თბილისში ევრობასკეტ 2021-ისთვის 15 000 მაყურებელზე გათვლილი ულტრათანამედროვე დარბაზის მშენებლობა დაიწყება

583

თბილისში, სულ მალე ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა დაიწყება, რომელიც ევრობასკეტ 2021-ის მატჩებს უმასპინძლებს. როგორც ცნობილია, ულტრათანამედროვე დარბაზი დიდი დიღმის ტერიტორიაზე აშენდება და 15 ათას მაყურებელზე იქნება გათვლილი.

აღნიშნული ინფორმაცია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ დაადასტურა:

„პირველ რიგში მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო ეს ისტორიული წარმატება, რასაც ევრობასკეტის მასპინძლობა ჰქვია. რა თქმა უნდა, სახელწმიფომ აიღო ვალდებულება, რომ საქართველო 2021 წლამდე ააშენებს ულტრათანამედროვე სასახლეს, რომელიც გათვლილი იქნება 15 ათას კაცამდე. იყო ნაჩვენები ვიზუალური მდგომარეობაც თუ როგორი დარბაზის აშენებას აპირებს საქართველო. ვფიქრობთ, რომ მაღალი დონის შეფასებას მიიღებს 2021 წლის ევრობასკეტი საქართველოში.

მშენებლობის ნაწილს რაც შეეხება, მიწა უკვე გამოყოფილია და სასახლე აშენდება დიდ დიღომში, სადაც ამავე დროს იგეგმება სხვადასხვა სპორტული კომპლექსების მშენებლობაც. ჯერ პროექტირებაა, ახლო მომავალში კი მშენებლობაც დაიწყება“, – თქვა გოგოლაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთი ჯგუფის მასპინძლის სტატუსი გუშინ ოფიციალურად მიენიჭა. ევრობასკეტი 2021 წლის 17 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

წყარო: worldsport.ge

SHARE