ზურაბ ჟვანია: „ეს იქნება საუკეთესო შესაძლებლობა განვითარებისთვის“

565

ინგლისის პრემიერშიფის ‘უოსპსის’ ბორჯღალოსანი ბურჯი ზურაბ ჟვანია პირველობის განახლებისთვის აქტიურად ემზადება.

ინგლისში 2019/2020 წლების სეზონი 14 აგვისტოს განახლდება, ‘უოსპსი’ კი პირველ თამაშს 16-ში, სტუმრად ‘ნორსჰემპტონთან’ გამართავს, რომელიც მას ორი ქულით უსწრებს. „ბზიკები“ 33 ქულით მეხუთე ადგილზე არიან და რეგულარულ გათამაშებაში გასამართ ოთხ მატჩში ქულათა მაქსიმუმის აღებას ეცდებიან, რათა ოთხეულში შესვლა მოახერხონ.

ჟვანიას ნოემბერში გასამართ ერთჯერად სანაკრებო ტურნირზეც ვკითხეთ, მანამდე კი სეზონის განახლებისთვის მზადებაზე ვესაუბრეთ:

ვარჯიში თვეზე მეტია დავიწყეთ და უკვე მესამე ეტაპზე გადავედით, ანუ კონტაქტურ ვარჯიშებზე. მანამდე 6-კაციან ჯგუფებად ვიყავით დაყოფილი და ისე ვემზადებოდით. ყოველ ორშაბათს გვიტარდება ტესტები COVID-19-ზე. ვარჯიშის დაწყებამდე ყველას გვიზომავენ სიცხეს. დახურულ სივრცეში ექიმების მეთვალყურეობით, ნიღბებით ვვარჯიშობთ, მინდორზე კი, წყლის ყველა შესვენებაზე სპეციალური ხსნარით ვიმუშავებთ ხელებს.

არ გიჭირთ ასეთი შეზღუდვებით ვარჯიში?

სატრენაჟორო დარბაზში გვაქვს დისკომფორტი, სადაც ნიღბები გვიკეთია, მაგრამ ეს აუცილებელია და ექიმების რეკომენდაციებს ვითვალისწინებთ. შემოწმება შეიძლება ნებისმიერ დროს დაგადგეს თავზე, თუმცა, ესეც რომ არ იყოს, უპირველესი ოჯახის წევრების დაცულობა და ჯანმრთელობაა. პირადად მე ტესტი უკვე სამჯერ ჩამიტარდა და ყველაფერი რიგზეა.

თქვენთან ვირუსი არავის დაუდასტურდა?

ჩვენთან მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა. სხვა კლუბებში იყო რამდენიმე დადებითი პასუხი, მაგრამ როგორც ვიცი მათ ვარჯიში უკვე განაახლეს.

ანუ პირველობის განახლებას საფრთხე არ ემუქრება?

მსგავსი საუბრები არ ყოფილა და ყველანი დათქმული დროისთვის ვემზადებით.

რამდენად შეძელით ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სასურველ ფორმაში შესვლა და მომავალ სამ კვირაში რა გეგმები გაქვთ?

პირველი 3-4 კვირა ბურთის გარეშე, ფიზმომზადება გვქონდა და ცოტა გაგვიჭირდა. სამაგიეროდ, ახლა ძალიან კარგ ფორმაში ვართ და ტესტებზე იმაზე უკეთეს შედეგებს ვაჩვენებთ, ვიდრე მანამდე გვქონდა. ახლა უკვე ბურთით ვვარჯიშობთ და კომბინაციებს ვამუშავებთ. ვნახოთ, სულ მალე მოედანზე გამოჩნდება როგორ ფორმაში ვიქნებით.

თქვენ ახალი მთავარი და ფიზმომზადების მწვრთნელი გყავთ. რა სიახლეებს ნერგავენ ისინი გუნდში?

მწვრთნელები ჯერ კიდევ პანდემიამდე შეიცვალნენ. მთავარი მწვრთნელი ლი ბლექეთია, შერკინების მწვრთნელი რიჩარდ ბლეიზი, რომელიც ‘ლესთერ თაიგერსის’ და ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრების შერკინების მწვრთნელი იყო. ის ახალგაზრდაა, მოტივირებული და საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს.

ფლეი ოფებამდე ოთხი ტური გაქვთ სათამაშო და ოთხეულს სულ 2 ქულა გაშორებთ. რას გეგმავთ განახლებულ პირველობაში?

ძალიან რთული კალენდარია, რადგან ყოველ მეოთხე-მეხუთე დღეს გვიწევს თამაში, თანაც ზაფხულის პერიოდში. მიზანი რა თქმა უნდა ფლეი ოფში გასვლა და საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლაა. ცხრილში ისეთი სიმჭიდროვეა, რომ შეიძლება ერთმა წაგებამ გასავარდნ ზონას დაგაახლოვოს, ამიტომ ყველა მატჩში მაქსიმუმისთვის უნდა ვიბრძოლოთ.

ჯანმრთელობის მხრივ თავს როგორ გრძნობთ?

‘ედინბურგთან’ მატჩში მუხლი დავიზიანე და თვენახევარი გამიცდა. რომ დავბრუნდი წელი ვიტკინე. რეაბილიტაცია სახლში გავიარე, რადგან კარანტინის პერიოდი დაემთხვა. თუ შეიძლება ასე ითქვას, გამიმართლა, რადგან პაუზა ტრავმების მოშუშებაში დამეხმარა. ახლა თავს კარგად ვგრძნობ და ფიზიკურადაც უფრო კარგ ფორმაში ვარ, ვიდრე სეზონის დაწყებამდე ვიყავი.

პანდემიის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მსოფლიო რაგბი და ექვსი ერი ნოემბერში ერთჯერადი, 8-გუნდიანი ტურნირის გამართვაზე ფიქრობენ, სადაც ექვსი ერის ქვეყნებთან ერთად მიწვეული გუნდები ითამაშებენ. როგორც უცხოური მედია წერს, განიხილება საქართველოს ნაკრების მიწვევის ვარიანტიც. ინგლისში ამაზე რას ამბობენ?

აქ ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა და ინფორმაცია ინტერნეტიდან მაქვს. ვფიქრობ, ფიჯის დამატება საუკეთესო ვარიანტი იქნება. თუ ჩვენც დაგვიძახეს, ეს იქნება საუკეთესო შესაძლებლობა განვითარებისთვის. შესაძლოა ვერცერთი თამაში ვერ მოვიგოთ, მაგრამ სჯობს დიდ გუნდებთან დამარცხდე და გაიზარდო, რათა ტიერ1-ის გუნდად ჩამოყალიბდე, ვიდრე ერთ ადგილზე დარჩე. შესაძლოა დიდი სხვაობებით მარცხი გულშემატკივრებს არ მოეწონოთ, მაგრამ სხვანაირად დიდ გუნდად და მოთამაშეებად ვერ ჩამოვყალიბდებით. ახლა ნამდვილად არის იმის დრო, რომ დიდ გუნდებთან თამაში შესაძლებლობა მოგვცენ, რადგან რაგბი ევროპის ჩემპიონატიდან ჩვენ ვეღარაფერს ვიღებთ და ჩვენთან თამაშით მხოლოდ მეტოქეები ვითარდებიან.

წყარო: rugby.ge

SHARE