ისევ კობი ბრაიანტის ტრაგედიის ირგვლივ…

681

კობი და ვერტმფრენი

ვერტმფრენი Sikorsky S-76B, რომლის ჩამოვარდნის შემდეგაც დაიღუპა კობი ბრაიანტი, მისი ქალიშვილი და კიდევ შვიდი ადამიანი, ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხოდ მიიჩნევა მსოფლიოში.

ამ ვერტმფრენს აქტიურად იყენებენ კომპანიების ბოსები და ცნობილი ადამიანები სწორედ უსაფრთხოების მაღალი ხარისხის გამო. ოფიციალურ წყაროებში მითითებულია, რომ ამ მოდელის სტატისტიკაა – 0.2 სასიკვდილო შემთხვევა 100 ათასი საათი ფრენაზე. 2006-16 წლებში ამ ვერტმფრენს ორი უბედური შემთხვევა ჰქონდა, რამაც 11 ადამიანი იმსხვერპლა.

2009 წელს რვა ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ვერტმფრენის საქარე მინას ფრინველი შეეჯახა. 2016 წელს მოხდა ავარია, რასაც სამი ადამიანის დაღუპვა მოჰყვა. მიზეზი იყო როტორის პრობლემები. ორივე ტრაგიკული შემთხვევა ლუიზიანის შტატში მოხდა.

ცნობილია, რომ ვერტმფრენი, რომელშიც კობი ბრაიანტი იჯდა, 29 წლის იყო. აღნიშნავენ, რომ ის კარგი დაპროექტებული და საიმედო იყო, ხოლო პრიორიტეტად რჩებოდა სწორედ უსაფრთხოება.

* * * 

ვერტმფრენი კობი ბრაიანტის განუყოფელი ნაწილი 2010 წლიდან გახდა. მაშინ, ჟურნალმა GQ-მ „ლეიკერსის“ ლიდერის ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა და გულშემატკივარმა შეიტყო, რომ სუპერვარსკვლავი ცხოვრებაში მთავარ ლოკაციებზე ვერტმფრენით გადაადგილდებოდა.

ეს ბევრმა ფუფუნებად მიიჩნია, მაგრამ იმ ინტერვიუში ბრაიანტი ამბობდა, რომ ეს საკუთარ სხეულზე ზრუნვის კიდევ ერთი ხერხი იყო. პრობლემური მუხლების, მტკივანი ზურგისა და ტერფების გამო, კობის არ შეეძლო ორი საათი მანქანაში ჯდომა. ვერტმფრენის წყალობით, ის „სტეიპლ ცენტრამდე“ მოდუნებული, მხნე და ჯანმრთელი მიდიოდა.

იმ ინტერვიუს შემდეგ, კობი ყოველთვის ვერტმფრენის ფონზე მოჩანდა.

* იყენებდა ამ ტრანსპორტს ვალენტინობის დღეს რომანტიკული განწყობის შესაქმნელად.

* ვერტმფრენით მივიდა 2010 წელს, „ლეიკერსის“ საჩემპიონო აღლუმზე.

* სასწრაფო სამედიცინო შემოწმებაზე მიჰყავდა თანაგუნდელები.

კობისა და ვერტმფრენის კავშირი ისეთი მჭიდრო და მყარი იყო, რომ „კომედი სენტრალის“ არხმა მულტსერიაში იწინასწარმეტყველა კობი ბრაიანტის ვერტმფრენით ჩამოვარდნა და სიკვდილი. ეს ხდება 2016 წლის 16 ნოემბერს, მულტსერიალის მერვე ეპიზოდში:

სამი მოწმის წინაშე ვერტმფრენი მიწაზე ვარდება. ბრაიანტი ცდილობს იქიდან გამოსვლას, მაგრამ ხელებში ორი საჩემპიონო თასი უჭირავს და ეს უშლის ხელს. ვერტმფრენი ფეთქდება და კობისგან მხოლოდ ხუთი საჩემპიონო ბეჭედი რჩება. ერთ-ერთი პერსონაჟი სამ ბეჭედს მიწიდან იღებს სიტყვებით – „ისინი მაინც შაკს ეკუთვნის“.

ეს არის მინიშნება გავრცელებული აზრის შესახებ, რომ თავისი ხუთი საჩემპიონო ტიტულიდან სამი ბრაიანტმა მხოლოდ იმის ხარჯზე მოიგო, რომ შაკილ ო’ნილის გვერდით თამაშობდა.

ტრაგედიის შემდეგ, „კომედი სენტრალმა“ ეს სერია საკუთარი ვებგვერდიდან წაშალა.


კობის მეტრო და მოედანი

ნიუ იორკის მცხოვრებლებმა პატივი მიაგეს კობი ბრაიანტის ხსოვნას.

უცნობებმა მეტროს ერთ-ერთ სადგურს ორიგინალურად შეუცვალეს სახელი. ამ სადგურის ჰქვია – „ბრაიანტ პარკის 42-ე ქუჩა“. აღმნიშვნელ ნიშანს მათ ზემოდან მიაკრეს „კობი“ და გამოვიდა – „კობი ბრაიანტ პარკი“.

* * * 

ამასობაში, იტალიის ქალაქ რეჯო-ემილიაში, სადაც კობი ბრაიანტის ბავშვობამ ჩაიარა, კალათბურთელის სახელს დაარქმევენ ერთ-ერთ მოედანს.

ამის შესახებ თავის „ფეისბუქზე“ დაწერა ქალაქის მერმა ლუკა ვეკიმ. უკვე გარკვეულია, რომ „ლეიკერსის“ ლეგენდის სახელს დაარქმევენ ვია გუასკოს ქუჩაზე მდებარე მოედანს, სადაც განთავსებულია ადგილობრივი საკალათბურთო დარბაზი.

„კობი ერთ-ერთი ჩვენთაგანი იყო. ქალაქის მოედნებზე ის სკოლის მეგობრებთან ერთად თამაშობდა. მამამისი ქალაქის მთავარი საკალათბურთო გუნდის ვარსკვლავი იყო, კობი კი ახალგაზრდულ გუნდში იზრდებოდა. მისი ღიმილი, კალათბურთისადმი სიყვარული ჩვენი ნაწილი გახდა, რეჯო ემილია კი თავად მის ნაწილად იქცა. რამდენიმე წლის წინ მან თქვა, რომ ერთხელ დაბრუნდებოდა ჩვენს ქალაქში, რომელსაც საკუთარი სახლი უწოდა. მშვიდად განისვენე, კობი, რეჯო ემილია არასოდეს დაგივიწყებს“, – დაწერა ვეკიმ.

კობი ბრაიანტმა ბავშვობის ნაწილი იტალიაში გაატარა, სადაც მამამისი ჯო ბრაიანტი „რიეტიში“, „რეჯო-კალაბრიაში“, „პისტოიასა“ და „რეჯანაში“ თამაშობდა.


ლებრონის დიდი სიტყვა

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა „ინსტაგრამში“ გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც დაღუპულ ლეგენდას კობი ბრაიანტს მიუძღვნა.

„ალბათ, ჯერ მზად არ ვარ, მაგრამ უნდა გამოვთქვა ჩემი აზრი. აი, ვზივარ და ვცდილობ რაღაც დავწერო, მაგრამ ყოველ ჯერზე ტირილს ვიწყებ, როცა შენზე, უმშვენიერეს ჯიჯიზე და ჩვენს ძმობაზე ვფიქრობ. სულ ცოტა ხნის წინ გავიგონე შენი ხმა. და წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ეს ჩვენი ბოლო საუბარი იყო. რა ჯანდაბაა?! განადგურებული და გათელილი ვარ! მიყვარხარ, უფროსო ძმაო. ჩემი გული ვანესასთან და ბავშვებთანაა.

ვფიცავ, გავაგრძელებ შენს დიად გზას! შენ ძალიან ბევრს ნიშნავ ყველა ჩვენთაგანისთვის, განსაკუთრებით, „ლეიკერსის“ გულშემატკივრებისთვის. და ახლა, ჩემი მოვალეობაა – გავაგრძელო შენი საქმე. მომეცი ზეციდან ძალა და თვალი მადევნე. და მე არ დაგაღალატებ! კიდევ რამდენი რამის თქმა მსურს, მაგრამ ახლა არ შემიძლია, ემოციებს ვერ ვიკავებ. შეხვედრამდე, ძმაო!“ – დაწერა ლებრონმა.

წყარო: lelo.ge

SHARE