ახლახან ფრანგულმა ვებგვერდმა sports-auvergne.fr-მა საინტერესო ისტორია გაავრცელა. 15 ივნისს საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფინალში დავით ზირაქაშვილისა და ბექა კაკაბაძის „კლერმონმა“ 18:24 წააგო და ჩემპიონი „ტულუზი“ გახდა.
მატჩის დასრულების შემდეგ „კლერმონის“ მოთამაშეები კუთვნილი ვერცხლის მედლების მისაღებად გაემართნენ. ამ დროს ქართველმა შერკინების ბურჯმა დავით ზირაქაშვილმა ტრიბუნას ზურგი შეაქცია და მედალი არ მიუღია. აი, როგორ იხსენებს ამ ამბავს ზირაქაშვილი:
„არ მინდოდა მედლის აღება. ამპარტავნობაში ნუ ჩამითვლით, მაგრამ მეორე ადგილისთვის განკუთვნილი მედალი ბევრი მაქვს სახლში. სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში ვერცხლის მედალი შესანიშნავია, კარგი მიღწევაა. რაგბიში კი, ეს მარცხის, იმედგაცრუების აღმნიშვნელი ჯილდოა.
მოედანზე, მატჩის შემდეგ, ქალბატონმა, რომელიც ოფიციალური პირი გახლდათ, მითხრა მედლის ასაღებად წავსულიყავი. მოვუბოდიშე, ვუთხარი, რომ ასეთი მედლები სახლში უკევ ძალიან ბევრი მაქვს. ვფიქრობ, ის მიხვდა რასაც ვგულისხმობდი და აღარაფერი უთქვამს. დღეს ვიღაცამ, ეს მედალი გასახდელში, ჩემს კარადაში დადო. მისთვის ხელიც არ მიხლია“.
შეგახსენებთ, რომ დავით ზირაქაშვილმა „კლერმონის“ შემადგენლობაში შვიდჯერ ითამაშა საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალში და ჩემპიონი მხოლოდ ორჯერ 2010 და 2017 წლებში გახდა.
წყარო: lelo.ge