თბილისმა დიდ საკრივო შოუს უმასპინძლა – ლაშა გურგულიანი კვლავ მსოფლიოს ჩემპიონია

470
26 იანვარს, ვერის კალათბურთის სასახლეში გრანდიოზული საკრივო შოუ შედგა. ისტორიაში პირველად, საქართველოში გათამაშდა WBF მსოფლიოს ჩემპიონის ქამარი 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში.

 

საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირისა და Boxing Group Promotion-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ლაშა გურგულიანმა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონის ქამრის მოქმედი მფლობელია, თავისი ტიტული ლათინური ამერიკის ქვეყნების ყოფილი ჩემპიონის WBO ვერსიით, 29 წლის მექსიკელ ედგარ “ნენე” ორტეგას წინააღმდეგ 12-რაუნდიან ბრძოლაში დაიცვა.

 

ლაშამ ბრძოლის ბრწყინვალე სტილი აჩვენა. მეტოქის წინააღმდეგობის მიუხედავად, ბრძოლა მისი დომინირებით წარიმართა და ერთი წუთითაც არ დაუთმია უპირატესობა. მე-8 რაუნდში მექსიკელმა ვეღარ გაუძლო ქართველის შეტევებს და ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა.

 

საქართველოში უპრეცედენტო საკრივო შოუმ დიდი ინტერესი გამოიწვია და ღონისძიებამ გადაჭედილ დარბაზში ქომაგთა მხურვალე გულშემატკივრობის ფონზე ჩაიარა.

კრივის საღამოს ესწრებოდნენ ვეტერანი მოკრივეები, მოქმედი და ყოფილი სპორტსმენები, საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები.

დღის მთავარი სატიტულო ბრძოლის გარდა, გაიმართა 12 სარეიტინგო ორთაბრძოლაც, რომელშიც მონაწილეობა საუკეთესო მოკრივეებმა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. მათ შორის, ქალმა მოკრივეებმა – ბათუმელმა ნინო კოპაძემ და ქუთაისელმა ლილი ჯუმალმა.

 

სარეიტინგო ბრძოლებში დაფიქსირდა შემდეგი შედეგები:

1. სერგო აგამიროვი (თბილისი) – კახა ავეტისიანი (ბორჯომი) – გაიმარჯვა ავეტისიანმა
2. გიორგი ბლიაძე (ბორჯომი) – შალვა გუჩმაზოვი (გურჯაანი) – გაიმარჯვა გუჩმაზოვმა
3. კონსტანტინე ხვისტანი (ქუთაისი) (დებ) – ნოდარ კუტიბაშვილი (სიღნაღი) – გაიმარჯვა ხვისტანმა
4. ზურა მექერიშვილი (გურჯაანი) – ნიკოლოზ ყულუმბეგაშვილი (თბილისი) – გაიმარჯვა მექერიშვილმა
5. უმეკაშვილი გიორგი (გორი) – გიორგი გუჯეჯიანი (მარნეული) – გაიმარჯვა უმეკაშვილმა
6. მამუკა აბულაძე (ვარიანი) – დავით ბიძინაშვილი (გორი) – გაიმარჯვა აბულაძემ
7. აჩიკო ოდიკაძე (ვარიანი) – ირაკლი შარიაშვილი (რუსთავი) – გაიმარჯვა ოდიკაძემ
8. იაგო კიზირია (ფოთი) – ლადო გაბისონია (ზუგდიდი) – გაიმარჯვა კიზირიამ
9. ედგარ სარქისიანი (თბილისი) – დათო შერვაშიძე (ბათუმი) – გაიმარჯვა სარქისიანმა
10. დათო ნანავა (ფოთი) – მალხაზ თათრიშვილი (გორი) – გაიმარჯვა ნანავამ
11. მიხეილ გაბინაშვილი (გორი) – რომან უსიანი (თბილისი) – გაიმარჯვა გაბინაშვილმა
12. ნინო კოპაძე (ბათუმი) – ლილი ჯუმალი (ქუთაისი) – გაიმარჯვა ჯუმალიმ

წყარო: sportall.ge

SHARE