კორონავირუსი ძიუდოისტებსაც დაერია

535

ახალი შტამის კორონავირუსმა ძიუდოშიც შემოაღწია: „ჯუდო ინსაიდის“ ცნობით, ვირუსი დაუდასტურდა პორტუგალიელთა მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონ ჟორჟე ფონსეკას (100) და ქალთა ნაკრების წევრ ვილსა გომესს (57). მათ უკვე დატოვეს კოიმბრაში მიმდინარე შეკრება. მათთან ერთად იზოლაციაში გაუშვეს ცხრა ძიუდოიოსტი, რომლებსაც, მართალია, ვირუსი არ დაუდასტურდათ, თუმცა ახლო კონტაქტი ჰქონდათ ზემოაღნიშნულ ფალავნებთან და იქაურმა ფედერაციამ სიფრთხილის აუცილებელ ღონისძიებებს მიმართა.

ამ ვირუსით მსოფლიოს მასშტაბით უკვე 11 მილიონზე მეტი ინფიცირებულია, თუმცა მათ შორის სპორტსმენთა წილი მცირეა, ამ სიაში კი ტიტულოვანი ძიუდოისტები პირველად მოხვდნენ.

იმედია, ფონსეკა ამ ვირუსსაც იოლად მოერევა, რადგან მან გაცილებით უფრო ვერაგი დაავადება – კიბო დაამარცხა. ეს საშინელი დიაგნოზი მას რამდენიმე წლის წინ დაუსვეს, თუმცა დროული და ზუსტი მკურნალობით შეძლო დაავადებაზე გამარჯვება. გვინეის ყურის კუნძულოვან სახელმწიფო სან ტომე და პრინსიპიდან პორტუგალიაში გადაბარგებულმა ათლეტმა შარშან დიდი გამარჯვება უკვე ტატამზეც მოიპოვა, როცა ყველასათვის მოულოდნელად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. თანაც, ეს ძიუდოს სამშობლო ტოკიოში შეძლო. აღსანიშნავია, რომ ის პორტუგალიელთა პირველი მსოფლიოს ჩემპიონია ძიუდოში. ბარემ აქვე ისიც ვთქვათ, რომ გომეშიც ნატურალიზებულია – ასევე აფრიკული კაპო ვერდედან, ხოლო პორტუგალიას სამი წლის წინ მიაშურა და შარშან რუსულ იჟევსკში 23-წლიანებში ევროპული ბრინჯაოც მოიპოვა.

სამწუხაროდ, ინფიცირების შემთხვევები კიდევ უფრო ამცირებს საერთაშორისო სეზონის განახლების შანსებს, რასაც ისედაც არ უჩანდა დიდად სახარბიელო პირი.

წყარო: lelo.ge

SHARE