შიმკენტის “ორდაბასიმ” ყაზახური ბრინჯაოთი დაიმშვენა მკერდი. “ორდაბასი” ის გუნდია, რომელსაც ქართველი გულშემატკივარი მხურვალედ ქომაგობდა მთელი ჩემპიონატის განმავლობაში. მიზეზი მარტივია – ამ გუნდის მწვრთნელი საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი დამრიგებელი კახა ცხადაძეა.
შედეგი ისეთია, “ორდაბასის” შეფობა და გულშემატკივრები უკეთესს ნამდვილად ვერ ინატრებდნენ. გუნდი, რომელსაც ბევრი ხუთეულშიც ვერ ხედავდა, მესამეა და მომავალ სეზონშიც ევროთასებზე ითამაშებს.
რა თქმა უნდა, ამ წარმატების მთავარი შემომქმედი ქართველი სპეციალისტია. ცხადაძისთვის მიმდინარე სეზონი იოლი არ ყოფილა. “ორდაბასის” მაინცდამაინც არც ფინანსურად ულხინდა და ტრავმებიც ხშირი იყო.
მეორე მხრივ, უცნაური და გაუგონარი ნამდვილად არაფერი მომხდარა. კახა ცხადაძემ ისევ შეძლო და ევროთასებზე გაიყვანა თავისი გაწვრთნილი გუნდი. ამას ის პრაქტიკულად სულ ახერხებდა სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში.
ჩვენ მიერ ქვემოთ მოყვანილი სტატისტიკური მაჩვენებელი კიდევ ერთ, მეტად მნიშვნელოვან გარემოებას უსვამს ხაზს. ცხადაძე არასოდეს მიდის უამბიციო გუნდში. მას ყოველთვის აქვს კონკრეტული მიზანი და ძალიან ხშირად აღწევს მას.
თუ სტატისტიკას გადავხედავთ, საინტერესო მიღწევას აღმოვაჩენთ – ცხადაძემ მე-12-ედ მოაპოვებინა ამა თუ იმ კლუბს ევროსაგზური, რაც მართლაც რომ შესანიშნავი შედეგია. მან ზედიზედ ორჯერ შეძლო ევროპალიგაზე გასვლა მოკრძალებულ “ორდაბასისთან” ერთად.
ვეჭვობთ, ეს მაჩვენებელი გაიზრდებოდა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხადაძეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად რომ არ ემუშავა და მართლაც დიდი სამუშაო არ ჩაეტარებინა ჩვენი ქვეყნის უპირველეს გუნდში.
აღსანიშნავია კახა ცხადაძის, როგორც მწვრთნელის მიერ მოპოვებული ტიტულები. ის ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, ერთხელ იპირველა აზერბაიჯანში, მოიგო საქართველოსა და აზერბაიჯანის სუპერთასები. გარდა ამისა, დაეუფლა თანამეგობრობის ქვეყნების ჩემპიონთა თასს.
ისღა დაგვრჩენია, სამომავლოდაც წარმატებები ვუსურვოთ საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანს და დამრიგებელს…
წყარო: lelo.ge