კობი ბრაიანტის დაღუპვის დღის დეტალური ქრონოლოგია – წლის ტრაგედიის ახალი დეტალები

669

გაზეთმა „ლოს ანჯელეს თაიმსმა“ „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ლეგენდის კობი ბრაიანტის ვერტმფრენის დაღუპვის დღეს გავრცელებული ტექსტური შეტყობინებების სერია გამოაქვეყნა. მიმოწერაში მონაწილეობდნენ რეისის კონტროლიორი, პილოტ არა ზობაიანის შეყვარებული, თავად პილოტი და სხვა ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ დანიშნულების ადგილას ბრაიანტის ტრანსპორტირებაზე. ისინი განიხილავდნენ ამინდსა და ფრენის პირობებს. ამ მიმოწერის გამოქვეყნებამ უფრო მკაფიო გახადა ლეგენდარული კალათბურთელის ტრაგიკული დაღუპვის სურათი.

კომპანია OC Helicopters-ის თანამშრომელმა პატი ტეილორმა ჯგუფური ტექსტური შეტყობინება გააგზავნა სამუშაო ჩათში. ის კობის რეისის ორგანიზებასა და დანიშნულების ადგილზე ჩასვლისას სახმელეთო ტრანსპორტზე იყო პასუხისმგებელი.

„ხვალ კარგი ამინდი იქნება?“ – იკითხა ტეილორმა.

„ახლახან შევამოწმე პროგნოზი. ხვალ არ არის საუკეთესო დღე, მაგრამ არც ისე ცუდი დღევანდელთან შედარებით“, – უპასუხა 50 წლის პილოტმა არა ზობაიანმა.

გაზეთ „თაიმსის“ ინფორმაციით, ზობაიანს ამ მარშრუტით ბრაიანტთან ერთად მინიმუმ 10-ჯერ უფრენია.

ტეილორი: „არსებობს პრობლემა ფრენისთვის რეკომენდებული ამინდის მხრივ“.

ზობაიანი: „გასაგებია. ამინდზე რეკომენდაციას დილით ადრე გავცემ“.

ზობაიანის შეყვარებულმა ტეს დევიდსონმა გამოძიებას აცნობა, რომ ფრენასთან დაკავშირებით პილოტზე ზეწოლა და დაძალება არასოდეს ყოფილა. ტეილორმა განაცხადა, რომ ბრაიანტთან ერთად ფრენები ხშირად გადადებულა ან გაუქმებულა ამინდის გამო. ტესის თქმით, ბრაიანტს არ მოსწონდა, როცა „არას“ ეუბნებოდნენ, მაგრამ კომპანიაში ამას ხშირად აკეთებდნენ უსაფრთხოების გამო.

Island Express-ის ყოფილმა პილოტმა კურტ დიტცმა, რომელსაც ბრაიანტთან ერთად უფრენია, გამომძიებლებს უთხრა, რომ კობი ამინდთან დაკავშირებული საფრთხეების შეფასებას მუდმივად პილოტს ანდობდა, რადგან კალათბურთელს მიაჩნდა, რომ ამ დროს პილოტი თავის სამუშაოს ასრულებდა.

2020 წლის 26 იანვარს, დილის რვის ნახევარზე ზობაიანმა შეტყობინება გაგზავნა: „როგორც ჩანს, კარგი ამინდია“. დაახლოებით ერთ საათში ტეილორმა უპასუხა: „თითქოს, ყველაფერი წესრიგშია“. კომპანია OC Helicopters-ის მფლობელმა რიკ უებმა დაწერა: „მე თანახმა ვარ“.

„ვფრინდებით“, – დაწერა ტეილორმა 9:06-ზე, როცა ვერტმფრენმა Sikorsky S-76B-მ სანტა-ანში ჯონ უეინის აეროპორტი დატოვა.

„აქ მცირე წვიმა დაიწყო“, – დაწერა 9:33-ზე აეროპორტ კამარილიოში (რეისის ბოლო დანიშნულების პუნქტი) ბრაიანტის ერთ-ერთმა მძღოლმა.

„ჩვენ ავდივართ 4000 მეტრ სიმაღლეზე“, – უთხრა ზობაიანმა 9:44-ზე ავიადისპეტჩერს. მან მიუთითა, რომ ძლიერი ნისლის პირობებში ღრუბლების ზემოთ დაფრინავს.

„რის გაკეთებას აპირებ, როცა ამ სიმაღლეს მიაღწევ?“ – იკითხა ავიადისპეტჩერმა. პასუხი არ იყო და კითხვა რამდენჯერმე განმეორდა. პასუხი ისევ არ გაისმა. ვერტმფრენი 9:45-ზე დაიღუპა.

„დაეშვნენ?“ – დაფრენის დაგეგმილი დროიდან სამი წუთის შემდეგ ჰკითხა რეისის ორგანიზატორმა კამარილიოს აეროპორტში მყოფ მძღოლს.

„ჯერ არა“, – უპასუხა მძღოლმა.

10:02-ზე ტეილორმა გაგზავნა შეტყობინება: „არა, ყველაფერი წესრიგშია?“

სწორედ ამ დროს გაიღვიძა ზობაიანის შეყვარებულმა და პილოტს შეტყობინება მისწერა, რაც წყვილისთვის ნორმა იყო. მესიჯი ადრესატამდე არ მისულა.

მოწმე ქალმა ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნულ საბჭოს განუცხადა, რომ „ნულოვანი ხილვადობა იყო იმ წერტილში, რომელშიც ვერტმფრენი დაბალ ღრუბლებში მიიმალა“. მან უცნაურად მიიჩნია, რომ ისინი „ბორცვებთან ასე ახლოს პირდაპირ ღრუბლებისკენ გაფრინდნენ“.

მეორე მოწმემ ასეთი ჩვენება მისცა: „ჩვენ გვესმოდა, რომ ვერტმფრენი ნორმალურად მიფრინავდა, მაგრამ ვერ დავინახეთ ის, რადგან დიდი ნისლი და მოღრუბლულობა იყო. გავიფიქრე, რატომ დაფრინავს ვერტმფრენი ასე დაბალა ძალიან ცუდ მეტეოროლოგიურ პირობებში. უეცრად აფეთქების მძლავრი ხმა გავიგონეთ“.

„ლოს ანჯელეს თაიმსმა“ ასევე დაწერა, რომ პილოტი ზობაიანი, სავარაუდოდ, ფიქრობდა, რომ ზემოთ ადიოდა იმ დროს, როცა, რეალურად, მისი ვერტმფრენი დაბლა ეშვებოდა. პილოტმა, შესაძლოა, არასწორად შეაფასა სატრანსპორტო საშუალების დახრის კუთხეები. წყაროს მონაცემებით, როცა პილოტი არასწორად აფასებს სიმაღლესა და აჩქარების პროცესს, იქმნება ერთგვარი ილუზია, რომელმაც შეიძლება სივრცული დეზორიენტაცია გამოიწვიოს.

მალე უნდა გავრცელდეს გამომძიებლების ოფიციალური საბოლოო ანგარიში, თუ რა მოხდა სინამდვილეში იმ დღეს. მაგრამ კობი ბრაიანტის ტრაგიკული დაღუპვის სურათი უფრო მკაფიო ხდება. შესაძლოა, არა ერთმა, არამედ რამდენიმე ფაქტორმა გამოიწვია ეს კატასტროფა.

წყარო: lelo.ge

SHARE