაბამისად, რუსი ოლესია რომასენკო (49.79) და ბელარუსი ალიონა ნაზდროვა (49.99) გავიდნენ.
B ფინალში 200 მეტრზე მოსინჯა ძალები ერთადგილიანი კაიაკით თბილისელმა ბადრი ყაველაშვილმაც. 35.97 წამით იგი მე-4 ადგილს დასჯერდა და საბოლოოდ მე-13 ადგილი ერგო. ჩემპიონობა 34.86 წამით ლაიამ ჰიტმა (დიდი ბრიტანეთი) მოიპოვა.
წყარო: lelo.ge