იმედი მაქვს, ცოცხალი დავბრუნდები

352

სამხრეთ კორეის ეროვნულ ნაკრებს ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანში თითქმის 30 წლის განმავლობაში არ ჰქონდა ნათამაშები. ბოლო ვიზიტი სამხრეთელებს ჩრდილოეთში 1990 წელს ჰქონდათ, როცა ორმა ნაკრებმა ერთმანეთში ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა.

როდესაც მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ეს ნაკრებები ერთ ჯგუფში მოხვდნენ, როგორღაც მოხერხდა მოლაპარაკება იმის თაობაზე, რომ შეხვედრები სეულსა და ფხენიანში გაიმართებოდა…

არადა, ამის გაკეთება შეუძლებელი გახდა 2010 წელს. მაშინ ორივე თამაში ნეიტრალურ სტადიონზე, ჩინეთის ქალაქ შანხაიში ჩატარდა. ჩრდილოკორეელმა მაღალჩინოსნებმა ერთხმად განაცხადეს, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდნენ საკუთარ მოედანზე სამხრეთ კორეის სახელმწიფო დროშის აღმართვას და მთავარი მტრის სახელმწიფო ჰიმნის გაჟღერებას…

გზა მატჩისკენ 
სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას ერთმანეთთან აკავშირებს კიუნიუსონის სარკინიგზო ხაზი, რომელიც შორეულ 1906 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. ამ რკინიგზაზე ცხოვრება 1945 წლამდე დუღდა, მერე კი ერთი კორეა ორად გაიყო – კომუნისტურად და კაპიტალისტურად.

2007 წლიდან სეულმა ფხენიანის მიმართ “დათბობის პოლიტიკის” გატარება გადაწყვიტა. სწორედ ამ დროიდან ეს რკინიგზის ხაზი ისევ გაიხსნა და სამხრეთიდან ჩრდილოკორეისკენ სხვადასხვა სახის ტვირთის გადაადგილება დაიწყო, თუმცა… იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა.

საინტერესოა, რომ ამ ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლა არ არსებობს. თამაშის წინ სამხრეთ კორეის ფეხბურთის ფედერაციამ სცადა მოლაპარაკება ჩრდილოელ კოლეგებთან იმის თაობაზე, რომ გუნდი თვითმფრინავით ჩაფრენილიყო ფხენიანში გამონაკლისის სახით, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. კორეის ნაკრები ჯერ ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ჩაფრინდა, მერე კი ფხენიანში გადაფრინდა.

ინსტრუქცია  გამგზავრების წინ
როგორც საინფორმაციო საშუალებები წერენ, სამხრეთ კორეის დელეგაციის წევრებს ჩრდილოეთ კორეაში გამგზავრების წინ ტელეფონები საელჩოში დაატოვებინეს. სამხრეთ კორეის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ არ დართეს მეზობელ ქვეყანაში მობილურების შეტანის ნება და ახლა სტუმრები მხოლოდ ელექტრონული საშუალებების იმედად დარჩნენ, რათა გარესამყაროსთან კავშირი არ დაეკარგათ.

თანაც, სტუმრები გააფრთხილეს იმის თაობაზეც, რომ თვალყური ედევნებინათ თავიანთი ბარგისთვის. გარდა ამისა, ბოლომდე ზედმიწევნით დაეცვათ უსაფრთხოების წესები.

“მივდივართ ფხენიანში. იქ წასვლა ნამდვილად არ მინდა. იმედი მაქვს, ცოცხლები დავბრუნდებით”, – მისწერა ოჯახის წევრებს კორეის ნაკრების მცველმა ლი ჯე იკმა.

არანაირი  ჟურნალისტები,  არანაირი  მაყურებელი!..
ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ ქოში უკუღმა ჰყარა და ფეხბურთელებისა და გუნდის სამწვრთნელო შტაბის გარდა, ვიზების გაცემაზე ყველას უარი უთხრა, მათ შორის, სამხრეთკორეელ ჟურნალისტებსაც. გარდა ამისა, ჩრდილოკორეელმა მაღალჩინოსნებმა აკრძალეს ამ შეხვედრის ტელერეპორტაჟი. ადვილი მისახვედრია, რატომაც.

ყველას კარგად ახსოვს, რაც მოხდა 2010 მსოფლიოს ჩემპიონატზე, როცა ჩრდილოკორეელები ბრაზილიასთან სასტარტო მატჩში 1:2 დამარცხდნენ. მაშინ ხალხს მხოლოდ კორეელთა გოლი აჩვენეს და დაარწმუნეს, რომ… ჩრდილოეთ კორეამ ბრაზილიას 1:0 მოუგო და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა!.. წარმოიდგინეთ, ეს ხდება XXI საუკუნეში.

დავუბრუნდეთ რამდენიმე დღის წინანდელ მატჩს. ერთადერთი, რასაც ჩრდილოელები სამხრეთელებს დაჰპირდნენ, იყო ის, რომ მატჩის დასრულების შემდეგ თამაშის ვიდეოჩანაწერს გადასცემდნენ…

თავდაპირველი გათვლით, კიმ ირ სენის სახელობის სტადიონზე, რომელიც 50 ათას გულშემატკივარს იტევს, 40 ათას ქომაგს მაინც ელოდნენ, მაგრამ… არაფერი მსგავსი! ჯერ კიდევ მატჩის წინა დღეს ჩრდილოკორეული მხარე აცხადებდა, რომ ისინი მზად იყვნენ მაყურებლების მისაღებად, მაგრამ თამაშამდე

რამდენიმე საათით ადრე სტადიონზე შესასვლელი არცერთი კარი… არ გაიღო. რა თქმა უნდა, აზიური ფეხბურთის მამებმა ჩრდილოკორეულ მხარეს განმარტებები მოსთხოვეს, მაგრამ პასუხად მხოლოდ დუმილი მიიღეს.

ინფორმაცია  ვერ მიაწვდინეს
ჩრდილოეთ კორეის მხარემ სამხრეთელებისთვის მოაწყო ზონა, სადაც იყო ინტერნეტი, მაგრამ ინტერნეტის სისწრაფე ისეთი დაბალი გახლდათ, ინფორმაციის მიწოდება სამხრეთ კორეაში შეუძლებელი გახდა.

სამხრეთელთა საქმე გაართულა იმანაც, რომ შეუძლებელი იყო მათ ქვეყანაში დარეკვა. აქედან გამომდინარე, არავინ იცოდა სამხრეთ კორეაში, რას შვრებოდა მათი ნაკრები ფხენიანში…

ნულები ტაბლოზე
შეხვედრა ნულოვანი ფრით დასრულდა. თამაშის პერიპეტიებზე საუბარი ძალიან რთულია. სატელევიზიო რეპორტაჟს ვინ ჩივის, ინტერნეტში არ იყო… ამ შეხვედრის ნორმალური ტექსტური “ლაივიც” კი.

ურთიერთობა ორ  კორეას შორის
მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ყველანაირად ცდილობს, ორ კორეას შორის ურთიერთობა მაქსიმალურად დაათბოს, ამ საქმიდან ჯერჯერობით არაფერი გამოდის.

საქმეს არც იმან უშველა, რომ ოლიმპიადის გახსნაზე ამ ქვეყნების დელეგაციები ერთად გავიდნენ.

წყარო: lelo.ge

SHARE