ამ წერილს ალბათ ბევრი ინტერესით წაიკითხავს. მასში მოგითხრობთ იმ ვარსკვლავებზე, რომლებმაც არად ჩააგდეს პატიმრობა, დაუბრუნდნენ ფეხბურთს და ისევ თქვეს თავიანთი სიტყვა სპორტის ნომერ პირველ სახეობაში…
რენე იგიტა
ყველას გახსოვთ ეს შესანიშნავი კოლუმბიელი გოლკიპერი. ის დღემდე რჩება მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე ექსტრავაგანტურ მეკარედ. “მორიელის დარტყმის” შემსრულებელმა ციხეში 7 თვე გაატარა და თანაც, საკმაოდ სერიოზული მიზეზით – ბრალად ედებოდა მონაწილეობა ადამიანის გატაცებაში.
ეს მოხდა 1993 წელს. იმ პერიოდში ადგილი ჰქონდა დიდ გარჩევას ორ უმდიდრეს კოლუმბიელ ნარკობარონს, პაბლო ესკობარსა და კარლოს მოლინას შორის. შედეგად, მოიტაცეს მოლინას ქალიშვილი. იგიტას ახლო ურთიერთობა აკავშირებდა მოლინასთან და მან გამტაცებლებს პირადად გადასცა გამოსასყიდი თანხა. შემდეგ გაირკვა, რომ თავად მეკარემ 64 ათასი დოლარი აიღო. მოგვიანებით, ლეგენდარულმა მეკარემ თქვა, რომ მან არ იცოდა, თუ დანაშაული ჩაიდინა, თუმცა მისი ეს არგუმენტი საკმარისად არ მიიჩნიეს.
იგიტა ციხიდან 1994 წელს გამოვიდა. მალე ისევ მიიწვიეს კოლუმბიის ეროვნულ ნაკრებში. ერთი წლის შემდეგ კი, ინგლისთან ამხანაგურ მატჩში, მან “მორიელის დარტყმა” შემოგვთავაზა, რომელიც სამუდამოდ შევიდა ფეხბურთის ისტორიაში.
სტიგ ტოფტინგი
შესაძლოა, ზოგიერთ თქვენგანს ახსოვს კიდეც ეს ფეხბურთელი. მან რამდენიმე წლის განმავლობაში ითამაშა “ჰამბურგის” შემადგენლობაში. გარდა ამისა, იყო დანიის ეროვნული ნაკრების წევრი და ბურთი მსოფლიოს ჩემპიონატზეც გააგორა.
ტოფტინგი ძალიან უხეში ფეხბურთელი გახლდათ. მან დანიის ნაკრების ერთ-ერთ ვარჯიშზე ტრავმა მიაყენა თანაგუნდელ იესპერ გრონკიაერს, მერე კი თქვა, რომ ამის გაკეთება არ უნდოდა და მხოლოდ… იხუმრა.
დანიის ნაკრები მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატს რომ გამოეთიშა, სამშობლოში დაბრუნდა და კოპენჰაგენის ერთ-ერთ ფეშენებელურ რესტორანში შეიკრიბა. იქ ტოფტინგს რაღაც არ მოეწონა და რესტორნის მენეჯერს რამდენჯერმე ჩაარტყა თავი.
ვინაიდან შარიან ფეხბურთელს უკვე ჰქონდა სიტყვიერი გაფრთხილება, მას ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. შეიტყვეს თუ არა ეს ინგლისური “ბოლტონის” ხელმძღვანელებმა, ტოფტინგს უმალ გაუწყვიტეს კონტრაქტი.
ციხიდან გამოსვლის შემდეგ 33 წლის დანიელმა ბუცები ლურსმანზე არ ჩამოკიდა. ის ჯერ ჩინეთში წავიდა სათამაშოდ, მერე კი ორ დანიურ კლუბში გააგორა ბურთი და ქვეყნის თასიც მოიგო. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მან ბედი შერეულ ორთაბრძოლებშიც სცადა…
ბრენო
2011 წლის 20 სექტემბერს მიუნხენის “ბაიერნის” ცენტრალური მცველი, ბრაზილიელი ბრენო, საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას დიაგნოზად გაზით მოწამლვა დაუდგინეს. ამაში გასაკვირი არც არაფერი იყო. ბრენოს სახლი მიუნხენში მთლიანად დაიწვა. თავიდან სამხრეთამერიკელს ყველა თანაუგრძნობდა, მაგრამ…
მის მიმართ დამოკიდებულება მას შემდეგ შეიცვალა, რაც გაცხადდა, რომ ბრენომ თავად დაწვა სახლი ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში. სასამართლოს მიმდინარეობისას კი კიდევ უფრო უარესი გაირკვა – როგორც აღმოჩნდა, ბრაზილიელმა ეს შეგნებულად გააკეთა, რათა საკმაოდ სერიოზული თანხა – მილიონ-ნახევარი ევრო მიეღო.
მას სერიოზული სასჯელი დააკისრეს – 3 წელი და 9 თვე. ბრენომ საპყრობილე ერთი წლით ადრე დატოვა. ის დაბრუნდა ფეხბურთშიც და 2 წელი ითამაშა “ვასკო და გამაში”. 2018 წელს კლუბმა მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება აღარ მოისურვა და ბრენო ამჟამად უკლუბოდაა.
ჯოი ბარტონი
ფეხბურთელი, რომელიც გამუდმებით არღვევდა კანონს. რა თქმა უნდა, ჩვენ მის ყველა კანონდარღვევას ვერ ჩამოვთვლით და დავწერთ მხოლოდ მათზე, რის გამოც ის ციხეში გაუშვეს. 2007 წლის 1 მაისს 25 წლის ჯოი ბარტონმა გალახა თანაგუნდელი “მანჩესტერ სიტიში” – უსმან დაბო. ეს უკანასკნელი საავადმყოფოში მოხვდა.
საქმის განხილვა გვარიანად გაიწელა. სასამართლოს ერთმა ინსტანციამ დაბო გაამართლა, მეორემ კი პირიქით – გაამტყუნა. ამასობაში, მოჩხუბარი ინგლისელი ახალ სკანდალში გაეხვია. 2007 წლის დეკემბერში ბარტონი ბართან ახლოს თავს დაესხა მოქალაქეს და 12 დარტყმა მიაყენა მას, რის გამოც საბრალომ გრძნობა დაკარგა. მას 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა ორ თვეში გამოუშვეს. ბარტონი მალევე დაუბრუნდა ფეხბურთს და არაერთი გუნდი მოიარა.
მას ამ ინციდენტის შემდეგ აღარასოდეს უთამაშია “მანჩსტერ სიტიში”, მაგრამ მაშინვე გააფორმა კონტრაქტი” “ნიუკასლთან”. ამ ამბის შემდეგ მისი კარიერა მთელი 10 წლის განმავლობაში გაგრძელდა.
ჯერმეინ პენანტი
დიდი ტალანტი “არსენალმა” შენიშნა და 1999 წელს აიყვანა კიდეც, მაგრამ… სულ მალე გაირკვა, რომ ჯერმეინ პენანტსაც პრობლემები ჰქონდა ალკოჰოლთან, ასევე დისციპლინასთან. ამის გამო ის “ბირმინგემში” გაუშვეს. იქ ყოფნისას პენანტი კიდევ ერთხელ მიუჯდა მთვრალი საჭეს. პოლიციამ ისევ დააკავა და ერთი თვით ციხეში ჩასვა.
გარკვეული ხნის განმავლობაში პენანტი სპეციალური სამაჯურით გადაადგილდებოდა, რომელიც პოლიციას მის ადგილსამყოფელს ამცნობდა. ამის შემდეგ ფეხბურთელმა არაერთ კლუბში ითამაშა, ბოლოს კი ისევ სკანდალში გაეხვია – როგორც აღმოჩნდა, მისი ცოლი ქმართან ინტიმური ცხოვრების პირდაპირ ტრანსლაციას აწარმოებდა და ამაში ფულს იღებდა…
დანკან ფერგიუსონი
მისი შემთხვევა მართლაც რომ უნიკალურია. დანკან ფერგიუსონმა სასჯელი მიიღო უშუალოდ… მინდორზე მომხდარისთვის. 1994 წლის 8 აპრილს “რეინჯერსის” ფორმით ის თითქოს ერთ-ერთ რიგით შეხვედრას ატარებდა, როცა მოწინააღმდეგის თავდამსხმელს თავური უთავაზა. ეს იყო მესამე შემთხვევა. ფერგიუსონი სამი თვით ჩასვეს ციხეში და მან სასჯელი ბოლომდე მოიხადა.
ციხიდან გათავისუფლების შემდეგ დანკანი ფეხბურთში დარჩა, მაგრამ შოტლანდიის ნაკრებში თამაშს თავი დაანება. ის უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ ციხე არ აკმარეს და 12-მატჩიანი დისკვალიფიკაციაც მიუსაჯეს. საკლუბო კარიერა კი აშკარად გამოუვიდა – ლამის 10 წელი ითამაშა “ევერტონში”.
ტონი ადამსი
“არსენალის” კაპიტანსა და ცოცხალ ლეგენდას ყოველთვის ძალიან დიდი პრობლემა ჰქონდა ალკოჰოლთან. რომ არა არსენ ვენგერი, ის ცხოვრებისეულ სირთულეებს ვერ გადალახავდა. ეს სოლიდურ საფეხბურთო ასაკში მოხდა, მანამდე კი ტონი ისე “უბერავდა”, როგორც სურდა…
1990 წელს ადამსი კედელს შეეჯახა თავისი მანქანით. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მას დასაშვებზე 4-ჯერ მეტი ალკოჰოლი ჰქონდა მიღებული. საქმეს რამდენიმე ხნის განმავლობაში იხილავდნენ. საბოლოო ჯამში ადამსს 4-თვიანი ციხე შეუფარდეს. ის ორ თვეში გამოვიდა ციხიდან.
მოგვიანებით, ვენგერის რჩევით აიყვანა ფსიქოლოგი და სამუდამოდ განიკურნა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ წლების განმავლობაში იყო “არსენალის” ლიდერი. ამ გუნდთან ერთად ორჯერ მოიგო პრემიერლიგა, “ემირეითსზე” კი ძეგლიც დაუდგეს.
ედუარდ სტრელცოვი
ბრწყინვალე რუსი ფეხბურთელი, ვინც 20 წლისა მოხვდა “ოქროს ბურთის” მაძიებელთა სიაში, 21 წლისას კი ბრალად დასდეს 3 გოგონას გაუპატიურება. ედუარდ სტერლცოვს 12 წელი მიუსაჯეს. მან კოლონიაში ხუთი წელი გაატარა და მერე საბჭოთა ლიდერის, ლეონიდ ბრეჟნევის პირადი ინიციატივით გათავისუფლდა. მაშინ ის 28 წლის იყო. დაბრუნდა მოსკოვის “ტორპედოში” და ორჯერ გახდა საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელი.
წყარო: lelo.ge