კვარაცხელია „ლოკომოტივს“ ტოვებს – „ორი დღის წინ ყველაფერი შეიცვალა“

434

ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც ბოლო 6 თვე იჯარით მოსკოვის „ლოკომოტივში“ გაატარა, კარიერას კვლავ რუსეთში გააგრძელებს. თუმცა, ვითარება შეიცვალა და არა „რკინიგზელებში“, არამედ – „რუბინში“.

ჯერჯერობით ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია. რუსული მედიის ცნობით, იური სიომინს კვარაცხელიას შენარჩუნება ძალიან სურდა, მაგრამ მხარეებს შორის შეთანხმება არ შედგა. ამასობაში კი, საქმეში „რუბინი“ ჩაერთო, რომელმაც როგორც მოცემული ვითარებიდან ჩანს, უკეთესი პირობები წარმოადგინა და ფეხბურთელისთვის ბრძოლაში დაწინაურდა.

„ლოკომოტივთან“ მოლაპარაკებები ჩიხში რომ შევიდა, ადასტურებს ხვიჩას მამა, ბადრი კვარაცხელიაც: „ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. რამდენიმე დღის წინ აგენტმა მომწერა, რომ „ლოკომოტივთან“ შეთანხმება შეუძლებელი იყო. ამის შემდეგ მე არავინ დამკავშირვებია“, – უთხრა ბადრიმ Sport-express-ს.

სიტუაცია რადიკალურად რომ შეიცვალა, ამას „ლოკომოტივის“ გენერალური დირექტორი ვასილი კიკნაძეც არ უარყოფს:

„ხვიჩას მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია. გვინდა გამოვისყიდოთ. ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით აგენტთან და გვჯეროდა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდებოდა, მაგრამ ორი დღის წინ რაღაც შეიცვალა. აქედან გამომდინარე არ შემიძლია დავადასტურო მისი გამოსყიდვა ან გუნდიდან წასვლა. მაქსიმუმ ორ დღეში ყველაფერი გაირკვევა“, – უთხრა კიკნაძემ Sport24.ru-ს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „რუსთავის“ საკუთრებაა, ხოლო „ლოკომოტივში“ 10 თამაშში 1 გოლის გატანა მოახერხა. რაც შეეხება „რუბინს“, ყაზანელებმა ორი დღის წინ კიდევ ერთი ქართველი, 18 წლის ზურიკო დავითაშვილი გაიფორმეს.

 

წყარო: worldsport.ge

SHARE