როგორც ვწერდით, ლევან მჭედლიძესთან მოლაპარაკებას აწარმოებს თბილისის “დინამო“. კლუბის მეპატრონე რომან ფიფიას საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბში გამოცდილი და ავტორიტეტული მოთამაშის აყვანით პრეცედენტის შექმნა სურს...
თუმცა, გამოცემა “მედიაგოლის” ცნობით, 29 წლის ლევან მჭედლიძის მიმართ ინტერესს “პალერმოც” ავლენდა და ქართველი თავდამსხმელის ტრანსფერს ახლაც გამორიცხავს. თუმცა, ეს ის “პალერმო” აღარ არის, სადაც მჭედლიძე თამაშობდა – გუნდი, რომელიც 2011 წელს იტალიის თასის ფინალისტი იყო, 2019 წლის ივლისში, ფინანსური პრობლემების გამო, სერია B-დან გაადგეს და რანგით მეოთხე ლიგაში, სამოყვარულო სერია D-ში დააქვეითეს.
ცხადია, უგუნდობის მიხედავად, მჭედლიძე ამ დონეზე თამაშს არ დათახმდება. იტალიურ გამოცემა “მედიაგოლში” ქართველ თავდამსხმელზე ძალიან თბილი წერილი გამოქვეყნდა – აშკარაა, ტრავმების მიუხედავად, მჭედლიძემ აპენინებზე ძალიან კარგი სახელი დატოვა…
სიმართლე ლევანის მჭედლიძის მომავლის შესახებ
“პალერმო” შეტევის ხაზის გაძლიერებას აგრძელებს. გუნდის მიზანია, ისეთი მოთამაშე მიიწვიოს, რომელიც თავისუფალი აგენტია. ამ სიაში ბევრი საინტერესო ფეხბურთელია.
თავისუფალი აგენტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და ტექნიკურად მნიშვნელოვანი ფიგურა ლევან მჭედლიძეა, რომელსაც ამჟამად ხელშეკრულება არ ზღუდავს. ჭორების მიხედვით, “პალერმოს” 1990 წელს დაბადებული ქართველი თავდამსხმელის დამატება სურდა – ტალანტის, რომელმაც კარიერის გარიჟრაჟზე იტალიაში “ემპოლისა” და “პალერმოს” მაისურები მოირგო…
შთამბეჭდავი მასა, სიმაღლე, შესანიშნავი ფიზიკური ძალა, შესანიშნავი ინდივიდუალური ტექნიკა – საქართველოს ნაკრების მარგალიტი ნამდვილად გასაოცარი მონაცემების იყო. მაგრამ მუხლის სერიოზულმა ტრავმებმა წარუმატებელი სერია გამოიწვია და მის კარიერაზე ძალიან ცუდი გავლენა მოახდინა. ის “პალერმოში” 2008-2010 წლებში საუკეთესოთა გვერდით თამაშობდა. ლევანმა ისტორიული გოლი გაუტანა ბუფონს, რომლის წყალობითაც “პალერმომ” “იუვენტუსი” ტურინში 46-წლიანი პაუზის შემდეგ დაამარცხა.
სიცილიაში მისი ისტორია ტრავმის გამო სწრაფად დასრულდა. მაგრამ იტალია და “ემპოლი” ლევანისთვის ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მეორე სახლად და ბედნიერების კუნძულად გადაიქცა. ამ გუნდის მაისურით მჭედლიძემ 150 მატჩი ჩაატარა და 15 ბურთი გაიტანა. ტოსკანაში მან ნახა სიმშვიდე და ტექნიკურად და ტაქტიკურად დაიხვეწა. ძალიან ბევრი ტრავმა ნებისმიერი მოთამაშისთვის ძალიან მძიმეა, რამაც მას ფრთები შეუკვეცა და თითქმის 30 წლის ასაკში თავისუფალი აგენტია. დიდი თავდადებითა და შრომისმოყვარეობით ცნობილი ფეხბურთელი ახლა საქართველოში ვარჯიშობს და ელოდება წინადადებას, რომელიც გაახარებს…
“მედიაგოლის” რედაქტორების მიერ მოპოვებული ცნობის თანახმად, “პალერმოს” ხელმძღვანელობასა და მოთამაშის მენეჯერს შორის ამ დროისთვის არანაირი კონტაქტი არ ყოფილა და ობიექტურად, მოლაპარაკებების დაწყება რეალური არც არის. მიუხედავად თითქმის 10 წლის წინ გუნდთან ცუდად დამშვიდობებისა, მჭედლიძეს “პალერმოს” მიმართ ემოციები შემორჩა და მშვენიერ მოგონებებს ინახავს სიცილიაში ცხოვრებისეული გამოცდილების შესახებ. ხალხის სითბო და გუნდის გულშემატკივრების სიყვარული ის დამატებითი ფაქტორებია, რაც ქართველი თავდამსხმელის მეხსიერებასა და გულში დარჩა…
თუმცა, ახლა “პალერმო” სერია D-შია და იმ დონეზე აღარ არის, რომ ასეთი მოთამაშე დაიმატოს. ამჟამად მოთამაშის გარემოცვა იტალიისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნების მთავარი და მეორე ლიგების პროფესიონალური კლუბების მრავალრიცხოვან შეთავაზებებს სწვალობს და განიხილავს. ამიტომ იდეა, რომ მჭედლიძემ “ემპოლის” შემდეგ კარიერა მოყვარულთა ლიგაში გააგრძელოს, ნულის ტოლია. ქართველი ამ კატეგორიაში უდავოდ საუკეთესო მოთამაშე იქნებოდა, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო, “პალერმოში” ვერ ვიხილავთ.
* * *
ბევრისთვის უცნობია, რომ მჭედლიძის პირველი პროფესიულ კლუბი გორის “დილა” იყო. ამ კლუბში 15 წლისა ჩაირიცხა, საიდანაც იტალიაში წავიდა და “ემპოლის” დუბლშემადგენლობაში მოხვდა. მერე იყო “პალერმო” და ბოლოს ისევ “ემპოლი”, რომელიც 2019 წლის ზაფხულში დატოვა და მას მერე უგუნდოდაა.
მჭედლიძემ საქართველოს ნაკრებში პირველად 2007 წელს ითამაშა, მაგრამ ტრავმების გამო მხოლოდ 32 მატჩი (2 გოლი) ჩაატარა.
რომან ფიფიას სურვილი კი უდავოდ მისასალმებელია. გუნდი ასეთი ავტორიტეტული და დადებითი სახელის მქონე მოთამაშეების გარშემო შენდება. გაიხსენეთ 2004 წლის გია გეგუჩაძის თბილისის “დინამო”, სადაც ლიდერი შოტლანდიარიუ “დანდიდან” გიორგი ნემსაძე იყო. მისი დიდი დამსახურებაც გახლდათ, თბილისელები უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე რომ გავიდნენ და დღემდე ერთადერთ ქართულ კლუბად რჩებიან, რომელმაც ეს შეძლო.
რა თქმა უნდა, ბოლო წლებში ევროსარბიელზე ქართული გუნდების წარუმატებლობას ფინანსების სიმწირე იწვევს, მაგრამ გამოცდილი მოთამაშეების არყოფნა არანაკლები პრობლემაა, ვის გვერდითაც ახალგაზრდები გაიზრდებიან და უფრო თამამად ითამაშებენ.
თუმცა ძნელი სათქმელია, რამდენად რეალურია, სერია A-ს შემდეგ საქართველოს ჩემპიონატში ვიხილოთ ფეხბურთელი, რომელსაც დიდი ფეხბურთის ჟინი ჯერ კიდევ არ მოუკლავს.
წყარო: lelo.ge