საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი ზაზა ფაჩულია, “ინდიანა პეისერსის” ახალწვეულ გოგა ბითაძესა, NBA-ისა და ევროლიგის ყოფილ მოთამაშე ბოიან ნახბართან ერთად საკუთარი აკადემიის მოთამაშეებს შეხვდა.
ვეტერანმა ცენტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა.
“რამდენიმე დღეში თავისუფალი აგენტი გავხდები. ველოდები ამ დროს, ვნახოთ, მინდა კიდევ თამაში, თუმცა იმასაც ვხვდები, რომ ისეთი ადვილი აღარ იქნება.
ბევრ ფაქტორს ექნება მნიშვნელობა – ასაკიდან გამომდინარე, ოჯახიდან გამომდინარე, თუმცა მინდა, რომ კიდევ რამდენიმე წელი ვითამაშო კალათბურთი.
ახლა მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ჩემს მეგობრებთან და ჩემი ოჯახის წევრებთან გავატარო
დრო. საქართველოში ჩამოსვლა ძალიან მსიამოვნებს. როცა პირველი ივლისი დადგება და სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება, რა თქმა უნდა, საქმესაც მივხედავ.
ამ ადამიანების ისტორიის გაზიარება ბავშვებისთვის – დისციპლინაზე, შრომაზე, თუ სად, როგორ დაიწყეს, რა პირობებში ვარჯიშობდნენ, ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩემთვის მათი პასუხები ძალიან ინსპირაციული იყო, რადგან ყველაფერი ისე მარტივად არ ხდება, როგორც ბევრს ჰგონია. იმედი მაქვს, ამ რჩევებს ეს ბავშვები გაითვალისწინებენ, ისწავლიან და გამოიყენებენ საკუთარ ცხოვრებასა და კარიერაში”, – განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.