იგორ კოკოშკოვი საქართველოში ბრუნდება…

528

დიდი ალბათობით, მომავალ წელს იგორ კოკოშკოვს საქართველოში ვიხილავთ. იგი ჩამოუძღვება სერბეთის ნაკრებს, რომელთანაც ქართველები შესარჩევ ჯგუფში მოხვდნენ.

სლოვენიელი სპეციალისტი 2008 წლიდან 2015-მდე წვრთნიდა საქართველოს ეროვნულ გუნდს, რომელთანაც სამ ევრობასკეტზე მიიღო მონაწილეობა. 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სერბეთის ნაკრები დატოვა დუშან ივკოვიჩმა, რომლის ადგილის დაკავეის მთავარი პრეტენდენტი სწორედ კოკოშკოვი იყო. თუმცა მოხდა ისე, რომ ბატონი იგორი საქართველოს ნაკრების თავკაცის პოსტზე დარჩა, ხოლო სერბეთი საშა ჯორჯევიჩმა ჩაიბარა. მან გადადგომის შესახებ 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გამოაცხადა.

ამ პოსტზე სადღეისოდ ყველაზე რეალური პრეტენდენტი იგორ კოკოშკოვია. როგორც სერბული მედიასაშუალებები იუწყებიან, შეთანხმება თითქმის მიღწეულია და მალე ოფიციალურად გამოცხადდება კოკოშკოვი სერბების მწვრთნელად.

იმასაც შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავკაცმა ჩვენი გუნდის შემდეგ სლოვენიის ნაკრები ჩაიბარა და 2017 წელს ევრობასკეტიც მოაგებინა. სხვათა შორის, ფინალში ჯორჯევიჩის სერბეთი დაამარცხა. რაც შეეხება საკლუბო კარიერას, იგი “საკრამენტო კინგსის” სამწვრთნელო შტაბშია, ერთი წელი “ფინიქსის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე გაატარა.

წყარო: lelo.ge

SHARE