ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „ორდაბასს” გამარჯვება მიულოცა და თავის ფეხბურთელებს ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც ქართველმა სპეციალისტმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მიუხედავად მარცხისა, „ტორპედოს“ შანსი აქვს და ეცდება საპასუხო შეხვედრაში თამაში გამაოსწოროს.
ცნობისთვის, ჩხეტიანი ადგილობრივი ჟურნალისტების რუსულ ენაზე დასმულ კითხვებს ქართულად პასუხობდა, მიუხედავად იმისა, რომ რუსულ ენას ფლობს. სწორედ ამიტომ, რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემა თარჯიმანს მოუწია.
„უპირველეს ყოვლისა ვულოცავ „ორდაბასს“ დამსახურებულ გამარჯვებას. ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ვითამაშეთ. ჩვენთვის პატივია ევროპა ლიგაზე თამაში, მაგრამ მჯერა, შანსი ჯერ კიდევ გვაქვს და წინ მეორე თამაშია.
მეტოქეს შეეძლო უფრო მეტი გოლი გაეტანა, „ორდაბასი“ კონკურენტუნარიანი გუნდია, რომელმაც დღეს თამაშის საშუალება არ მოგვცა. ჩემი გუნდი საკმაოდ ახალგაზრდულია და ფეხბურთელებს ერთად აქამდე არ ჰქონდათ ნათამაშები, ამიტომ, მადლობელი ვარ ბიჭების და ვიმედოვნებ, რომ საპასუხო თამაშს უფრო მაღალ დონეზე ჩავატარებთ.
დიახ, ჩვენ არც ახლა გვეშინია არავის, მეტოქე არავის კლავს, ჩვენ მხოლოდ ფეხბურთს ვთამაშობთ. რა თქმა უნდა, წაგება ცუდია, მაგრამ ამ შემთხვევაში ანგარიში – მისაღები.
მეტოქე გუნდისგან ვერავის გამოვარჩევ, რადგან ზოგადად არ მიყვარს ფეხბურთელების გამოყოფა. თუმცა, ბადიბანგამ პრობლემები წარსულშიც შეგვიქმნა და დღესაც, როდესაც მოედანზე გამოვიდა ძალიან აქტიური იყო“, – თქვა ჩხეტიანმა.
შეგახსენებთ, „ტორპედოსა“ და “ორდაბასის“ საპასუხო შეხვედრა 18 ივლისს, თბილისში გაიმართება.
წყარო: worldsport.ge