კვირკველია რუსეთის სუპერთასს დაეუფლა

513

საქართველოს ნაკრების მცველი სოლომონ კვირკველია რუსეთის სუპერთასის გამარჯვებულია. მოსკოვის „ლოკომოტივი“ (თასის მფლობელი) სანქტ-პეტერბურგის „ზენიტს“ (ჩემპიონი) დაუპირისპირდა და დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა.

ფიოდორ სმოლოვმა მე-6 წუთზე „რკინიგზელები“ დააწინაურა, რასაც სერდარ აზმუნმა პირველივე ტაიმში უპასუხა, ხოლო მეორე ნახევრის დასაწყისში ირანელმა დუბლი გაიფორმა და „ზენიტი“ წინ გაიყვანა. მატჩის გმირის სტატუსი კი ალექსეი მირანჩუკმა მოირგო, რომელმაც 78-ე წუთზე ჯერ გაათანაბრა, ხოლო 81-ე წუთზე დუბლი შეასრულა და გამარჯვების გოლის ავტორი გახდა.

უშუალოდ კვირკველიას არ უთამაშია, რადგან ჯერაც ტრავმას იშუშებს, რომელიც გასული სეზონის ბოლო შეხვედრაში მიიღო. თუმცა, ბუნებრივია, ტიტული მანაც მოიპოვა.

ნიშანდობლივია, რომ ახლა კვირკველიას რუსეთში ყველაფერი მოგებული აქვს, რისი მოგებაც შეიძლება – ჩემპიონობა (ერთხელ), სუპერთასი (ერთხელ) და თასი (სამჯერ, ორჯერ „ლოკომოტივში“, ერთხელ „რუბინში“). აქვე ვთქვათ, რომ “ლოკომოტივი” რუსეთის პრემიერლიგის პირველ ტურში 13 ივლისს, ყაზანის “რუბინს” დაუპირისპირდება.

წყარო: worldsport.ge

SHARE